შსს ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, რატომ ეთქვა სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატსა და ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი - კვირის პალიტრა

შსს ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, რატომ ეთქვა სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატსა და ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს, რატომ ეთქვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი.

"ინტერპრესნიუსი" უწყებისგან შესაბამის განცხადებას უკვე მეორე დღეა ელოდება, თუმცა შსს-ში კომენტარი დღესაც არ კეთდება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, საქართველოში შესვლაზე უარი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს. მისივე თქმით, ბორტგამცილებელმა მას "დეპორტირებული მგზავრი" უწოდა.

იგივეს აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომლის თქმითაც, საქართველოში შესვლაზე უარის თქმისა და დეპორტაციის მიზეზი მისთვის არავის განუმარტავს. გორდონის შეფასებით, რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

"ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია ვარ", - განაცხადა გორდონმა საქართველოდან დეპორტაციის შემდეგ.