მიხედეთ მოძალადე პოლიციელებს! - კვირის პალიტრა

მიხედეთ მოძალადე პოლიციელებს!

თემები, რომლებიც ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ გაახმაურა, ზუგდიდელი პოლიციელის, ლაშა ექონიას მიერ თავისი მეუღლის "საყვარლობაში ეჭვმიტანილი" ახალგაზრდის სასტიკად "დასჯასა" და პოლიციელთა მიერ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობას ეხება.

ნანა ფაჟავა: "26 წლის ალექსანდრე სართანია შსს-ს ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსანმა ლაშა ექონიამ ორ თანამზრახველთან, ასევე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გაიტაცა, კოლხიდის ტყეში აწამა და მიატოვა. საბაბი ეჭვიანობა გახლდათ, რასაც სართანიას ახლობლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ალექსანდრე ორიოდ თვის წინ სტომატოლოგთან მისულა. სტომატოლოგი კი თურმე  ზუგდიდის პოლიციის მაღალჩინოსნის ცოლი, სოფო ბიგვავა აღმოჩნდა. მან პაციენტს კბილის დაბჟენის შემდეგ ურჩია, პრობლემა თუ შეგექმნება, დამიკავშირდიო და სავიზიტო ბარათი მისცა.

სართანიას კბილი ორი თვის შემდეგ ასტკივდა და შეწუხებულმა სტომატოლოგს გვიან, დაახლოებით ღამის ორი საათისთვის დაურეკა, პასუხი სოფო ბიგვავას მეუღლემ, პოლიციის მაღალჩინოსანმა გასცა. მეორე დღეს სართანიას ექონიამ თანმხლებ პირებთან ერთად მიაკითხა, მანქანაში ჩაისვა და გაიტაცა.

KvirisPalitra.Geსართანიას, რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ყოფილა, რამდენიმე პოლიციელი ერთდროულად სცემდა. ამას მაღალჩინოსნის მეუღლეც ესწრებოდა. ეჭვიანი ქმარი სართანიასგან ითხოვდა, აღიარე, რომ ჩემი ცოლის საყვარელი ხარო, ამ ყველაფერს კი ვიდეოკამერით იღებდა. სართანია იძულებული გახდა, სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ ცრუაღიარება მიეცა, რის შემდეგაც სასტიკად ნაწამები ტყეში დატოვეს.

ამ ფაქტის მოკვლევა პროკურატურამ დაიწყო და შსს-მ ექონია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვფიქრობ, ეს არ არის დანაშაულის ადეკვატური სასჯელის ზომა, რადგან ადამიანის წამება სისხლის სამართლის დანაშაულია. სართანიებმა ზუგდიდში ადვოკატი ვერ იშოვეს. ყველამ უარი თქვა დაზარალებულის დაცვაზე პოლიციის თუ პროკურატურის შიშით. სავარაუდოდ, სართანიების დაცვას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იკისრებს.

ნუგზარ სართანია, ალექსანდრე სართანიას მამა: "ალექსანდრე უკვე საავადმყოფოდან გამოწერეს. მას წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, მკურნალობას აგრძელებს. ამ საქმეს აუცილებლად მივიტანთ სასამართლომდე და თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდეც. სიმართლის დადგენასა და დამნაშავეების დასჯას, ასევე მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რადგან დღითი დღე იზრდება ალექსანდრეს მკურნალობის ხარჯები".

ნანა ფაჟავა: კიდევ უფრო მძიმეა მეორე ფაქტი. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ნიკა დაგარგულიას ბრალი ძარცვაში დაედო და მან დანაშაული აღიარა. დაგარგულიამ მოქალაქეს ოქროს ძეწკვი ჩამოჰგლიჯა, მაგრამ ნივთი პატრონს დაუბრუნა. ასეთ შემთხვევაში რატომ გახდა აუცილებელი მოზარდის წამება, ვერ გეტყვით. კიდევ უფრო ამაზრზენია ის, რაც ნიკას დედამ ნანი ბენდელიანმა გვიამბო. ნიკა გაჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. დედამ შვილის დაკავების ამბავი 6 საათის დაგვიანებით შეიტყო. Aმანამდე კი მოზარდს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში აწამებდნენ. ნანი ბენდელიანმა შვილი მხოლოდ სასამართლო დარბაზში ნახა, სადაც ნიკას თავზარდამცემი ჩვენება მოისმინა. Nნიკა ჰყვებოდა:

KvirisPalitra.Ge"ექვსი პოლიციელი მცემდა, მაფურთხებდა, პანღურს მკრავდა... ბოლოს ერთ-ერთმა თქვა, ხელბორკილდადებული მაგიდაზე მიაკარით, უნდა ვიხმაროთო. ამ დროს თავს კონტროლი ვეღარ გავუწიე და ხელი მეც აღვმართე, რადგან ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო. შემდეგ მუცლისა და თავის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და გონება დავკარგე. სასწრაფო დახმარების ექიმმა გამომაფხიზლა, ჩემთვის ხელბორკილის შეხსნა მოითხოვა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და კოხტა კოდუას მუშტი ჩავარტყი, წაიქცა და თავი მაგიდაზე ჩამოარტყა" (რის შემდეგაც ის საავდმყოფოში გადაიყვანეს. - ავტ.).

ნანი ბენდელიანი, ნიკა დაგარგულიას დედა: "ჩემი შვილი ზუგდიდის ციხეშია და მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანია, მისი ნახვის უფლებას მაინც არ მაძლევენ. ნიკას სახაზინო ადვოკატი ჰყავს, რომლის იმედადაც ვერ დავტოვებ. მინდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთოს ამ საქმეში.  უკან დახევას არ ვაპირებ, რადგან თავზარდამცემი იყო ის, რაც სასამართლო სხდომაზე ნიკასგან მოვისმინე. შეიძლLება ნიკა დააშინონ, მაგრამ მე ვერ დამაშინებენ".

P.S. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩვენი ნდობამოპოვებული პოლიციისთვის, დამეთანხმებით, ასეთი ფაქტები, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა, დროზე მიხედეთ, ბატონებო, მოძალადე პოლიციელებს და ვინც დასჯას იმსახურებს, საკადრისი პასუხი გაეცით, თორემ ის მოპოვებული ნდობა შეიძლება უმალ ისე გაქრეს, როგორც ცივ ქარში ვარდის ფურცლები...