"მიხეილ სააკაშვილის სართულზე ციხის ფანჯრები ჩაკეტეს და დაბურეს, ხოლო ადვოკატების გარდა, სხვა პირებს სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალათ" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის სართულზე ციხის ფანჯრები ჩაკეტეს და დაბურეს, ხოლო ადვოკატების გარდა, სხვა პირებს სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალათ"

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის სართულზე რემონტი ჩაატარა და ციხის ფანჯრები დაბურა იმ მიზნით, რომ მხარდამჭერებმა სააკაშვილი გარედან ვეღარ დაინახონ.

ამასთან, როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა პირს, გარდა ადვოკატებისა, ციხიდან სააკაშვილის წერილების გამოტანა აეკრძალა. კობა ნაყოფიას შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, უკვე სააკაშვილის კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია, შესაბამისად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან, "პანიკაში ჩავარდებიან".

"ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს ზარების განხორციელების უფლება და მისი ხმის ეშინიათ. ახლა, ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც ვერცერთმა მისმა მომხრემ ვერ ნახოს, ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

მასთან მიმსვლელ პირებს უკვე წერილსაც არ ატანენ, გაგვაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და იგზავნება მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები იქნება ფოსტა, ან ადვოკატები. პარლამენტის წევრი, ექიმი ან ოჯახის წევრი, რომელიც მასთან შევა წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს. გასაგებია, რომ მისი ხმის ეშინიათ და პროცესები გადადეს, რომ ხალხმა ვერ დაინახოს, თვითონ ხუმრობს ხოლმე თავის კალიგრაფიაზე და ახლა უკვე მისი კალიგრაფიით დაწერილი წერილისაც ეშინია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. წარმოიდგინეთ რა პანიკაში იქნებიან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა რომ დაუშვან", - აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

"გარდა იმ სიისა, რა სიაც მას კონსილიუმმა მიაწოდა, სააკაშვილი არაფერს ღებულობს. იღებს პრეპარატებს და სითხეს. ამ სიაში ნამდვილად არ არის ქაბაბი და ხინკალი", - როგორც მან აღნიშნა, 26 დღეში ადამიანს შიმშილობა რომ დაეტყობა ეს ბუნებრივია, მაგრამ ძალიან მხნედ არის.

"პოლიტიკურ ფორმას ის ნამდვილად ინარჩუნებს. გუშინ კობახიძემ ისაუბრა ჭამსო და მსგავს რაღაცებზე, უკვირთ ამდენი დღე ადამიანი ასე რომ ძლებს.

გარდა იმ სიისა, რა სიაც მას მიაწოდა კონსილიუმმა არაფერს არ ღებულობს. ამ სიის შემადგენლობაში შედის ისეთი რამ, როგორიც არის კალიუმი, ფოსფორი და ა.შ. პრეპარატები და სითხე არის, რასაც ის ღებულობს. გარდა ამისა მიხეილ სააკაშვილი არაფერს არ ღებულობს. ამ სიაში ნამდვილად არ არის არც ქაბაბი და არც ხინკალი. ამავე დროს იქ, სადაც სააკაშვილი იმყოფება ყველგანაა კამერები, საპირფარეშოშიც კი. ასევე, ყველგან აყენია ხმის ჩამწერი კამერები. ასე რომ, მისი გადაადგილება სრულად კონტროლდება ციხის ტერიტორიაზე. ძალიან კარგად იციან რას მიირთმევს და რას არ მიირთმევს სააკაშვილი. თუ ასეთი რაიმე აქვთ შეუძლიათ გამოაქვეყნონ და გვაჩვენონ, თუ ის რამეს ჭამს", - განაცხადა ნაყოფიამ.