"დავათვალიერეთ ვიდეოკამერები, ვიდეოჩანაწერები არ აქვთ" - რას აცხადებს კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"დავათვალიერეთ ვიდეოკამერები, ვიდეოჩანაწერები არ აქვთ" - რას აცხადებს კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის ადვოკატის, ელგუჯა ჩხაიძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ კამერებში ჩარკვიანის კლინიკაში ყოფნის პერიოდი ასახული არ არის.

ადვოკატი ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ მოხდა პაციენტის კლინიკაში ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრების წაშლა, რის გამოც მათ ექსპერტიზა მოითხოვეს.

ამასთან, როგორც ჩხაიძე განმარტავს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულებულა და მომდევნო ჯერზე ისინი იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც 20 წლის ფეხბურთელი მკურნალობას გადიოდა.

ჩხაიძის თქმითვე, ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირის განმავლობაში დერეფანში ჰყავდათ, რა დროსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

"გამომძიებელი და პროგრამისტი იყვნენ, დავათვალიერეთ ვიდეოკამერები, ვიდეოჩანაწერები არ აქვთ, რა პერიოდიც ჩვენ გვაინტერესებს, ჩანაწერები არ აქვთ გაკეთებული. ოქმში შენიშვნა შევიტანეთ მოთხოვნით, რომ ექსპერტიზა ჩატარდეს, ხომ არ იყო ჩაწერილი და შემდეგ ხომ არ წაშალეს. შემოყვანის დღიდან გაწერის დღემდე პერიოდი გვაინტერესებს, ეს პერიოდი ჩანაწერში არ არის. ჩვენ მხოლოდ იმ ოთახში შეგვიყვანეს, სადაც სერვერები დგას და ჩაწერა ხორციელდება, ადმინისტრაცია ამბობს, რომ კამერებთან დაკავშირებით ხელშეკრულება ახალი გაფორმებული აქვთ და ახლა მონტაჟდება, ამბობენ, მაშინ ჩაწერა არ ხორციელდებოდაო. როგორც მოგახსენეთ, ექსპერტიზას ვითხოვთ, ხომ არ მოხდა ჩანაწერების წაშლა.

დღეს გვინდოდა დათვალიერება, მაგრამ არ შეგვიშვეს - ვახტანგ ჩარკვიანი შემოყვანისას სადღაც დერეფანში ჰყავდათ ერთი კვირა, შემდეგ აიყვანეს პალატაში. ზუსტად იმ პერიოდში გართულდა დაავადება, ანუ მაშინ, როცა ის დაბლა იყო. ეჭვი გვაქვს, სწორედ იმ პირველ დღეებში გაუარესდა ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა. მაშინ მისი ოჯახის ყველა წევრი კოვიდსასტუმროში იყო, ისინი ვერ აქცევდნენ ყურადღებას და არ ვიცი, ამათ რა იფიქრეს.

შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები ისევ კლინიკაში იქნება, გამომძიებელი შემოვა და დავათვალიერებთ იმ ადგილს, სადაც ჩარკვიანი პირველად შეიყვანეს, ანუ სად გაატარა პირველი დღეები. ის პალატაში, სადაც წესით ავადმყოფი უნდა იყოს, არ იყო, ასევე დავათვალიერებთ აპარატურას, რომელზეც შეერთებული იყო, აპარატურაზე გვითხრეს, რომ მახსოვრობა არ აქვს, ვნახავთ", - განაცხადა ჩხაიძემ.