არასასურველი "ნოუ ჰაუ" დუშეთში - კვირის პალიტრა

არასასურველი "ნოუ ჰაუ" დუშეთში

ხელისუფლების აგრესია თუ ინტრიგანი ჟურნალისტები?!

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივ ხელისუფლებას ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაში ადანაშაულებს. ეს ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო ცენტრია რეგიონში, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით მუშაობს. ამ ცენტრის მეშვეობით კი (რომელიც სულ რაღაც ერთი თვეა, რაც მუშაობს) არაერთი საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა.

რატომ არის ცენტრი არასასურველი ნოუ ჰაუ დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო  ცენტრის მედიაკონსულტანტი და ტრენერი ეკა ფირცხალავა გვესაუბრა:

- მოგეხსენებათ, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების კანცელარიაში შესვლა უსაშვოდ შეიძლება. ჩვენც მცხეთა-მთიანეთის გამგეობის კანცელარიაში განცხადება მივიტანეთ და საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ, საკრებულოს კანცელარიაშიც დავტოვეთ იმავე შინაარსის განცხადება. გამგეობაში დაბრუნებულები კი კანცელარიამდე აღარ მიგვიშვეს, საშვები მოგვთხოვეს.

დაცვის თანამშრომელმა გაგვაფრთხილა, ნაბიჯი არ გადადგათო. მიზეზი რომ ვიკითხეთ, განგვიმარტეს, ინტრიგანები ხართ და იმიტომო... ბუნებრივია, ასეთ დროს ჟურნალისტი ფოტოაპარატსა და ჩამწერ საშუალებას მოიმარჯვებს და პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ჩვენც ასე მოვიქეცით, რამაც დაცვის თანამშრომლები ძალზე გააღიზიანა.

- რა ინფორმაციას ითხოვდით?

- საჯარო ინფორმაციას ადგილობრივ ორგანოებში დასაქმებულ პირთა ხელფასებსა და ანაზღაურებაზე. ყYველაფერი ინციდენტით დასრულდა, გაგვლანძღეს.

- კიდევ რა დაბრკოლებას წააწყდით?

- გამოვაცხადეთ კონკურსი ვაკანსიაზე და ავიყვანეთ ორი ადგილობრივი ჟურნალისტი, მაგრამ მალე ორივემ სამსახურის დატოვება გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, ჟურნალისტები ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიძულა, - თურმე მათი ოჯახის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობდნენ და მათი დათხოვნით დაემუქრნენ. ასევე გამოგვეცალა ხელიდან ორი მძღოლი, დაახლოებით იმავე მიზეზით თქვეს უარი სამუშაოზე.

ბოლოს კი დუშეთში ბინის (სადაც ამჟამად ჩვენი ოფისია განთავსებული) მეპატრონე გამოგვეცხადა და იქაურობის დაცლა მოგვთხოვა. თუ რატომ, მიზეზი ვერ აგვიხსნა. ცხადია, ისიც აიძულეს. არადა, ეს შენობა ვიქირავეთ, გავაფორმეთ ხელშეკრულებაც, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. ამიტომ ოფისს ასე იოლად არ დავთმობთ და კიდევ დაველაპარაკებით ბინის მეპატრონეს.

ჩვენ შევხვდით "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებს და გავაცანით საქმის ვითარება. ამ ხნის განმავლობაში ცენტრმა არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჩვენ ავტეხეთ განგაში სტიქიური უბედურების დროს ათობით მოწყვეტილი სოფლის გასაჭირზე;

ჩვენმა ცენტრმა მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ჟინვალთან დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის შესახებ, რომელიც არაგვს აბინძურებდა და თბილისის მოსახლეობას სასმელ წყლად მიეწოდებოდა. მართალია, "წყალკანალმა" ეს უარყო, მაგრამ ჟურნალისტებმა საქმეს ბოლომდე მისდიეს და ფოტოებით დაადასტურეს ყოველივე. იყო სხვა არანაკლებ მწვავე თემებიც".

მანანა ვარდიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი: "ერთ-ერთი სტატია მდინარეში ბავშვის დახრჩობას შეეხებოდა. მისი ოჯახი მდინარისგან სულ რაღაც ორიოდე მეტრის დაშორებით ცხოვრობს. აუცილებელი იყო ამ საშიში ადგილიდან მათი გასახლება, მაგრამ ასე არ მოხდა და ამასობაში ტრაგედიაც დატრიალდა.

ხატია ჯინჯიხაძე, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი, რეგიონული  პროექტების კოორდინატორი: "ჩვენ ვიმსჯელეთ ამ თემაზე, "კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის" განიხილავს ამ საკითხს და  დასკვნას უახლოეს ხანში წარმოადგენს".

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა დუშეთის გამგებელს ლაშა ჯანაშვილს, რომელმაც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებზე ზეწოლა კატეგორიულად უარყო.

- კი მაგრამ, რა ზეწოლა მოვახდინეთ? ჩვენთან მოდიან გაზეთებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები და ინტერვიუებს ვაძლევთ. ვთანამშრომლობთ  არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.

- მცხეთა-მთიანეთის ჟურნალისტებსა და გამგეობის დაცვის წევრებს შორის კონფლიქტი რამ გამოიწვია?

- ჩვენ საერთო ფანჯრის პრინციპით ვიღებთ მოქალაქეებს. როგორც ვიცი, ჟურნალისტებისთვის კანცელარიაში შესვლა არავის დაუშლია. ხოლო თუ ვინმეს რომელიმე თანამდებობის პირთან უსაშვოდ მოუნდება შესვლა, ცხადია, პრობლემა შეექმნება.