ადვოკატის ინფორმაციით, შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედისგან შეიტყო, რომ ბექა ლატარია და მეტსახელად "ჭია" წარსულში თანამესაკნეები იყვნენ, თუმცა ახლა რაიმე კავშირი არ არსებობს - კვირის პალიტრა

ადვოკატის ინფორმაციით, შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედისგან შეიტყო, რომ ბექა ლატარია და მეტსახელად "ჭია" წარსულში თანამესაკნეები იყვნენ, თუმცა ახლა რაიმე კავშირი არ არსებობს

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

როგორც შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას ადვოკატი გიორგი ლაღიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი უკანონო და დაუსაბუთებელია.

"საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთელი, ვინაიდან პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა და შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა არა პროკურატურის, არამედ ჩვენი მოთხოვნა, უნდა დაეტოვებინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

ვინაიდან საქალაქო სასამართლომ ეს არ გააკეთა, მან გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მე დღეს ეს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში, წინასწარვე გეტყვით, რომ აღკვეთს აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში", - აღნიშნავს ლაღიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაშა ბარათელის, მეტსახელად "ჭიასგან" მიიღო ბექა ლატარიამ შატალოვას ლიკვიდაციის დავალება, ლაღიძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და დავალებასაც ვერ მიიღებდა.

"მე დედამისისგან გავიგე დღეს, რომ ისინი წარსულში ყოფილან თანამესაკნეები. შესაბამისად, ახლა რაიმე კავშირი მათ შორის არ არსებობს", - აღნიშნავს ლაღიძე და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, მეტსახელად "ჭია" საქართველოში არ იმყოფება.

კითხვაზე, თუ რატომ დააკავეს ბექა ლატარია და რა ინტერესი ჰქონდათ, ლაღიძე განმარტავს, რომ შესაძლოა, მისი "წარსულიდან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ის დაბალი ღობეა".

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარსულში ნასამართლევია, მათ შორის, სოხუმის ციხეშიც იჯდა, თავისი წარსულიდან გამომდინარე, მას პირობითი სასჯელიც ჰქონდა და ალბათ, აქედან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ეს არის დაბალი ღობე და წაუყენეს ბრალი ამ დანაშაულისთვის ",- აღნიშნავს ლაღიძე.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"