საყოველთაო კმაყოფილება... - კვირის პალიტრა

საყოველთაო კმაყოფილება...

მზია პატარკაციშვილი: "ამ შეთანხმებით ქეი კმაყოფილი ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო"

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან ბრძოლას წერტილი დაუსვა. მან მორიგებით დაასრულა დავა, რომელიც მთაწმინდის პარკისა და სამაუწყებლო კომპანია "იმედის" დაკარგვის გამო ზარალის ანაზღაურებას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ დავამ  საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში  გადაინაცვლა. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, მოდავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ "ტექნიკური დეტალების შესრულებისთანავე არბიტრირება შეწყდება". რას გულისხმობს ე. წ. ტექნიკური დეტალების შესრულება და რა მიიღო ბიზნესმენის ოჯახმა "იმედისა" და  მთაწმინდის პარკის სანაცვლოდ, ამის გასარკვევად ბადრი პატარკაციშვილის დას, მზია პატარკაციშვილს დავუკავშირდით.

- ხელისუფლებასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და უკვე ბევრ რამეზე აღარ ვლაპარაკობთ. ჩვენ შევწყვიტეთ ჩივილი.

- რა მიიღეთ სანაცვლოდ?

- ის, რომ ჩვენი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდება! მაინც არ ვიცოდით, როდის, რამდენი წლის მერე, რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. გაჭიანურებული დავა კი ნერვიულობასთან, გადაღლასა და დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ჯერ მაინც ვერაფერს გეტყვით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომ შესრულდეს  შეთანხმება.

- ბიზნესის რაღაც ნაწილი ხომ არ გრჩებათ?

- არა, საქართველოში ბიზნესი აღარც გვქონდა  და...  ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ  კი, რაც  ბადრის ებადა, ყველაფერი წესით ოჯახს უნდა დარჩეს, რისი დიდი იმედიც მაქვს.

-  როგორ აფასებთ იმას, რომ ჯოზეფ  ქეი მიესალმა ხელისუფლებასთან თქვენს შეთანხმებას?

- ქეის სხვა არაფერი ჰქონდა სათქმელი. შეთანხმებით ის კმაყოფილი არ უნდა დარჩენილიყო. ის ნამდვილად ვერ გამოაცხადებს იმ აქტივებზე პრეტენზიას, რომელიც ბადრის ქვეყნის გარეთ ჰქონდა.

P.S. ჯოზეფ ქეი: "ჩემი პირადი ინტერესი იყო ამ შეთანხმების მიღწევა. მოხარული ვარ, რომ ბადრის ოჯახმა ბოლოს და ბოლოს მიიღო ნორმალური გადაწყვეტილება".

ბადრი პატარკაციშვილის ქონებაზე დავა ქეისა და ოჯახს შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა. ინა გუდავაძის ადვოკატების განცხადებით, მათ მოიგეს საქმე ლიხტენშტაინის, ლონდონისა და გიბრალტარის სასამართლოებში. თუმცა, ქეი გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობდა და გუდავაძეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებდა. Gგავრცელებული ინფორმაციით, გიბრალტარის სასამართლოში დავა 12 მილიარდად შეფასებულ ქონებას ეხებოდა.