"ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სრული გამარჯვება!" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სრული გამარჯვება!"

ეკა ბესელია: "გიორგი ბრძოლაში რომ გამომყოლოდა, უბედნიერესი ვიქნებოდი"

უცნაური ქვეყანაა საქართველო - აკაციის სარების მოჭრისთვის მოქალაქეებს ციხეში სვამენ, სამშობლოს ღალატში მსჯავრდადებულ ჯაშუშებს კი სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ.

2011 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების: ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ნათელა გედენიძის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. ღია სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაამტკიცა პროკურატურასა და "ჯაშუშებს" შორის  საპროცესო შეთანხმება. "ჯაშუშები" დამნაშავედ ცნეს და პირობითი სასჯელები აკმარეს. ზურაბ ქურციკიძეს - 3 წლით, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს - 4 წლით, ნათელა გედენიძეს კი 1 წლითა  და 6 თვით პირობითი მსჯავრი დაედოთ და  დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო დარბაზიდან.

საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, თუ ჯაშუშები ამხილა ხელისუფლებამ, მათი საპროცესო გარიგებით გათავისუფლება რომელი ლოგიკური ტესტის ნაწილია? ბუნებრივია, ამ ტესტის პასუხი საზოგადოებას აქვს და ხელისუფლებას სულ ტყუილად ჰგონია, რომ ჩვენი სასამართლოს განაჩენი უტყუარია. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თავად შექმნა იმის პირობა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი არაფრის მთქმელ და მქმნელ ფურცლად გადაქცეულიყო.

ფოტორეპორტიორების გათავისუფლება უკვე შეფასდა საზოგადოების გამარჯვებად, თუმცა სხვანაირადაც შეიძლება ითქვას ყველაფერი  ეს იყო ხელისუფლების მარცხი, მაგრამ არა აწ უკვე მსჯავრდადებულების გამარჯვება. სამშობლოს მოღალატისა და ჯაშუშის იარლიყი გამარჯვებად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, რა დგას ამ იარლიყისა და აღიარების უკან.

ეკა ბესელია, ადვოკატი: "მიმაჩნდა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით განაჩენი საპროცესო შეთანხმებით არ უნდა დასრულებულიყო. სწორედ ამიტომ არ მოვაწერე ხელი საპროცესო შეთანხმებას. ეს საქმე უნდა გაგრძელებულიყო და დასრულებულიყო საქმის არსებითი განხილვით. პირველად ჩემი საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში დავდექი დილემის წინაშე, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეუბნებოდა, რომ მზად იყო ხელი მოეწერა საპროცესო შეთანხმებისთვის და მე უარზე ვიყავი. ამ საქმეში ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სრული გამარჯვება. გამარჯვება იქნებოდა მაშინ, როცა ჩვენ გამამართლებელი განაჩენი გვექნებოდა ხელში. გიორგი აბდალაძე ბრძოლაში რომ გამომყოლოდა, უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი. გიორგის საპროცესო შეთანხმების გაფორმების დღეს დააწერინეს საქმიდან ჩემი აცილება. როცა გიორგიმ მთხოვა, მომეწერა ხელი შეთანხმებაზე, ვუთხარი, არ მჯერა, რომ ჯაშუში ხარ-მეთქი. მით უმეტეს, ვხედავდი, იძულებით მოქმედებდა. ამაზე ხელი რომ მომეწერა, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდი. ხელისუფლებამ  თუ დაამტკიცა მათი დანაშაული, მაშინ ახსნას, რას ნიშნავს გათავისუფლება ორ კვირაში?

-ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფოტოკორესპონდენტებისგან ისეთი ინფორმაცია მიიღო, რომ ყველა ჯაშუშის სული მის ხელშია.

-ჩემთან ერთად დაკითხულ გიორგი აბდალაძეს არავინ დაუსახელებია. ერთადერთი, რაც თქვა, ის იყო, სტენოგრამა საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი საინფორმაციო განყოფილებიდან ავიღეო. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაჭერა უნდა პროკურატურას, თქვას პირდაპირ. თუ უჩემოდ დაჰკითხეს და მაშინ გაშიფრა ქსელი, ვერ გეტყვით. ისე კი უადვოკატოდ დაკითხვას  ღირებულება არა აქვს და ის დაუშვებელ მტკიცებულებად ითვლება.

გიას ფოტოსურათები აჩვენეს და ჰკითხეს, რომელი მათგანი გცემდა ცხინვალის ციხეშიო. მან ერთ-ერთი ამოიცნო. ეს არის ის ძვირფასი ინფორმაცია? ამ დროს არ შერცხვათ, ეთქვათ, რომ სრულიად მორღვეული საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვთ, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია ხელში ჩაიგდოს საიდუმლო ინფორმაცია. მაინტერესებს, დადგება თუ არა ვაშაძის პასუხისმგებლობის საკითხი.

-პროკურატურის გამოქვეყნებულ მასალაში მართლაც არის საიდუმლო დოკუმენტები. სამაგიეროდ, დაუფარავად არის მითითებული სტენოგრამის ჩამწერების გვარები.

-ეტყობა, მაგათაც უპირებენ დაპატიმრებას. საქმეში დევს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის, ოფიციალური შეხვედრების სტენოგრამები, რომლებიც საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს. არ მჯერა, რომ ეს დისკი აბდალაძის თუ მისი სიმამრის კომპიუტერიდან ამოიღეს. ჩვენ ხომ არ ვიცით იქ რა დისკი იდო? დისკი საქმეში შემთხვევით არ აღმოჩნდებოდა. ეს ვიღაცის ინტერესებში შედიოდა. "ვიღაც" კი ორი ადამიანია ' ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.

გამოძიებისთვის მთავარი იყო, მასალები არ ჩამვარდნოდა ხელთ ან საქმეზე არ დაწყებულიყო არსებითი განხილვა. ამიტომ ძალიან იჩქარეს. ხელისუფლება დამარცხდა, მაგრამ ბოლომდე გამარჯვებისთვის კიდევ ბევრი გვქონდა გასაკეთებელი. ეს იყო პრეცედენტი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!