"ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო პროცესები ჩანიშნონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როგორ მიიღო შხაპი და ამ დროს სარკმელთან რატომ იყო" - კვირის პალიტრა

"ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო პროცესები ჩანიშნონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როგორ მიიღო შხაპი და ამ დროს სარკმელთან რატომ იყო"

"ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის, ე.წ. პიჯაკების და საზღვრის კვეთის საქმეებზე პროცესები ჩანიშნონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როგორ მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი არის კომიკური", - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვით სააკაშვილმა აქციაზე შეკრებილებს საშხაპიდან მიმართა და შინაგანაწესი დაარღვია.

ადვოკატის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამწარდა, რომ სააკაშვილის გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია ვერ მოახდინა, რის გამოც "პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა ღონისძიებები მიეღოთ".

"რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ, სასაცილო სიტუაციაა, საპატიმროში მყოფი მესამე პრეზიდენტი მიესალმა მომხრეებს, ამაზე გენინსპექციის მოკვლევის დაწყება სრულიად არასერიოზულია. პენიტენციურ სამსახურს წარმოაჩენენ როგორც ტყვეთა ბანაკს, სადაც არ შეიძლება ადამიანი მიუახლოვდეს სარკმელს და მიმართოს მომხრეებს", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება აღნიშნული დარღვევის გამო სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებას, ბასილაიას განმარტებით, ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, "შესაბამისად არ არის გამორიცხული დამატებითი შეზღუდვები დააწესონ, ან მიხეილ სააკაშვილს დაბრკოლებები შეუქმნან".

"ეს ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, შესაბამისად დამატებითი შეზღუდვები რომ დააწესონ, ან მიხეილ სააკაშვილს დაბრკოლებები შეუქმნან ვერ გამოვრიცხავთ, სამართლებრივი ჩარჩოდან გასულები არიან და ღარიბაშვილს მორალური საზღვრები მორღვეული აქვს", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.