ჯაშუშური ეპოპეა გრძელდება - კვირის პალიტრა

ჯაშუშური ეპოპეა გრძელდება

ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვინც უნდა იყოს ჯაშუში: რეპორტიორი, ჟურნალისტი თუ მინისტრი, რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს. თუმცა სხვა საკითხია, რეალურია თუ არა ეს ყველაფერი.

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა  ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე ("პრაიმ-თაიმის" ფოტორეპორტიორი) და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) 6 ივლისს დააკავა.

ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარით მოქმედი ორგანიზაციისთვის ინფორმაციის მიწოდება. ბრალი მათ 9 ივლისს, გვიან ღამით წაუყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დადგინდა, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ სინიცინსა და ოკროკოვთან.

ასევე, დადგინდა ზურაბ ქურციკიძის კავშირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, რომლებსაც დაკავებული პირები სწორედ ქურციკიძის მეშვეობით გადასცემდნენ საიდუმლო ინფორმაციას. კერძოდ, ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს ფოტოებს უღებდნენ და აწვდიდნენ ქურციკიძეს, რომელიც ინფორმაციას მოსკოვში გზავნიდა.

ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძის კომპიუტერებში აღმოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის მიმოსვლის მარშრუტზე, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტებისა და შეხვედრების თაობაზე, ასევე სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

ქართველ ფოტოგრაფებთან ერთად დააკავეს სააგენტო "ასოშიეითედ პრესის" ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვიც. მას აშკარად გაუმართლა, რადგან აზერბაიჯანის მოქალაქის ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემა, როგორც ჩანს, არ ჩათვალეს მთლად გონივრულად  ჩვენმა ჩეკისტებმა. აივაზოვმა  მოდული მეორე დღის 12 საათისთვის დატოვა და ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ  დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იყო. ბრალს თავიდანვე არ აღიარებდნენ გია აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე(?!).

ვიდრე გედენიძეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები დაიცავდნენ, ბრალს არც ირაკლი  გედენიძე აღიარებდა, მაგრამ 8 ივლისს მდგომარეობა შეიცვალა.

მაია ხუციშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი: "8 ივლისს, 3 საათზე, განცხადების (საქმის მასალების გაცნობის თაობაზე) ჩაბარება მინდოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში, მაგრამ არ ჩაიბარეს, დღეს არ იქნება კანცელარიაო. კონტრდაზვერვის საგამოძიებო  დეპარტამენტის უფროსი კი კავშირზე არ გამოდიოდა.

დაახლოებით 8-9 საათისთვის გვითხრეს, რომ 11 საათზე ბრალს წაუყენებდნენ, თუმცა გაგვიცხადეს, რომ ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფებმა აგვიცილეს და ადვოკატი გიორგი ყავლაშვილის საადვოკატო ბიუროდან მოითხოვეს (გიორგი ყავლაშვილი ადვოკატთა წრეში ცნობილია როგორც პროკურატურასთან, კერძოდ, ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირი, რომელიც პროკურატურასა და კლიენტს შორის მსხვილ გარიგებებზე მუშაობს.  - ავტ.) და დაუნიშნეს კიდეც ადვოკატი ცოტნე ცანავა". ჩანს, ნათია გედენიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც  ირაკლი გედენიძემ ბრალი აღიარა. ოფიციალურად დანაშაული აღიარა და მოინანია ნათია გედენიძემაც, მას 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

უნებურად ჩნდება ეჭვი, ნათია გედენიძე სწორედ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მის მეუღლეზე ზეწოლა მოეხდინათ.

9 ივლისს შს სამინისტრომ ზურაბ ქურციკიძისა და ირაკლი გედენიძის, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა. გავრცელდა ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენებაც, სადაც ის აცხადებს, რომ მისი ძველი მეგობარი ზურაბ ქურციკიძე საიდუმლო ფოტოების გადაღებას აიძულებდა. შანტაჟის იარაღად ქურციკიძე თურმე იმ ოფიციალურ ქვითრებს იყენებდა, რომლითაც  გედენიძეს ევროპის ფოტოსააგენტო სრულიად არასაიდუმლო ფოტონამუშევრების ხარჯებს უნაზღაურებდა(?!).

გია აბდალაძისა და ქურციკიძის სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ქურციკიძე აბდალაძეს საბანკო რეკვიზიტებს სთხოვს, ჯაშუშობის კი არა, ადმინისტრაციული გადაცდომის მამტკიცებელი დოკუმენტიც კი არ არის. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტის მოთხოვნა, როცა შესრულებული სამუშაოსთვის გასამრჯელოს მიღებაზეა ლაპარაკი, ჩვეულებრივი ამბავია.

ფოტოგრაფი რომ თავის ფოტოებს სხვადასხვა სააგენტოს სთავაზობს და აღებული გასამრჯელოთი თავს ირჩენს, არც ეს არის ახალი ამბავი და დანაშაულის ნიშნები აქაც არ იკვეთება. კრიტიკას ვერ უძლებს სხვა გავრცელებული "მტკიცებულებებიც". რითი ამტკიცებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული ჯაშუშური მასალა დაკავებულთა კომპიუტერებიდან ამოიღეს და ეს მასალა მაინცდამაინც მათი გადაღებულია? მხოლოდ ირაკლი გედენიძის "აღიარებითი ჩვენება" ეჭვების გასაფანტად საკმარისი ნამდვილად არ არის.

ის, რომ ქურციკიძე მოსკოვში გზავნიდა ფოტოებს, ჯაშუშობის მამტკიცებელი სულაც არ არის, რადგან ეპა-ს ერთ-ერთი ოფისი სწორედ მოსკოვშია. არც ქურციკიძის ბინიდან ამოღებული 9 ათასი ევრო შეიძლება ჯაშუშობის მამტკიცებელ დოკუმენტად გამოდგეს.

შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე შეთითხნილი საქმის ტიპურ ნიმუშს უწოდებს. მან შსს-ს ვიდეომასალაში ვერაფერი დაინახა ისეთი, რაც დაადასტურებს ზურაბ ქურციკიძის კავშირს რუსეთის სპეცსამსახურთან, პრეზიდენტის თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ვიზიტების შესახებ ინფორმაცია საიდუმლო არ არის.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის სამართლიან გამოძიებას ელოდება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.

კითხვაზე, ხომ არ შეიძლება ოთხი ფოტორეპორტიორის დაკავება მედიის თავისუფლების შეზღუდვად შეფასდეს, ნულანდმა განაცხადა: "ჩვენ ველოდებით თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას".

საქართველო მუდმივად იყო და არის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესის საგანი. ეს სახელმწიფო სტრუქტურებშიც კარგად იციან და როცა ჯაშუშებზე ნადირობა დაიწყო, არავის გაჰკვირვებია. მაგრამ მალე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჯაშუშების გამოვლენის კამპანია კუდიანებზე ნადირობას დაემსგავსა.

P.S.-ის მაგიერ...

ჯაშუშებზე ნადირობა საქართველოში 2006 წელს დაიწყო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის თანამშრომელი სიმონ კილაძე დააკავეს. შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა  განაცხადა, რომ კილაძე 2004 წლიდან სისტემატურად გადასცემდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სტრატეგიული მნიშვნელობის საიდუმლო ინფორმაციას, ღალატის საფასურად კი 20 ათასი დოლარი მიიღო.KvirisPalitra.Ge

სხვათა შორის, კილაძის "არაჯაშუშურმა" ქონებამ მინისტრ მერაბიშვილს უხერხულობა აგრძნობინა და განაცხადა კიდეც, მიუხედავად ასეთი ჰონორარებისა და მაღალი ხელფასისა, კილაძე ოჯახთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდაო. უცნაური ამ ამბავში ის იყო, რომ სამშობლოს ღალატსა და ჯაშუშობაში მსჯავრდადებული კილაძე ერთ წელიწადში გასაიდუმლოებულად გაათავისუფლეს(!).

მალე სპეცსამსახურებმა იმავე ბრალდებით თბილისელი დოცენტი აიყვანეს, თუმცა მისი "ჯაშუშობის ისტორია" მეტისმეტად აბსურდული აღმოჩნდა, ამიტომ ეს ამბავი საგულდაგულოდ მიჩქმალეს. დოცენტს ბრალად ედებოდა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების შეგროვება, შენახვა და გადაცემა. სინამდვილეში კი მეცნიერმა ვილნიუსში ფოსტით ბერიასა და სტალინის ხელმოწერილი დოკუმენტი გაგზავნა.  ქართველმა "ჩეკისტებმა"  ბერიას ხელმოწერა "კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობის მონაცემად" შეაფასეს.

2006 წლის 1-ელ თებერვალს დოცენტის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს უცხო ქვეყნისთვის გადასაცემად შეგროვებული მრავალი დოკუმენტი გრიფით "საიდუმლო" და "სრულიად საიდუმლო"(!). ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დოცენტის ბინიდან ამოღებული "ჯაშუშური" მასალები, არც მეტი, არც ნაკლები, ისეთივე დოკუმენტაცია აღმოჩნდა, როგორიც პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით შექმნილ ოკუპაციის მუზეუმში ყველა დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს. ამ კურიოზს ისიც დაემატა, რომ ფილატელისტი ამ "ჯაშუშურ" დოკუმენტაციას საქართველოს მეგობარ ქვეყნებში - უკრაინასა და ლიტვაში გზავნიდა. გამოძიებას ისღა დარჩენოდა, ეს საქმე ჩაეფარცხა.

მოგვიანებით სპეცსამსახურებმა კიდევ ერთი ჯაშუშური ქსელი "გაშიფრეს". ამჯერად მახეში ახალქალაქელი სომხები გაებნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებოდათ ბრალი. ამაში არც საკვირველი და არც დაუჯერებელი იქნებოდა რამე, ცოტა ხანში ჯაშუშები ასევე გასაიდუმლოებულად რომ არ გაეთავისუფლებინათ(?!).

KvirisPalitra.Geმოგვიანებით კიდევ ერთი "ჯაშუში" - ვახტანგ მაისაია დააკავეს.  2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს  საათობრივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების, სამხედრო ტექნიკის რაოდენობისა და დისლოკაციის ადგილების შესახებ. სანაცვლოდ, მაისაიას ანგარიშზე თანხა "ბაზისბანკში" ირიცხებოდა.

როდესაც ჯაშუშობის ამსახველ ჩანაწერებს აქვეყნებენ, წესით, პირის ვინაობას მალავენ, რათა მათ მტკიცებულებების განადგურება ან მიმალვა არ მოასწრონ. შს სამინისტრომ კი ე. წ. ჯაშუშების სახელები საქვეყნოდ გამოაცხადა, ხოლო რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა მაისაია, ეს მონაკვეთი ამოჭრა. თურმე 2005 წელს ვინმე იანმა მაისაიას გააცნო ვინმე ტომი.

ამ ტომმა კი 2005 წელს უთხრა, რომ ის არის სამხედრო დაზვერვის... და აქ  პაუზა შემოგვთავაზეს. საინტერესო ის არის, რომ 2004-2008 წლებში მაისაია ნატოს მისიაში მუშაობდა. ეს გვაძლევს საშუალებას, ლოგიკურად ვიფიქროთ, რომ მაისაიას რაღაცებზე მიუწვდებოდა ხელი. მაგრამ მაისაიას ბრალდება აგვისტოს ომის დროს გადაცემულ ანეკდოტურ ინფორმაციაზე იყო  აგებული.

8 აგვისტოს ზუსტი ინფორმაცია მთავარსარდალსა და გენშტაბის უფროსს არ ჰქონიათ და მაისაიას საიდან ეცოდინებოდა, რამდენი ტანკი აფეთქდა და რამდენი იარაღი დაიკარგა? ნატოს ძლიერი სპეცსამსახური აქვს. 4 წელი იყო მაისაია ნატოში და იქ რატომღაც ვერაფერი შეამჩნიეს, გამორჩათ მისი ჯაშუშობა. სამაგიეროდ, ჩვენმა კონტრმზვერავებმა შეამჩნიეს და მაისაიამაც დაუყოვნებლივ აღიარა "ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა". ჩანს, მაისაია მოატყუეს, აღიარების სანაცვლოდ გათავისუფლებას დაჰპირდნენ და აღარ გაათავისუფლეს.