"სააკაშვილთან შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ხორციელდება აუდიოჩაწერა, იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია დაცული ყოფილიყო, წერილობით ვეკონტაქტებოდით, დღეს კი ეს სივრცე ამოქოლეს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილთან შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ხორციელდება აუდიოჩაწერა, იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია დაცული ყოფილიყო, წერილობით ვეკონტაქტებოდით, დღეს კი ეს სივრცე ამოქოლეს"

"წარმოუდგენელი რამ ხდება, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს დაცვის უფლება, ვინაიდან ადვოკატებს მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა აღარ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, შეხვედრების ოთახში ახლად ჩატარებული რემონტის შემდეგ სივრცე, რომლითაც ადვოკატებს სააკაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, ამოქოლილია.

"მოგეხსენებათ, რომ მისი და ჩვენი შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და ხორციელდება ასევე აუდიოჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, არ იყო ბარიერი და არ იყო ბოლომდე ამოვსებული. დღეს როდესაც შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც ამოქოლილი იყო, ანუ ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე, რომ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია და ყველა კომუნიკაცია გაკონტროლდეს ხელისუფლების მხრიდან. მეორეც, უბრალოდ, გართულდეს კომუნიკაცია. ადამიანი 27-ე დღეა შიმშილობს, ბუნებრივია, დასუსტებულია და ხმის გაგონებაც კი რთულია, თუ ხმამაღლა არ იყვირე დღეს არსებული რეალობით. თან სასაცილო არგუმენტი დაგვახვედრა ციხის ადმინისტრაციამ, რომ თურმე კოვიდის გამო ააშენეს ეს ბარიერი. ამას გვეუბნება ხელისუფლება, რომელიც თავად აორგანიზებს ძალიან მრავალრიცხოვან აქციას, ამას გვეუბნება ციხის ადმინისტრაცია, რომელმაც ამ ბარიერის ნაწილად, ხმა რომ ბოლომდე არ დახშულიყო, შუაში ბადე გააკეთა. ბადე რომ კოვიდს ვერ შეაკავებს, ყველასთვის ცხადია", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა, რაც მისივე შეფასებით, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მას ვერ გაეწევა.

"ბუნებრივია, ის არის დასუსტებული და შესაბამისად, შიმშილობა გადასულია იმ ფაზაში, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს მისი მდგომარეობა და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. შესაბამისი გუნდი კი მზად უნდა იყოს ამ ჩარევისთვის. ეს ჩარევა ფიზიკურად ვერ მოხდება #12-ე დაწესებულებაში და უნდა მოხდეს შესაბამის კლინიკაში, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა, რომელიც არ ასრულებენ რეალურად კონსილიუმის რეკომენდაციას და წირავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატისთვის ქვეყანაში შემოშვების უფლების შეზღუდვაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედებები სასაცილოა.

"გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი არ შემოუშვეს საქართველოში და ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელმაც ზარ-ზეიმით გავრილოვი და პოზნერი შემოიყვანა ქვეყანაში, ასევე ადამიანებს, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ უშვებენ სახელმწიფო საზღვარზე რუსეთის ფედერაციიდან, მაგრამ არ უშვებენ ადვოკატს, რომელიც მოდიოდა მისი უფლებების დაცვისთვის. სასაცილო რამ ხდება - ყოველდღე გვაკვირვებს ხელისუფლება, რადგან მათ პირობებში ვერ გავიგეთ სად არის ფსკერი და როგორ შეიძლება ყოველდღე დაბლა ჩასვლა. ამის ახსნა მიჭირს. თან ნიშანდობლივია, რომ ამას უკრაინასთან მიმართებაში აკეთებენ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. უკრაინის მოქალაქეებს, რადას დეპუტატებს, ადვოკატებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ ქვეყანაში. ეს არის მარტივი გამოხატულება, რომ უკრაინა კი არ არის მეგობარი თავისი ღირებულებებით, პროდასავლური ორიენტაციით, არამედ კრემლი და პუტინი მათი ინტერესები არის მხოლოდ და მხოლოდ თანხვედრაში", - განაცხადა საძაგლიშვილმა.