"სამართალდამცავებმა 50-კაციანი დაჯგუფება გაანეიტრალეს "სოხუმი-ქუთაისის კლანიდან“ - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? - კვირის პალიტრა

"სამართალდამცავებმა 50-კაციანი დაჯგუფება გაანეიტრალეს "სოხუმი-ქუთაისის კლანიდან“ - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სუმსკის ოლქში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალური დაჯგუფება გაანეიტრალეს, რომელიც 50 ადამიანისგან შედგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

მათი ინფორმაციით, ბოროტმოქმედები კოორდინაციაში იყვნენ „კანონიერ ქურდებთან, ე.წ. სოხუმი-ქუთაისის კლანიდან, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიიდან.

უწყების ცნობით, დაჯგუფების წევრები ცდილობდნენ დანაშაულებრივი გავლენის გავრცელებას უკრაინის რამდენიმე რეგიონში მცხოვრებლებზე, რისთვისაც მათ შექმნეს ქსელის განშტოებები.

„ისინი აშინებდნენ მოქალაქეებს, ატერორებდნენ მეწარმეებს და მათ ფულს სძალავდნენ. დაზარალებულების მიმართ კრიმინალები იყენებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. მიღებული თანხები დაჯგუფების ლიდერების მიერ მიმართული იყო ე.წ. ქურდული სალაროს შესავსებად.

გარდა ამისა, ბოროტმოქმედები იყენებდნენ მიღებულ შემოსავალს მსჯავრდებული მომხრეების დასახმარებლად თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ასევე იქ დანაშაულებრივი გავლენის გასავრცელებლად.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ კავშირგაბმულობის საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრონული საბანკო ბარათები და სხვა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"