"პატრიარქის სურათმა არ მომცა თავის მოკვლის უფლება" - კვირის პალიტრა

"პატრიარქის სურათმა არ მომცა თავის მოკვლის უფლება"

"გრიფით საიდუმლო" ინტერვიუ გიორგი აბდალაძესთან

ჯერ ეიფორიაშია. ცდილობს მხიარული იყოს, მაგრამ მაინც ეტყობა, რომ დათრგუნვილია. არც კი ვიცი, რა ვკითხო და როგორ. მისი განაჩენი და შესაბამისი სტრუქტურების გაფრთხილებები არ მაძლევს თავისუფალი გამოკითხვის საშუალებას. არადა, რამდენი კითხვა მაწვალებს. ოფიციალური გაფრთხილების მიხედვით, "იმ შემთხვევაში, თუ ფოტოგრაფები გააპროტესტებენ საპროცესო შეთანხმებას ან ზეწოლაზე ალაპარაკდებიან, ციხეში დაბრუნდებიან." ალბათ, ეს იმასაც გულისხმობს, რომ ფოტოგრაფები ჟურნალისტებთან დიდად გულახდილნი არ უნდა იყვნენ. იმის გამო, რომ ორივეს მოზომილად უნდა გველაპარაკა, პირველად აღმოვჩნდი უხერხულ მდგომარეობაში. მე ვერ გთავაზობთ ამომწურავ ინფორმაციას ჯაშუშობაში ბრალდებული ჩემი მეგობრისგან:

KvirisPalitra.Ge- განსაკუთრებულს ვერაფერს მოგახსენებთ. უბრალოდ, გმადლობთ ყველაფრისთვის, გმადლობთ მხარდაჭერისთვის. ძალიან დათრგუნვილი ვარ, არასდროს დამავიწყდება, რაც განვიცადე.ციხე პარალელური სამყაროა, სადაც ცხოვრება ძალიან მძიმეა. საკანში მხოლოდ თანამოსაკნესა და რადიოს ვუსმენდი. ანტენა საგანგებოდ უნდა შეგეტრიალებინა და ხელით დაგეჭირა, რომ რადიო "პალიტრისთვის" გესმინა. ვიდექი ხელაწეული და ვუსმენდი ამბებს ჩემ შესახებ. იმის შიშით, კავშირი არ გაწყვეტილიყო, მეორე ხელსაც ვერ ვანაცვლებდი. როდესაც საინფორმაციო გამოშვება მთავრდებოდა, მოცელილი ვეშვებოდი ნარზე.

ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ეს იყო მეორე ციხე ცხინვალის შემდეგ. ღმერთმა დამიფაროს, მეტს ვეღარ გავუძლებ, მიუხედავად იმისა, რომ მეგონა, ძლიერი ვიყავი...

- რა განცდა დაგეუფლა, როდესაც შენი განაჩენი გაიგე, როდესაც გითხრეს, რომ გათავისუფლებდნენ და თანაც მძიმე ტვირთს გატანდნენ ბრალდებების სახით.

- ძნელია ასე სწრაფად დასკვნის გაკეთება. როდესაც ციხეში ხარ და გეტყვიან, რომ გათავისუფლებენ, უპირველესად იმაზე  ფიქრობ, რომ ისევ ცის ქვეშ ივლი თავისუფლად. ვერ გეტყვი, რომ არ მიფიქრია იმაზე, ვინ როგორ შემხედავს, ვინ რას მეტყვის, ვინ ვიქნები საზოგადოებისთვის, მაგრამ... იყო მომენტი, ვენების გადაჭრაზეც ვიფიქრე. ეკა ბესელია მეუბნებოდა, მედია და საზოგადოება მხარს გიჭერს, არ დათმო, ჩვენ მაგრად ვდგავართო.

- უიმედობა დაგეუფლა?

- მე რაინდი არ ვარ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ... ციხეში ყველაზე მთავარი სიზმარია. პატიმარი რომ სიზმარს ხედავს, ბედნიერია. მე არაფერი დამსიზმრებია. ჩემს თანასაკნელს დასიზმრებია, შენ რომ საკანში არ შემოხვედი, სიზმარი ვნახე, გზაზე მივდიოდი, სამმა კაცმა ძველისძველი "გაზ 21"-ით გადამიჭრა გზა, მგონი, ეტაპით გადავყავარ ზონაში და მეშველაო. ჩემზე აუხდა ის სიზმარი, 21 ივლისს გამიყვანეს საკნიდან, სამი კაცი იჯდა ოთახში და მითხრეს, თავისუფალი ხარო.

- როგორ დაემშვიდობე ციხეს?

- მკითხეს, ჩვენზე ნაწყენი ხომ არ ხარ, ძმაოო? ღმერთმა მომიტევოს ცოდვები და მე მზად ვარ ყველას ყველაფერი მივუტევო. იქ, საკანში მივხვდი, რომ ადამიანის ყველაზე დიდებული თვისებებია მოთმინება და მიტევება. მიტევება კიდევ უფრო დიდებულია და წრფელად მიტევება მხოლოდ ჩვენს პატრიარქს შეუძლია.

საკანში კედელზე უწმინდესის სურათი იყო, როგორც კი უიმედობა მეუფლებოდა, ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ძალას მაძლევდა. ვფიქრობდი პატრიარქზე, მის თანადგომაზე. მჯეროდა, რომ გვერდით დამიდგებოდა, და ჩემს ოჯახზე, რომელზე ძვირფასიც არავინ და არაფერი მაბადია. ჩემი საბანკო ანგარიშები რომ ნახეს, დამცინეს, ჯაშუშს ფული არ უნდა გქონოდაო? ორი ბანკიდან მაქვს ვალი აღებული.

პატრიარქის სურათმა არ მომცა თავის მოკვლის უფლება. საკანში ჩემთან ერთად ვინც იჯდა, გამუდმებით ლოცვებს კითხულობდა. დადგებოდა პატრიარქის სურათის წინ და როდესაც ლოცვას იწყებდა, საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა. თავიდან ველოდებოდი, ლოცვას როდის დაიწყებდა, მერე მე თვითონ ვეხვეწებოდი, ადექი, წაიკითხე-მეთქი და ისე ლოცულობდა, ეკლესიაში მეგონა თავი. მეც ვადევნებდი გულისხმას მის ლოცვას და პატიმრების სახელებს რომ ჩამოთვლიდა, ღმერთო, ამათ დაეხმარეო, ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი. იქ ყველა პატიმარი შეწყალების იმედით ცხოვრობს. ბევრს გაჭირვებული ოჯახი ჰყავს და პატიმრის ბარათზე ფულის ჩარიცხვა არ შეუძლიათ ოჯახის წევრებს. ამიტომაც, თუ ვინმეს ეხმარება ოჯახი, დახმარება ყველაზე ნაწილდება. იქ ზის ხალხი, ვისაც ცხოვრების შანსი უნდა მისცე და მჯერა, რომ ციხეში მეორედ აღარ მოხვდებიან. ერთს დაბადების დღე ჰქონდა. ცხადია, იმ დღეს მის ბარათზე ერთი თეთრიც არ ჩარიცხულა. ბიჭებმა საკნებიდან ერთმანეთს გადასძახეს, დაბადების დღე აქვს, კაცოო, და სიგარეტები მიუვიდა საჩუქრად. ეს იყო ის, რისი გაკეთებაც შეძლეს მის ბედში მყოფებმა.

- შენმა აღიარებამ გაგვაკვირვა, მით უმეტეს, რომ თარიღები ძალიან აურიე.

- როდესაც აღიარებით ჩვენებაზე დავთანხმდი, გავაფრთხილე, რომ თარიღები გადაემოწმებინათ, არ ვიცი, რატომ არ გადაამოწმეს. ეტყობა, ძალიან გაუხარდათ ჩემი თანხმობა და ჩანაწერის გახმაურება იჩქარეს.

- როდესაც გითხრეს, რომ გათავისუფლებდნენ, არ გაგიკვირდა? ასეთი მოწყალების მიზეზი არ იკითხე?

- გამიკვირდა, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ გათავისუფლებენ, ციხეში მყოფი ამ დროს გაკვირვების უნარს კარგავ და კითხვა აღარ გიჩნდება, რატომ დაგიჭირეს ან რატომ გათავისუფლებენ.

- ადვოკატებმა თქვეს, რომ თურმე პროკურორები ანეკდოტებს გიყვებოდნენ. ესეც "გრიფით საიდუმლო" ხომ არ არის? რაზე ხუმრობდნენ ძალოვნები?

- როდესაც გაიგეს, რომ ქუთაისელი ვიყავი, ჭიჭიკია ამოიჩემეს. ერთი დამამახსოვრდა განსაკუთრებით. ჭიჭიკია გაჭირვებულია. ერთხელაც მიქელ-გაბრიელი გამოეცხადება. ეტყვის, დაგეხმარები და გამდიდრდებიო. ექიმბაშობა დაიწყე, პაციენტები რომ მოვლენ, გამოგეცხადები. ფეხებთან თუ დავუდგები კაცს, ე.ი. გადარჩება და დაალევინე ბალახბულახი, თუ თავთან დავდგები, ე.ი. მოკვდება და შეეშვიო. გამდიდრდა ჭიჭიკია, მაგრამ ერთ დღესაც რომ გაიღვიძა, დაინახა, მიქელგაბრიელი ადგას თავზე. სასწრაფოდ შებრუნდა ფეხებით სიკვდილის ანგელოზისკენ, მაგრამ ის მაინც თავთან აღმოჩნდა. ასე იტრიალა კარგა ხანს. ბოლოს დაიღალა სიკვდილი და ჭიჭიკიას უთხრა, ე, ბიჭო, ჭიჭიკია, კაცურად მინდა წაგიყვანო, თორემ სულს საიდანაც მინდა, იქიდან ამოგაძრობო.

- ხელით არ შეგხებიან?

- არა, ხელით არავინ შემხებია.

- გიო, რას აპირებ მომავალში?

- მე ვთქვი, რომ ჩემი, როგორც რეპორტიორის კარიერა ცუდად, მაგრამ დამთავრდა.

შეიძლება გადავიღო დაბადების დღეები, ქორწილები. აბა, წარმოგიდგენიათ, მე პოლიტიკური პრესკონფერენციები ან მიტინგები როგორ უნდა გავაშუქო?