"ფოტოგრაფთა საქმე" - კვირის პალიტრა

"ფოტოგრაფთა საქმე"

დემოკრატიული ქვეყნების სისხლის სამართლის პრაქტიკაში იშვიათად ხდება, ადამიანებს ჯერ საჯაროდ აკავებდნენ და შემდეგ ადებდნენ საქმეს გრიფ "საიდუმლოს".

სამართალდამცველები ასე მოექცნენ პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს, ირაკლი გედენიძესა და მის მეუღლეს, ნათია გედენიძეს, საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელ გიორგი აბდალაძესა და "ევროპის ფოტოსააგენტოს" თანამშრომელს, ზურაბ ქურციკიძეს, რამაც საზოგადოება ძალზე დააეჭვა. მოგვიანებით, შსს-მ დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კი გაავრცელა, მაგრამ ეჭვი და კითხვები არ გამქრალა.

შსს-ს ვერსიით, ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ГРУ), კერძოდ, ამ სპეცსამსახურის თანამშრომლებთან - ვინმე სინიცინთან და ოკროკოვთან. შსს-ს სქემის მიხედვით, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და გია აბდალაძე ქურციკიძეს აწვდიდნენ საიდუმლო დოკუმენტებს, რომელთაც ის მოსკოვში გზავნიდა. ეს საიდუმლო დოკუმენტები კი, შსს-ს ვერსიით, არის პრეზიდენტის სასახლის ნაწილის სქემატური ნახაზები, ინფორმაცია ქვეყნის პირველი პირის მარშრუტის შესახებ, პრეზიდენტის ვიზიტებისა და შეხვედრების დეტალები, გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის თანამშრომლების ნუსხა და ა.შ.

შსს-მ გაავრცელა მხოლოდ ირაკლი და ნათია გედენიძეების ჩვენებათა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ირაკლი გედენიძე აღიარებს, რომ მართლაც აწვდიდა ქურციკიძეს გარკვეულ მასალებს და როდესაც შეიტყო სპეცსამსახურებთან მისი კავშირის შესახებ, შეეცადა, თანამშრომლობაზე უარი ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა. შეგახსენებთ, რომ არც ქურციკიძე და არც აბდალაძე ბრალს არ აღიარებენ - აბდალაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს კიდეც.

ეჭვს მოვლენების ქრონოლოგია და გედენიძეების ფაქტორი იწვევს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოგრაფები 7 ივლისს დააკავა, 9 ივლისს კი ირაკლი გედენიძის ჩვენება გაავრცელა. მანამდე, 8 ივლისს, მისი მეუღლე, ნათია გედენიძე გაათავისუფლეს, რომელსაც მეორე დღეს გირაო შეუფარდეს. ლოგიკურად გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში შსს-ს თანამშრომლები ამ "აღიარებით ჩვენებაზე" მუშაობდნენ, რათა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვებისთვის დაეპირისპირებინათ. მთავარი იყო, ვინ იქნებოდა სუსტი რგოლი.

ლოგიკურად, ასეთი უნდა ყოფილიყო ის, ვისაც მეუღლეც ჰყავდა დაპატიმრებული, შინ კი, ფაქტობრივად, უპატრონოდ დატოვებული ორი მცირეწლოვანი შვილი. მართლაც, ნათია გედენიძის გათავისუფლებას საეჭვოდ დაემთხვა მისი მეუღლის ჩვენება, რომლის საფუძველზეც შსს-მ მთელი სიუჟეტი შეკრა. შსს-ს მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე, რომელშიც დაკავებულები საბანკო რეკვიზიტებზე ლაპარაკობენ, ყველა იურისტი იტყვის, რომ ეს არაფერს ამტკიცებს - საბანკო რეკვიზიტებზე საუბარი ჯერჯერობით სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება.

საზოგადოებამ ასევე ვერ დაინახა ფოტოგრაფებისა და სპეცსამსახურების კავშირი იმ ვიდეოკადრებით, რაც შსს-მ გაავრცელა (ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე სუსტი ე.წ. მტკიცებულება, რაც კი ბოლო დროს გვინახავს). საინტერესოა, მიუწვდებოდა თუ არა ხელი საიდუმლო მასალებზე გია აბდალაძეს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ უწყების შტატგარეშე თანამშრომელი იყო.

ასევე, საინტერესოა, რატომ შეცვალა შსს-მ თავდაპირველი ჩვენება.

კერძოდ, სამართალდამცველების პირველ განცხადებაში საუბარი იყო არა უშუალოდ ГРУ-სთან, არამედ "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედ ორგანიზაციასთან" კავშირზე. ეს ერთი და იგივე ნამდვილად არ არის. შესაძლოა, როგორც ჟურნალისტი თანამშრომლობდე რომელიმე უცხოურ სააგენტოსთან და არ შეითავსო ოპერმუშაკის ფუნქციები და არ არკვიო, სუფთაა თუ არა ეს ორგანიზაცია. მეორეც, "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედ ორგანიზაციად" ყველამ "ევროპის ფოტოსააგენტო" მიიჩნია და თუ ქართული მხარე მას სპეცსამსახურების ფილიალობას დასწამებდა, ალბათ, საერთაშორისო სკანდალი გარანტირებული გვქონდა.

KvirisPalitra.GeГРУ-სთან ფოტოგრაფების კავშირის ვერსიის განვითარებით კი ეს საფრთხე გაქრა. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად შსს-ს ბრიფინგებისა და გავრცელებული ვიდეოჩანაწერებისა, საქმეს გრიფი "საიდუმლო" არ მოხსნია. ეტყობა, ფიქრობენ, რომ ქართველი საზოგადოებისთვის საქმის მასალების გაცნობა გამოძიების მიმდინარეობისთვის სახიფათო და ხელის შემშლელია. მოკლედ, შსს-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ეჭვები კი არ გააქარწყლა, გაამძაფრა. რაც უფრო მეტხანს ვერ მიიღებს საზოგადოება ამ კითხვებზე პასუხს, მით მეტად არაჯანსაღი გარემო შეიქმნება, რაც ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შექმნას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს.

P.S. რამდენიმე თვის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, დღისით-მზისით, რუსული გამოცემა, "კომერსანტის" ფოტოკორესპონდენტი შეუშვა ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ სამხედრო ბაზაში - საარმიო სპეცრაზმის დისლოკაციის ადგილზე. იმ ფოტორეპორტიორის მიერ გადაღებული სურათები შეგიძლიათ ნახოთ "კომერსანტის" საიტზე და დატკბეთ, თუ როგორია ქართული საიდუმლო სამხედრო ბაზა!

ასევე, საკმარისია, საქართველოს ეწვიოს "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი იულია ლატინინა, რომ ლამის მთელი შსს მის ესკორტად იქცეს. ახვედრებენ ტერორიზმში ეჭვმიტანილებს და ხალისით უყვებიან საიდუმლო ოპერაციების დეტალებს, რომელთაც ლატინინა ასევე "საიდუმლოდ" ბეჭდავს "ნოვაია გაზეტაში". ამჟამად "ეხო მოსკვის" ჯერი დადგა, რომლის მთავარი რედაქტორის ვიზიტი ლამის ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად აქციეს. სხვათა შორის, ბატონი ვენედიქტოვი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებშიც აპირებდა სტუმრობას, თუმცა მოგვიანებით რატომღაც გადაიფიქრა (ან გადააფიქრებინეს)...