უცნაური პარალელები - ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს სასარგებლოდაც ჯაშუშობდა და პირიქითაც?! - კვირის პალიტრა

უცნაური პარალელები - ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოს სასარგებლოდაც ჯაშუშობდა და პირიქითაც?!

ადამიანის თვალს თურმე მხოლოდ წამის მეათედში შეუძლია დაინახოს ნებისმიერი რამ, რასაც ფოტოობიექტივი ელვის უსწრაფესად, სულ რაღაც წამის მეათასედშიც კი ასახავს. ამიტომაც განსაკუთრებული ვითარება ყოველთვის შეიძლება მოხვდეს ობიექტივში და ფოტორეპორტიორმა ეს მოგვიანებით შენიშნოს. ე. ი. მას ამ წამის მეათასედის შეჩერების საშუალება ეძლევა.და მაინც, რა შეიძლებოდა მოხვედრილიყო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების ობიექტივებში? - ეს კითხვა საყოველთაო ინტერესს იწვევს.

სტრინგერი - მარტოხელა მგელი

ფოტორეპორტიორების დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა. ერთ-ერთი მათგანი - ზურაბ ქურციკიძე EPA-ს ხელშეკრულებით ჰყავდა აყვანილი, აბდალაძე და გედენიძე კი უცხოური მედიასაშუალებებისთვის ("ასოშიეითედ პრესი", "როიტერი") სტრინგერები იყვნენ. საქართველოში სტრინგერები 90-იანი წლების შემდგომ გამოჩნდნენ და გასაკვირი არ არის, რომ ბევრმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. სტრინგერები არიან ოპერატიული, დამოუკიდებელი ფოტორეპორტიორები, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, რა გადაიღონ. შესაძლოა მათი გარკვეული ვადით დაქირავებაც. სტრინგერები შტატიან კოლეგებს მაინცდამაინც თვალში არ მოსდით, რადგან როგორც წესი, სტრინგერების შრომა ძვირად ფასობს.  სტრინგერები ძირითადად ცხელ წერტილებში მუშაობენ და შესაბამისად რისკის ქვეშ ყოფნა უხდებათ. ხშირ შემთხვევაში,  გარკვეული კომპანია მათგან ოპერატიულ ფოტოს  ან ვიდეომასალას ყიდულობს, მაგრამ ავტორად სტრინგერი არ სახელდება. ასეთ შემთხვევაში ის მხოლოდ მაღალ ანაზღაურებას სჯერდება და თავს იმშვიდებს, რომ რეალურად სწორედ მას ეკუთვნის საუკეთესო ფოტო.ქართველი სტრინგერები არ არიან ისეთი მაღალანაზღაურებადნი, როგორიც მსოფლიოში მოღვაწე ცნობილი სტრინგერები გახლავთ.

რას ნიშნავს პული?

იური მეჩითოვი, ფოტორეპორტიორი: "პული არის შეთანხმება ფოტოგრაფებს შორის, როცა ე. წ. ობშჩიაკისთვის ერთდროულად მუშაობენ.  მოგეხსენებათ, ისევე როგორც ყველაფერში, ფოტოგრაფიაშიც იღბალი დიდ როლს თამაშობს. შეიძლება ერთმა მოახერხოს ისეთი რაკურსიდან ფოტოკადრის გადაღება, რომელიც მეორეს არ ექნება, მაგრამ ფოტოს პულით გავრცელების შემთხვევაში, შეთანხმების მონაწილე თითოეული ფოტოგრაფი გასამრჯელოს მაინც თანაბრად ინაწილებს. ვთქვათ, 500 დოლარად გაიყიდა ფოტო, ე.ი. ამ თანხას ყველა გაიყოფს. პულს აქვს მეორე მნიშვნელობაც. მაგალითად, არსებობს ტერმინი "პრეზიდენტის პული", "პრემიერ-მინისტრის პული". ამ დროს ფოტოგრაფები ამბობენ, პულით ვიღებო. ეს იმას ნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილას ფოტოგრაფებისთვის სივრცე შეზღუდულია და  ყველა გადაღების მსურველი ვერ მუშაობს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ერთმა იმუშაოს და ყველა სააგენტოს ფოტოები თავად მიაწოდოს. რის შემდეგაც სააგენტოები გადაწყვეტენ, რომელ ფოტოს გაავრცელებენ.

მიხეილ სააკაშვილისა და შერონ სტოუნის ფოტოკადრები პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ სწორედ პულით გადაიღო".

დიახ, ბიჭებო, თქვენ საუკეთესონი ხართ!

რა ვითარება გვაქვს ქართულ რეალობაში? მოგეხსენებათ, დაკავებული ფოტორეპორტიორებიდან თითქმის ყველა (ნათია გედენიძის გარდა) რუსეთ-საქართველოს ომში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მათი ფოტოები მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში მოხვდა.

ვერ გეტყვით, რა შეგრძნება აქვს რეპორტიორს მაშინ, როცა ბომბდამშენი ერთმანეთისგან არ ასხვავებს მოწინააღმდეგეს, ჯარისკაცს, მშვიდობიან მცხოვრებს, რეპორტიორს, ის კი  ამ დროს გასისხლიანებულ და საშველად ხელგამოწვდილ ხანდაზმულ ქალს უღებს ფოტოს. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ფოტოგრაფის მუშაობას ომში თავისებური აზარტი ახლავს, ისეთი,  რომელიც თვითგადარჩენის ინსტინქტს თრგუნავს და ფოტოგრაფს ბომბების წვიმაში წამის შეჩერებას აიძულებს.

ცხადია, გმირობას ვერავის მოვთხოვთ, მაგრამ ის ხომ მაინც შეგვიძლია ამ ბიჭებს ვუთხრათ: "დიახ, ამ ომში თქვენ საუკეთესონი იყავით და მაშინ, როცა ზოგიერთები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ, თქვენ უშიშრად ასრულებდით პროფესიულ მოვალეობას!"

იური მეჩითოვის თქმით, თითოეული ფოტოსთვის აბდალაძე (ისე როგორც სხვა ფოტოგრაფები) 20-35 დოლარს  იღებდა. ფაქტობრივად, იმავეს ადასტურებს EPA-ს მოსკოვის ოფისის მთავარი ფოტოგრაფი სერგეი ჩირიკოვი: "ჩვენი შტატიანი თანამშრომელი ზურა ქურციკიძე იყო. თუმცა, რამდენიმე რეპორტიორთანაც ვთანამშრომლობდით, მათ შორის გია აბდალაძესა და ირაკლი გედენიძესთან. ირაკლი გედენიძის ფოტოები თავდაპირველად მოსკოვის ბიუროში იგზავნებოდა, მოგვიანებით ჩვენ ვთხოვეთ ზურას, მასვე მიეღო ფოტოები და ფრანკფურტში, ჩვენს სათავო ოფისში გადაეგზავნა, რასაც აკეთებდა კიდეც. ანალოგიური სისტემა მუშაობს უკრაინაშიც. სააგენტო თითო ფოტოში დაახლოებით 20 დოლარს იხდის. ამ ოდენობის თანხას  იღებდა  ირაკლი გედენიძეც. ჩვენ მას ნაღდი ფულით ვუხდიდით, თუ არ ჩავთვლით ბოლო გადარიცხვას. როგორც მახსოვს, ნაღდი ფული ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე გადავუხადეთ. ფულს ირაკლის ზურას ხელით ვაწვდიდით, ის კი ხელწერილით ადასტურებდა, რომ მიიღო. პრეზიდენტის ფოტოების გარდა მისგან სხვა თემატიკის ფოტოებს ძალზე იშვიათად ვიღებდით. გედენიძის სულ ბოლო ფოტოები, რომლებიც გამოვიყენეთ, ასახავს 26 მაისის დარბევას. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ უკანონობა ჩავიდინეთ. მით უმეტეს, რომ ეს იყო ქვეყნის ცენტრალური მოვლენა. მაშინ ჩვენ ვთხოვეთ ზურას, გაეგო, მოსახერხებელი იქნებოდა თუ არა ჩვენი სტრინგერებისთვის თანხის გადარიცხვა მათ პირად ანგარიშზე.

ზურამ გვითხრა, რომ პრობლემა არ იყო. შემდეგ ვთხოვეთ, ფოტოგრაფებს თავიანთი საბანკო რეკვიზიტები გამოეგზავნათ. ზურამ ორივეს დაურეკა და სწორედ ეს საუბრები ჩაიწერეს. ჩვენ მივიღეთ საბანკო რეკვიზიტები, დავურთეთ ჰონორარებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და 5 ივლისს გადავგზავნეთ ფრანკფურტში, ჩვენს სათავო ოფისში. იქიდან კი საბანკო ანგარიშებზე გადაერიცხათ კუთვნილი ჰონორარი. სხვათა შორის, გიას არ გამოუგზავნია რეკვიზიტი" (იხ. www.radiotavisufleba.ge).

EPA-ს სათავო ოფისის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ზურაბ ქურციკიძე ფრანკფურტში წელიწადში ერთხელ მაინც ჩადიოდა და გასამრჯელოს წინასწარ იღებდა. იღებდა მგზავრობისა და სხვა ხარჯების დასაფარავ თანხებსაც.მას შემდეგ, რაც ცნობილი შეიქნა, რომ ზურაბ ქურციკიძემ ბრალი აღიარა, ეპა-ს სათავო ოფისს (მისი წარმომადგენლები მზად არიან ფოტორეპორტიორის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ქართულ მხარეს შეხვდნენ) კითხვები გავუგზავნეთ, მაგრამ ევროპულ სააგენტოში სიფრთხილე გამოიჩინეს და პასუხს თავი აარიდეს(?!).

დუმს "ასოშიეითედ პრესის" ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვიც და არ განმარტავს, რა მიზნით ჰყავდათ ღამით მოდულში? "ასოშიეითედ პრესს" ხელშეკრულებით ვყავარ დაქირავებული და მის შინაგანაწესს ვემორჩილები, არა მაქვს სხვა მედიასაშუალებებისთვის ინტერვიუს მიცემის უფლება", - აცხადებს იგი.

ფოტორეპორტიორების ობიექტივში

პაპარაცულმა ფოტოებმა ომებისა და სტიქიური უბედურების დროს გადაღებულ ფოტოებს მაღალი ანაზღაურებით კიდეც გაუსწრეს.

მაია დეისაძე, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი: "პაპარაცი" იტალიური სიტყვაა და აბეზარ კოღოს ნიშნავს. ამიტომაც მოიხსენიებენ ამ სიტყვით ფოტორეპორტიორებს, რომლებიც  ცნობილ ადამიანებს უსაფრდებიან პიკანტურ სიტუაციაში გამოსაჭერად, ვთქვათ, საყვარელთან ყოფნისას და ა.შ. ჩვენთან პაპარაცები არ არსებობენ. ერთადერთი პრეტენზია ამ მხრივ გაზეთ "პრაიმ-ტაიმს" აქვს (ამ გაზეთის ერთ-ერთი ფოტოგრაფი ნათია გედენიძეც იყო). თუმცა "პრაიმ-ტაიმში" გამოქვეყნებული ფოტოები, ჩემი აზრით, უფრო უხერხულია ხოლმე, ვიდრე პაპარაცული. მაგალითად, შეიძლება ადამიანს ჭამისას ენა ჰქონდეს გამოყოფილი, ასეთი ფოტო უნდა წაიშალოს. ამას პროფესიული ეთიკა მოითხოვს, მაგრამ ზოგი აქვეყნებს.

დაკავებული ფოტორეპორტიორები ჩემი მეგობრები არიან (წლების განმავლობაში ერთად გვიმუშავია) და პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, ხომ არ მოხვდა შემთხვევით მათ ობიექტივში პიკანტური ფოტო, რომელმაც ხელისუფლების უმაღლესი პირები გააბრაზა? იმდენად მწირი ინფორმაცია ვრცელდება ამ საქმეზე, რომ სხვა დასკვნის გამოტანა გამიჭირდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს მეგობრებს იმდენად მაღალი  პროფესიული ეთიკა აქვთ, რომ ასეთი ფოტო მათ ობიექტივში რომც მოხვედრილიყო, აუცილებლად წაშლიდნენ.

უცნაური პარალელები

გიორგი აბდალაძეს არც "ვარდების რევოლუციამდე" უფასებდნენ პროფესიულ საქმიანობას, რომელსაც ხშირად ხიფათი სდევდა. 2000 წლის აპრილში ფოტოგრაფმა მაშინდელი ომონის ხელკეტების სიმწარე საკუთარ ტყავზე იწვნია. მან ტვინის შერყევა და მრავლობითი დაზიანება მიიღო...

- გია აბდალაძე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვითმარქვია ხელისუფლებამაც დააკავა. მაშინ ის გაზეთ "კვირის პალიტრის" ფოტოგრაფი იყო. გიას ბრალად საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობა დასდეს. იმხანად აბდალაძე "კვირის პალიტრის" ხელმძღვანელობის ჩარევითა და აშშ-ის საელჩოს ძალისხმევით ძლივს გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გია აბდალაძემაც აღიარა დანაშაული. ვინ იცის, რა მდგომარეობაში იყო ამ დროს. სხვათა შორის, აღიარებითი ჩვენება დემოკრატიულ ქვეყნებში საკმარის მტკიცებულებად არ ითვლება.

ძვირად ღირებული ფოტოგრაფია

რამდენად ძვირად ღირებულია შეჩერებული წამი ფოტოგრაფიაში ან  წამის მეათასედში დანახული  რეალობა? რომელი ფოტოები ფასობს ყველაზე მეტად?

KvirisPalitra.Geმსოფლიოში არსებობს კლასიკად ქცეული ფოტოგრაფია. წლების გასვლის შემდეგ (როცა ფოტოგრაფი ცოცხალი აღარც არის) ფოტო  აუქციონზე ლამის ფერწერული შედევრის  ფასად იყიდება. მაგალითად, ანსელ ადამსის (ამერიკელი ფოტოგრაფი) "ამომავალი მთვარე" 609 ათას დოლარად გაიყიდა.

ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფოტო 1951 წელს ფოტოგრაფმა არტურ სასემ შემთხვევით გადაიღო. იმ დღეს ფიზიკოსს 72 წელი შეუსრულდა.KvirisPalitra.Ge უნივერსიტეტში ფოტოგრაფი რომ შენიშნა, ეშმაკურად ენა გამოუყო. ფოტო თავის დროზე 74.324 დოლარად გაიყიდა.

KvirisPalitra.Geარსებობს ბევრად ძვირად ღირებული ფოტოებიც. მაგალითად, ალფრედ სტიგლიცის 1919 წელს გადაღებული ერთი ფოტო თითქმის მილიონ-ნახევარ (1.472.000) დოლარად შეფასდა. ფოტოგრაფმა ფირზე ცოლის ხელები აღბეჭდა. ცხადია, ფოტოსაც "ხელები" ეწოდება. რას წარმოიდგენდა ფოტოგრაფი, თუ წლების შემდეგ ეს ფოტო კლასიკად იქცეოდა.

ძვირად ღირებულ ფოტოებს შორის გამორჩეულია ადამიანური ტრაგედიის ამსახველი ფოტოები, რომელთა უმრავლესობა ან სისხლისმღვრელ შეტაკებებსა და ომებში, ან სტიქიური უბედურების დროს არის გადაღებული.

KvirisPalitra.Geმაგალითად, 1968 წლის თებერვალში საიგონში სამოქალაქო ომი დაიწყო, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. "ასოშიეითედ პრესის" ფოტოკორესპონდენტ ედი ადამსის ობიექტივში უნიკალური კადრი მოხვდა - როგორ დაატყვევეს სამხრეთ ვიეტნამის მარიონეტული რეჟიმის მებრძოლებმა ერთი პარტიზანი. გენერალმა როგორც კი ფოტოგრაფი დაინახა, ტყვეს მაშინვე თავზე რევოლვერი მიაბჯინა და ჩახმახს გამოჰკრა. ეს ყოველივე ფოტოგრაფის კადრში აისახა. "გენერალმა ვიეტნამელი მოკლა, მე გენერალი მოვკალი ჩემი ფოტოაპარატით!" - განაცხადა მოგვიანებით ფოტოგრაფმა.  უცნობია, რა თანხა მიიღო მან გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებში ე. წ. ომის ფოტოგრაფების გასამრჯელო რამდენიმე ათას დოლარს აღწევს. ფოტოგრაფს შეუძლია გაწეული რისკის გათვალისწინებით ივაჭროს კიდეც.