რა ირკვევა "ასოშიეითედ პრესის" სათავო ოფისიდან გამოგზავნილი წერილით - კვირის პალიტრა

რა ირკვევა "ასოშიეითედ პრესის" სათავო ოფისიდან გამოგზავნილი წერილით

"როგორც შევიტყვეთ, ირაკლი გედენიძე დაკავებამდე ორი კვირით ადრე წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოეს"

"თქვენს პრეზიდენტს ძალიან სხარტი პრესმდივანი ჰყავს, ზოგჯერ გვირეკავს და ზოგიერთი ინფორმაციის გამო გვსაყვედურობს", - გვითხრეს ქართველ ჟურნალისტებს "ასოშიეითედ პრესის" ოფისში დაახლოებით თვე-ნახევრის წინ. რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რის გამო საყვედურობდა პრეზიდენტის პრესმდივანი "ასოშიეითედ პრესს". როგორც აღმოჩნდა, ლაპარაკი იყო არა ქართველ პრესმდივანზე, არამედ ამერიკაში სპეციალურად დაქირავებულ სპეციალისტზე, რა თქმა უნდა, პიარის საკითხებში.

საყვედურის მიზეზი კი შემდეგი იყო: "ასოშიეითედ პრესს" ერთ-ერთ სტატიაში შეცდომა გაეპარა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ნაცვლად ტერმინი "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო" გამოიყენა. "რასაკვირველია, ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომია საქართველოს შემადგენლობაში შედის და ამას ეჭვქვეშ წუთითაც არ ვაყენებთ, უბრალოდ გაიპარა შეცდომა და ქართული მხარის შენიშვნა ჩვენთვის მისაღები იყო", - დააზუსტეს "ასოშიეითედ პრესის" ოფისში. ეს ამბავი, ალბათ, არც გამახსენდებოდა, რომ არა "ასოშიეითედ პრესის" ფოტოგრაფის, შახ აივაზოვის დაკავება. მართალია, სხვებისგან განსხვავებით ის მხოლოდ მოწმის სახით დაჰკითხეს და მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა.

რისი მოწმე უნდა ყოფილიყო აივაზოვი? იმის, რომ გედენიძე ან აბდალაძე ეპა-ს ფოტოებს აწვდიდნენ, თუ იმის, რომ რომელიმე მისი კოლეგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის საიდუმლო ნახაზებს უღებდა ფოტოებს? როგორ ან ვისი ჩარევით  გაათავისუფლეს აივაზოვი? მასთან არაერთმა ჟურნალისტმა სცადა დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. "ასოშიეითედ პრესის" ფოტოგრაფმა ამ უსიამოვნო ამბის შემდეგ პირადი ტელეფონი გამორთო. ჩვენ დავუკავშირდით "ასოშიეითედ პრესის" ოფისს და დავინტერესდით, რას ფიქრობენ აივაზოვის "რამდენიმესაათიან დაკავებაზე"? ესაუბრნენ თუ არა პრეზიდენტის "პრესმდივანს" ვითარებაში გასარკვევად ან საერთოდ, ქართულ მხარეს? ამ და სხვა კითხვებზე მოკლედ გვიპასუხეს:

"ასოშიეითედ პრესის" ფოტოგრაფი შახ აივაზოვიც დააკავეს, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს ბრალის წაუყენებლად. უშიშროების სამსახური აივაზოვის სახლში გამთენიისას შევიდა, წაიღეს კომპიუტერი და დისკები. ის ელოდა, რომ დაუბრუნებდნენ ტექნიკურ მოწყობილობას... გიორგი აბდალაძე იყო შეკვეთებზე, კონტრაქტებზე მომუშავე ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობდა "ასოშიეითედ პრესისთვის" და აშუქებდა პოლიციასა და პროტესტანტებს შორის შეტაკებებს მაისში".

უნდა ვივარაუდოთ, რომ აივაზოვის "მოწმის სახით დაკითხვა" (საინტერესოა, რატომ მიჰყავთ "მოწმეები" შუაღამისას მოდულში) გია აბდალაძეს უკავშირდებოდა, რადგან ამ უკანასკნელის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. ამ მხრივ შსს-ს "ვიდეომასალაც" მოიკოჭლებს, რადგან ფოტოების სანაცვლოდ ფრანკფურტიდან აბდალაძისთვის ჰონორარის გადმორიცხვა დანაშაულის სამხილად ვერ გამოდგება. თავად აბდალაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობას აცხადებს. ევროპის პრესფოტო სააგენტოს წარმომადგენლის, ზურაბ ქურციკიძის მდგომარეობას კი ირაკლი გედენიძის ჩვენება ამძიმებს (შსს-ს მასალის მიხედვით), რომელიც აღიარებს, რომ ქურციკიძე აშანტაჟებდა და ამიტომაც თანამშრომლობდა "უცხოური სპეცსამსახურის საფარქვეშ მყოფ ორგანიზაციასთან".

როგორც შევიტყვეთ, ირაკლი გედენიძე დაკავებამდე ორი კვირით ადრე წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოეს. როგორც "კვირის პალიტრას" მიაწოდეს ინფორმაცია, ჯილდო სწორედ პრეზიდენტისგან ერგო.  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეს ინფორმაცია უარყო: - პრეზიდენტს ირაკლი არ დაუჯილდოებია. ორიოდე კვირის წინ მას სიგელი რომელიღაც სახელმწიფო სტრუქტურამ გადასცა.

- უცნაურად არ გეჩვენებათ კარგი მუშაობისთვის დაჯილდოება მაშინ, როცა უშიშროების სამსახურს უკვე ჰქონდა უცხოეთის სპეცსამსახურის საფარქვეშ მყოფ ორგანიზაციასთან მისი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია?

- ალბათ, ეს კითხვა შსს-ს ეკუთვნის. მე ის ვიცი, რომ გედენიძე პრეზიდენტს არ დაუჯილდოებია.

რაც შეეხება გედენიძის მეუღლეს, ნათია გედენიძეს, მას ჟურნალისტებთან საუბრის  სურვილი არა აქვს. იგი გირაოს - 10.000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.