კახი კალაძე: "რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს" - კვირის პალიტრა

კახი კალაძე: "რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს"

"ათვალწუნებული საამაყო შვილი"

"ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან არავის იმედზე არ ვყოფილვარ"

"კალაძეს მსოფლიო იცნობს და მისი მწარე გაკვეთილი ცუდი მაგალითი აღმოჩნდება ინვესტორებისთვის"

ცნობილი ფეხბურთელი ხელისუფლებამ და ნოღაიდელმა ერთნაირად დააღალატეს?!

ცნობილი ფეხბურთელის, კახი კალაძისთვის "არსენალ სითის" ქონების ჩამორთმევის საკითხი უკვე მთავრობის სხდომაზეც განიხილეს. გავრცელებული ცნობით, კალაძეს 2008 წლის დეკემბრამდე 38 მლნ 20 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა. მან თანხის ნაწილი - 18 მლნ 10 ათასი დოლარი შეიტანა ბიუჯეტში, მაგრამ 2008 წლიდან პრობლემამ იჩინა თავი. რუსეთ-საქართველოს ომმა ფორსმაჟორული სიტუაცია შექმნა და კალაძეს თანხის მოძიება გაუჭირდა. ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა არაერთი ინვესტორი, რომელთაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულეს, მაგრამ მთავრობის სხდომაზე  რომელიმე მათგანის დასჯაზე მსჯელობა ფიქრადაც არ მოსვლიათ.

რატომ დამთავრდა უშედეგოდ ერთ დროს სააკაშვილის ფავორიტი ფეხბურთელის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან?

"ნაციონალური არხები" კალაძის ბიზნესსაქმიანობის  მარცხს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს "კალაკაპიტალთან" დიდი ხანია საერთო აღარაფერი აქვს. ზოგიერთმა პროსახელისუფლებოდ განწყობილმა ჟურნალისტმა მოვლენებს წინ გაუსწრო და ინვესტორს სასტუმრო "კოლხეთის" ჩამორთმევა ჯერ კიდევ მაშინ "უწინასწარმეტყველა", ვიდრე მთავრობა "კალაკაპიტალისთვის" "არსენალ სითის" ჩამორთმევაზე იმსჯელებდა. იმხანად აღშფოთებულმა კალაძემ  "კვირის პალიტრას" განუცხადა, "საიდან მოიტანეს ტელევიზიებმა, რომ სასტუმრო "კოლხეთთან" რაღაც ვალდებულებები მქონდა შესასრულებელი? სასტუმრო ჩემი საკუთრებაა და თანხაც სრულად მაქვს გადახდილი. იქ ახლა რეკონსტრუქცია მიმდინარეობს". ნაციონალურმა ტელევიზიებმა კი რატომღაც "კოლხეთის" ძველი კადრები აჩვენეს.

საინვესტიციო პროექტით "არსენალ სითი" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და რეკრეაციულ ზონებს მოიცავს. სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებით კომპლექსის ტერიტორიაზე სამთავრობო ოფისებიც უნდა აშენებულიყო. საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით "არსენალ სითის" 2016 წლამდე 700 მლნ ინვესტიცია  უნდა განეხორციელებინა.

ეკონომიკის ექსპერტებისათვის გაუგებარია, რას მიიღებს ხელისუფლება ინვესტორისთვის "არსენალ სითის" ჩამორთმევით და რა ფასად გაყიდის. Mმოისურვებს კი სხვა ინვესტორი  სადავო მიწაზე ფულის დაბანდებას? ხომ არ არის ეს კალაძის დასჯის (იმის გამო, რომ ზოგჯერ ხელისუფლებისთვის მიუღებელ შეხედულებებს გამოთქვამს) და მისთვის 18 მილიონის წართმევის (თუ "შეწერის") საბაბი, რაც უკვე გადახდილი აქვს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული და იმის გასარკვევად, თუ როგორ აპირებს პრობლემებთან გამკლავებას, კახი კალაძეს მილანში დავუკავშირდით.

ახლა ის ჟურნალისტებთან სიტყვაძუნწობს, სატელეფონო ზარებსაც თითქმის აღარ პასუხობს და "კვირის პალიტრასთანაც" მხოლოდ მიმოწერა არჩია.

კახი კალაძე: - ომი უმთავრესი საფრთხეა ბიზნესისთვის. უცხო ქვეყნის ჯარები დედაქალაქიდან 40-ოდე კილომეტრში ახლაც დგანან. ყოველივე ამან გამოიწვია რეცესია, უცხოელი ბიზნესმენები დაფრთხნენ, რადგან განმეორებითი აგრესიის რეალური საფრთხე არსებობდა. სწორედ ამიტომაც ვთხოვეთ მთავრობას, დარჩენილი თანხის გადახდა გადაევადებინა, რაზეც რეაგირება არ მოუხდენიათ. ასე შეჩერდა 700-მილიონიანი ინვესტიცია, რომლის წყალობითაც ათი წლის განმავლობაში 25 ათასი კაცი დასაქმდებოდა. მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ჩვენთვის საპატრიარქოს კუთვნილი 14-15 ჰექტარი მიწა მოუყიდიათ.

- იქნებ თავის დროზე ვერ შეაფასეთ ის რისკები, რომლებიც საპრივატიზაციო ხელშეკრულების პირობებით გემუქრებოდათ?

- ასეთ საქმეს ყოველთვის მოსდევს  მაღალი დონის რისკი, მაგრამ ხელშეკრულებაში არის დამატებითი დამცავი მექანიზმებიც, მაგალითად, ფორსმაჟორული ვითარებისთვის.

- როცა ამ ბიზნესს იწყებდით, ქვეყნის პირველ პირთან ან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან (რომელიც მაშინ ოპოზიციონერი არ იყო) კარგი ურთიერთობა წარმატების იმედს გაძლევდათ?

- ხელისუფლებაში არავის იმედზე არ ვყოფილვარ და არც ამიტომ დამიწყია ბიზნესი. იმხანად მე და ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად დამუშავებული პროექტი წარვადგინეთ, მოძიებული გვქონდა თანხაც და გეგმას აუცილებლად შეესხმებოდა ხორცი, რომ არა სახელმწიფო სტრუქტურებში მავანთა ჭირვეულობა.

"რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს" - აი, ასეთი შერჩევითი სამართალი მოქმედებს საქართველოში. ეს რომ მხოლოდ მე მეხებოდეს, ხმას არ ამოვიღებდი. გადახედეთ, 2003 წლიდან რამდენი სამთავრობო თუ კერძო პროექტია დაუმთავრებელი. არ ვაპირებ დაზუსტებას, ისედაც ყველაფერს კარგად ხედავს ხალხი.

- რისი იმედი გაქვთ ან თქვენს უფლებებს როგორ დაიცავთ?

- მე მარტო არა ვარ, ჩემი პარტნიორია უცხოელ ბიზნესმენთა ჯგუფი და, რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენს კანონიერ უფლებებს. ახლა საჭირო დოკუმენტაციას ვუყრით თავს. სავარაუდოდ, საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება. დასანანია, რომ ეს ნამდვილად დააფრთხობს უცხოელ ინვესტორებს, ქართულ რეალობას სულ  სხვა თვალით შეხედავენ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი:

- მხოლოდ იმის გამო, რომ ცნობილი ფეხბურთელის შეხედულებები ხელისუფლებისთვის მისაღები არ არის, კალაძის ბიზნესს პრობლემა შეექმნა. იმ ბიზნესმენებს კი, რომლებიც ხელისუფლებას ერთგულობენ, სასათბურე პირობები აქვთ საქმიანობისთვის.

ცხადია, მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის საამაყო შვილსა და ცნობილ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე, ხელშეკრულებაში შეღავათები გათვალისწინებული ვერ იქნება, მაგრამ ხელისუფლება უფრო გაგებით უნდა მოჰკიდებოდა ამ საკითხს. უნდა გაეთვალისწინებინა, რომ 2008 წელს შეიქმნა ფორსმაჟორული ვითარება და მოლაპარაკების პროცესში 19 ათასი დოლარი კი არ უნდა დაერიცხა ყოველდღიურად ბიზნესმენისთვის, არამედ ვალის გადახდის მისაღები გრაფიკი უნდა შეეთავაზებინა.

ბოლოს და ბოლოს, კალაძეს მსოფლიო იცნობს და ეს მწარე გაკვეთილი ცუდი მაგალითი აღმოჩნდება იმისთვის, ვინც საქართველოში ინვესტიცირებას გეგმავს. თანაც კალაძეს დიდი თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა და არც დარჩენილის გადახდაზე ამბობდა უარს, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

ჩემი აზრით, კალაძისთვის ერთი უბედურება იყო ხელისუფლება, რომელთანაც ურთიერთობას იჭერდა, და მეორეს კი სახელად ზურაბ ნოღაიდელი ერქვა.

ამ უკანასკნელმა კალაძე ან შეიტყუა საქმეში ისე, რომ მოსალოდნელი რისკების თაობაზე არ გააფრთხილა, ან არ ეყო საამისო კვალიფიკაცია. ვფიქრობ, ცნობილი ფეხბურთელი ხელისუფლებამ და ნოღაიდელმა ერთნაირად დააღალატეს.