"ბუნტის დროს, ღამის 4 სთ-ზე, პატიმრებმა მცირეწლოვანი ბავშვი გადმოკიდეს ფეხით. არ დაგავიწყდეთ, აღდგომის ღამე იყო". - კვირის პალიტრა

"ბუნტის დროს, ღამის 4 სთ-ზე, პატიმრებმა მცირეწლოვანი ბავშვი გადმოკიდეს ფეხით. არ დაგავიწყდეთ, აღდგომის ღამე იყო".

"გაბრუებულ და ჭკუიდან გადასულ 700 ქალთან გამკლავება ბადრაგს არ შეეძლო".

18 აპრილს ქალთა კოლონიაში ბუნტში მონაწილეთა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ბუნტის მოწყობის ორგანიზებაში 38 ქალია ბრალდებული. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ საკმაოდ მძიმე სასჯელი ემუქრებათ. თუმცა, შესაძლოა, ხელისუფლება მხოლოდ პატიმარი ქალების დასჯას არ დასჯერდეს და ბუნტისთვის პასუხი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც აგებინოს, მით უმეტეს, ამის ნიშნები უკვე არის. რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატმა უკვე გამოთქვა შეფარულად პრეტენზია ოპოზიციის მისამართით.

თამარ წერეთელი, ბრალდებულების ადვოკატი: "ყველას აინტერესებს, რატომ მოხდა ციხეში ბუნტი? ამბობენ, რომ არეულობა შეწყალების სიების გამოქვეყნებამ გამოიწვია. მთლად ასე არ არის. იმ პერიოდში საქართველოში პოლიტიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ოპოზიციამ საზოგადოებას მასობრივი არეულობებისა და დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლით უნდა დასრულებულიყო. პატიმრის ფსიქოლოგია როგორიც არის, ყველამ ვიცით. ჰგონია, რომ უდანაშაულოა და ნებისმიერი გზით უნდა გავიდეს ციხიდან. პოლიტიკურმა მოწოდებებმა და დაპირებებმა ნაყოფი გამოიღო, საბაბი კი ჯოხის აქნევა შეიძლებოდა გამხდარიყო. თუ ახლა გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რა ეშველება ამ ხალხს? მათი ცხოვრება ხომ ჩირის ფასიც აღარ იქნება? მე ვსვამ კითხვას: ვის აკისრია ამ გაუბედურებულ 38 ქალზე პასუხისმგებლობა? ძალიან ადვილია, ხალხს მოუწოდო მასობრივი დაუმორჩილებლობისაკენ და შედეგზე პასუხი არ აგო. ხომ ხედავთ, რას ამბობენ მოწმეები? ამბოხებული ქალების ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა იყოო. მათ, ვინც ხელი შეუწყეს ამ პროცესს, შემდეგ ერთხელ მაინც თუ  იკითხეს ამ ხალხის ამბავი? თითო ხაჭაპურიც არავის შეუგზავნია მათთვის  ციხეში".

მაინც რა მოხდა ქალთა კოლონიაში 18 აპრილის ღამეს? ორი ვერსია არსებობს. პატიმრები ირწმუნებიან, რომ ბუნტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინსპირირებული იყო, რათა "მატროსოვი" გაყიდულიყო. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან:

- ბუნტში ბრალდებული პატიმრები ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ხელისუფლების ინსპირირებული იყო  იმისათვის, რომ "მატროსოვის" ტერიტორია ინვესტორისთვის მიეყიდათ.

- ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს საზღვარი, სიცრუესაც კი. მატროსოვის ციხე ნახევრად ღია დაწესებულებაა, სადაც განთავსებულია მიუსჯელ არასრულწლოვანთა დაწესებულება, ქალთა კოლონია და ქალთა ციხე. ბუნტის დროს განადგურდა ქალთა კოლონია, ბავშვთა კოლონია და ქალთა ციხე კი დღემდე ფუნქციონირებს. თუ ეს ტერიტორია გასაყიდად უნდოდა სახელმწიფოს,  აქამდე რას ველოდებით? ასეც რომ ყოფილიყო და სახელმწიფოს მისი საკუთრების გაყიდვა მოენდომებინა,  რად უნდოდა ამას  ბუნტი?

- ბუნტი დღის 3 საათზე დაიწყო. რატომ არ მიიღო ადმინისტრაციამ ზომა მის დროულად აღსაკვეთად? მაშინ ხომ პატიმართა პროტესტი ფართომასშტაბიან არეულობაში არ გადაიზრდებოდა?

- 18 აპრილი იყო, აღდგომის წინა დღე. 4 საათზე  პატრიარქთან შეხვედრაზე ვიყავი. შინ დაახლოებით ხუთის ნახევარზე მივედი. მალე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დამიკავშირდა და მაცნობა, რომ ქალთა კოლონიაში არეულობა იყო. 5 წუთში იქ ვიყავი. გარეთ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დამხვდნენ. კოლონიაში შევედით. ჩემთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 12 თანამშრომელიც შემოვიდა. სხვათა შორის, გარეთ მდგომი ოპოზიციის ლიდერები უშვერად გვლანძღავდნენ.

- გაგინებდნენ?

- დიახ, "მოგვიკითხეს დედები", გაიძახოდნენ, მოვიდნენ მუტრუკები ქალების დასაწიოკებლადო. ამ დროისთვის დაახლოებით 700 ქალი იყო გარეთ გამოსული. ვცდილობდი, როგორმე დამეყოლიებინა და სასადილოში გადამეყვანა, რათა მოლაპარაკება დაგვეწყო, მაგრამ ეს  შეუძლებელი აღმოჩნდა. არაფრის გაგონება არ უნდოდათ. მათი არგუმენტი ის იყო, რომ არ უნდა მსხდარიყვნენ ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან. ერთადერთი მოთხოვნა და ლოზუნგი იყო "თავისუფლება ქალებს". ერთი სიტყვით, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. მას შემდეგ, რაც ჩემს მოადგილეს კისერზე "შტირი" მიადეს, იძულებული გავხდით, ტერიტორიიდან თანამშრომლებიც გამოგვეყვანა და ჩვენც გამოვსულიყავით.

- ტერიტორიაზე ხომ იყო დაცვა, ბადრაგი...

- ჩვენ რომ ბადრაგი და თანამშრომლები არ გამოგვეყვანა, არავინ იცის, რას მოსწევდნენ. დაიწყო თუ არა ბუნტი, ოცამდე მსჯავრდადებულმა სამედიცინო ნაწილის კარი შეანგრია, სცემა პერსონალს, გაიტაცეს ფსიქოტროპული წამლები, გაიტანეს და დალიეს სპირტი. გაბრუებულ და ჭკუიდან გადასულ 700 ქალთან გამკლავება, ცხადია, ბადრაგს არ შეეძლო. ეს ძალზე ცუდად დამთავრდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა ტერიტორია.

- ვითარება რომ უმართავი გახდა, ეს თქვენ ჯერ კიდევ საღამოს 6 საათზე იცოდით. რატომ არ შეიყვანეთ სპეცრაზმი დაწესებულებაში? რატომ მიეცით საშუალება პატიმრებს, ბაკქანალია ღამის 4 საათამდე გაეგრძელებინათ?

- აუცილებელია იმის გახსენება, რა პოლიტიკურ ფონზე მიდიოდა ეს პროცესი. ამ დროს მატროსოვის ქუჩაზე ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იდგნენ და ღიად აცხადებდნენ, სპეცრაზმს არ შემოვუშვებთო. ამის გათვალისწინებით, გამოირიცხა სპეცრაზმის მატროსოვის ქუჩიდან შეყვანა. ეს რომ გაგვეკეთებინა, გარდაუვალი იყო შეტაკება გარეთ მყოფ ხალხსა და სპეცრაზმს შორის.

- გამოდის, ქალთა კოლონიაში ამბოხი ოპოზიციის ინსპირირებული იყო. მაშინ დაასახელეთ, ვინ მართავდა ამ პროცესს?

- ამ ეტაპზე გვარების დასახელებისაგან თავს შევიკავებ მხოლოდ იმიტომ, რომ ციხის ამბოხის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არ მინდა ვინმემ ჩემი განცხადებები სასამართლოზე ზეწოლად შეაფასოს. ის, რომ პროცესს გარედან მართავდნენ და ამბოხების ლიდერებთან კავშირი ჰქონდათ, ფაქტია და ამას ვადასტურებ. პატიმრებმა ციხის თანამშრომლებს მობილური ტელეფონები წაართვეს და ამ გზით დაამყარეს კავშირი გარეთ მყოფებთან. სამწუხაროდ, ახლა ვერ გადმოგცემთ ფირს, სადაც ჩაწერილია, როგორ აძლევდა ერთი ოპოზიციონერი დირექტივებს ამბოხებულ პატიმრებს. მათი საუბარი რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ჩაწერა და ეს ფირი სასამართლოსაც აქვს.

- ნანა კაკაბაძეს გულისხმობთ?

- გვარს ვერ დავასახელებ, სანამ არ დამთავრდება სასამართლო პროცესი.

ასეთი რთული მდგომარეობის გამო გადავწყვიტეთ, სპეცრაზმი მტკვრის მხრიდან შეგვეყვანა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცრაზმმა ტარანებით დაახლოებით 10-15 წუთში გაანგრია ბეტონის კედლები და დაწესებულებაში შევიდა. სპეცოპერაციის პირველი ნაწილი ღამის 12 საათზე უკვე დასრულებული იყო. ღამის ორი საათიდან ოთხამდე მაინც ვცდილობდით, ქალები როგორმე მოლაპარაკებაზე დაგვეყოლიებინა. მაინც აღდგომის ღამე იყო და არ გვინდოდა, სპეცრაზმის გამოყენება.

ქალთა კოლონიაში სამი მცირეწლოვანი ბავშვია. ღამის 4 საათისთვის დაიწყეს ყვირილი, ბავშვებს გადმოვყრითო და ერთ-ერთი მართლაც გადმოკიდეს ფანჯრიდან ფეხით (საქმეში იმ პატიმარი ქალის ჩვენებაც არის, რომელსაც ბავშვი   წაართვეს). ამის შემდეგ გადავწყვიტე სპეცოპერაციის დაწყება, რომელიც  სულ 40 წუთს გაგრძელდა. პატიმართა დიდი ნაწილი, დაინახა თუ არა სპეცრაზმი, იატაკზე დაჯდა და არც განძრეულა.

- როცა ამბოხი მზადდება, ციხის ადმინისტრაციას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და მოახერხოს ორგანიზატორების განეიტრალება. ეს არ მოხდა და ესეც არის ეჭვის საბაბი.

- საქმე ის არის, რომ ეს იყო ნახევრად ღია დაწესებულება და კარცერი არც ჰქონდა. შეიძლება მიამიტური რაღაც ვთქვა, მაგრამ აღდგომის ღამეს ვერც ერთი ნორმალური ადამიანი მოიფიქრებდა, რომ ასეთ ამბავს მოაწყობდნენ.

- პატიმრები ამბობენ, სპეცრაზმი მაშინ შემოიყვანეს, როცა  უკვე დაწყნარებული ვიყავით, ხელში სანთლებით ვიდექით და პატრიარქის მოსვლას ველოდითო...

- ვინ უთხრა მათ, რომ პატრიარქი აპირებდა მისვლას? ადმინისტრაცია გასული იყო ტერიტორიიდან. დაწესებულება პატიმრების ხელში იყო გადასული. 10-საათიან ბაქკანალიას არც ერთ ქვეყანაში არ დაუშვებდნენ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ასეთი მოთმინება (პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე) აბსოლუტურად სწორი იყო.

- არც იმის დავიწყება ღირს, რომ პატიმრები შეწყალების სიების გამოცხადების შემდეგ აბუნტდნენ. პატიმრებისაგან უამრავ წერილს ვიღებდი, სადაც მუდმივად სვამდნენ კითხვას, თუ რატომ იწყალებდნენ მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულებს მაშინ, როცა მსუბუქი დანაშაულისთვის პატიმრობამისჯილები ციხეში რჩებოდნენ?

- სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის ხელმძღვანელობა არ მონაწილეობს შეწყალების პროცესში და ამაზე პასუხისმგებელი, ბუნებრივია, მე ვერ ვიქნებოდი...

- გასაგებია, მაგრამ უსამართლობის განცდა პატიმრებში სწორედ ამ ფაქტმა რომ აღძრა, ცხადია.

- მაშინ მე გკითხავთ: ვთქვათ, თქვენს მეგობართაგან ერთ-ერთი უცბად გამდიდრდა. ეს გაძლევთ იმის უფლებას, ავტომატი აიღოთ და ქონება წაართვათ?

- ბატონო დიმიტრი, მგონი, ეს ადეკვატური შედარება არ არის.

- უსამართლობის განცდა, რომელიც კანონის დარღვევას იწვევს, ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება მეც მქონდეს უსამართლობის განცდა, მაგრამ ამან უნდა მიბიძგოს კანონით აკრძალული ქმედებისკენ? უსამართლობის განცდა მაქვს, 7 დღე კვირაში 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ მე და ჩემი თანამშრომლები. რატომ სხედან ციხეში, პატიმრებმა კარგად იციან, მაგრამ მე და ჩემი 4000 თანამშრომელი რატომ ვსხედვართ, ეს ჩვენც არ ვიცით. გასაგებია, რომ ეს ქვეყანას სჭირდება და ვალდებული ვართ, მაგრამ მეც მაქვს უსამართლობის განცდა, აღდგომის ღამეს რომ ციხეში ვხვდები.

- ჩვენ სახელმწიფო გვეუბნება, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართო. თუ ჩემი მეგობარი გამდიდრდა და მე კი ვერა, ნამდვილად არ გამიჩნდება უსამართლობის გრძნობა, ესე იგი მან მეტი შნო გამოიჩინა, ვიდრე მე, მაგრამ როდესაც სხვა უფრო მეტად დამნაშავეა, ვიდრე მე და სახელმწიფო რატომღაც მასთან უფრო გულმოწყალეა, ეს ნამდვილად გამიჩენს პროტესტის გრძნობას.

- როდესაც მინისტრი გავხდი, მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, ერთ-ერთმა პატიმარმა კედელზე თავი მიილურსმაო. თურმე იმ ქალს და მის ქმარს ერთად ორი პოლიციელი მოუკლავთ. ასეთი ხალხიც ლაპარაკობს უსამართლობაზე?

- ბატონო დიმიტრი, ციხეში ყოველთვის მოიძებნება ასეთი მაგალითები, მე სხვა შემთხვევებს ვგულისხმობ.

- იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ მცირე სასჯელი, ვუხსნიდი, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია ამოქმედდებოდა და ციხიდან გავიდოდნენ. შეწყალების კომისიაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. პატიმრებს ვუხსნიდით, რომ ვადამდე გათავისუფლდებით, მაგრამ თუ ბუნტი გაგრძელდება, ვერ დაგეხმარებით, აქ უკვე სხვა უწყებები - პროკურატურა და სასამართლო ჩაერევიან და ვეღარ დაგეხმარებით-მეთქი. უსამართლობის განცდა ისეთი ფილოსოფიური საკითხია, რომლითაც მანიპულირება ძალზე ადვილია. 1992 წელს ერთხელ უკვე გაიღო ციხის კარი. ამას თერთმეტწლიანი უბედურება მოჰყვა, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, გარწმუნებთ, ასეთი რამ ქვეყანაში აღარ განმეორდება.

- ბოლო შემთხვევამ, რომლის დროსაც დამნაშავემ პოლიციელები დანით დაჭრა (ერთი სასიკვდილოდ), ცხადი გახადა, რომ შეწყალების პოლიტიკა მართლაც არ იყო სამართლიანი.

- არავინ უარყოფს, რომ რეხვიაშვილის შეწყალება შეცდომა იყო. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ხალხი, რომელიც ბუნტს ორგანიზატორობდა, უსამართლობის მსხვერპლობას ნამდვილად ვერ დაიბრალებს. ეს არის ხალხი, რომელსაც მისჯილი აქვს 25-30 წელი. რა უსამართლობის განცდა შეიძლება ჰქონდეს ქალს, რომელმაც შვილი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ის ფეხმძიმედ იყო. მან მოკლა არა მარტო შვილი, არამედ შვილიშვილიც.  პროტესტი რომ გამოეთქვათ მათ, ვისაც მისჯილი ჰქონდათ 2-3 წელი, კიდევ გასაგებია, მაგრამ იქ არის ხალხი, რომელთაც ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი მძიმე დანაშაულებისათვის.

- პატიმარი ქალები იმასაც ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ ეს ბუნტი ცოდვების დასაფარად გამოიყენა.   ამტკიცებენ, რომ ზარალის ჩამონათვალში არის ნივთები, რომლებიც არასოდეს უნახავთ და რომ ადმინისტრაციამ დანაკლისი ამ ბუნტით "გააპრავა".

- კონკრეტულად?

- მაგალითად, პატიმრები ამბობენ, განადგურებული ნივთების სიაში პიანინოა მოხსენიებული, რომელიც თვალით არ გვინახავსო...

- რამდენადაც ვიცი, პიანინოზე კი არა, როიალზეა ლაპარაკი. თავიდან როიალი იყო, მერე პიანინო გახდა და ახლა, მგონი, აკორდეონსაც მიამატებენ. თქვენი გაზეთის მეშვეობით  საქვეყნო აღიარება მინდა გავაკეთო: დიახ, ჩვენ მოვაწყვეთ ბუნტი იმისათვის, რომ ბუჩქებში ჩამალული როიალი "გაგვეპრავებინა" და ეს 12 მილიონი დაგვიჯდა. სწორედ ამ როიალის გამო დავრჩით უპრემიოდ და ურემონტოდ სამინისტროში, სწორედ ამ როიალის გამო ვაშენებთ ახალ თანამედროვე ქალთა დაწესებულებას, რომელიც 2010 წელს შევა ექსპლუატაციაში. ამ წუთში კი ამ ამბის "გაპრავებით" ვართ დაკავებული. ვისაც როიალის ბედი აღელვებს და იმას იძიებს, იყო თუ არა როიალი დაწესებულებაში, ვეტყვი, რომ  არც თეთრი, არც წითელი და არც შავი როიალი "მატროსოვზე" არ ყოფილა.

- მაშინ თქვენი ვერსია მითხარით, რატომ მოხდა ბუნტი?

- დასრულდება სასამართლო პროცესი და პირობას გაძლევთ, გეტყვით. ძალიან მეცოდებიან ის ქალები, რომლებიც ამ გაუგებრობაში მოჰყვნენ, აყვნენ რამდენიმე ორგანიზატორ ქალს და დაიმძიმეს მდგომარეობა.