მოშე საპირი: "პროკურატურა დამნაშავე გამომძიებლებით არის სავსე, რომელთაც პასუხს არავინ სთხოვს, სასამართლო კი სავსეა პროკურატურის მორჩილი მოსამართლეებით" - კვირის პალიტრა

მოშე საპირი: "პროკურატურა დამნაშავე გამომძიებლებით არის სავსე, რომელთაც პასუხს არავინ სთხოვს, სასამართლო კი სავსეა პროკურატურის მორჩილი მოსამართლეებით"

"ქართველი ებრაელები ძალიან გულდაწყვეტილი ვართ"

"ბევრი ქართველი ებრაელი, რომელსაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა და ცხოვრება ჰქონდა განზრახული, უკანვე გამოიქცა"

"სასამართლო სხდომის ოქმის შემცირება და შესწორება სად გაგონილა?"

ქართულ მართლმსაჯულებას რომ პრობლემები აქვს, ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის, სიახლე აღარ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე მთელი სიმწვავით აისახება უცხოელ მოქალაქეებზე, კონკრეტულად კი მათზე, ვინც სატელევიზიო რეკლამის შემდეგ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ ისრაელიდან ებრაელი ადვოკატი დაგვიკავშირდა. გვითხრა, "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ვარ და მინდა, ჩვენი, ქართველი ებრაელების სატკივარი თქვენამდე მოვიტანოო.

KvirisPalitra.Geმოშე საპირი: - 13 წლის ვიყავი, ოჯახთან ერთად საქართველოდან რომ წავედი. ეს ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის იყო ოქროს კოშკი, საოცნებო მიწა... პროფესიით იურისტი ვარ. ისრაელში საადვოკატო ბიურო მაქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავმა პირმა მომმართა თხოვნით, მათი ინტერესები დამეცვა საქართველოში. მოგეხსენებათ, ებრაელებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ საქართველოსთან, უყვართ და ენატრებათ. საქართველოში უცხოელ ადვოკატს ეკრძალება საქმიანობა, თუ გამოცდები ჩაბარებული და სერტიფიკატი აღებული არა აქვს. ქართული კარგად ვიცი, გამოცდები იოლად ჩავაბარე და საქართველოში საადვოკატო საქმიანობის უფლებაც მოვიპოვე. საქართველოში 31 წლის შედეგ დავბრუნდი, მაგრამ რა ვნახე? აღარც სიტყვა, აღარც კაცობა, აღარც სამართალი!

საქართველოში კანონსაც აღარ აქვს ძალა. უბედურება ის არის, რომ ქვეყანა, რომელსაც სამართალი და კანონი არ მართავს, განწირულია დასაქცევად.

- რა დაინახეთ საქართველოში ასეთი?

- მე ისრაელში მცხოვრები ერთი ქართველი კაცის ადვოკატი ვარ. ამ კაცმა  ჯერ კიდევ 2000 წელს აუტანელი სიღარიბის გამო გადაწყვიტა ისრაელში გამგზავრებულიყო ოჯახთან ერთად, რისთვისაც თანხა ესაჭიროებოდა. ამიტომ გადაწყვიტა ბინის დაგირავება.  გამონახა მსურველებიც და გირაო-სესხის ხელშეკრულება გააფორმა. ისრაელში რომ ჩამოვიდა, მალე მოგირავნე დაუკავშირდა და თანხის სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოსთხოვა, რაც ჩემმა  მარწმუნებელმა უყოყმანოდ შეასრულა და ბანკის მეშვეობით თანხა გამოუგზავნა მოგირავნეს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ნოტარიუსის დახმარებით ჩემი მარწმუნებლის ვითომდა ხელმოწერილი მინდობილობით მოგირავნემ ბინა გაყიდა. უფრო სწორად, ოფიციალურად გაასხვისა სხვა პირზე, თავად კი დღემდე ამ მისამართზე ცხოვრობს. ბუნებრივია, აშკარა თაღლითობასთან გვაქვს საქმე. სისხლის სამართლის საქმე 2006 წელს აღიძრა და გამოძიება 2011 წლის მაისამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში რას იძიებდა პროკურატურა, ვერ გეტყვით...

2007 წელს პროკურორი ისრაელში ჩამოვიდა. იერუსალიმის სასტუმროს "ჰაი კლასის" ნომერში ბრძანდებოდა დაბინავებული. თავის ნომერში მიგვიწვია მე და  ჩემი მარწმუნებელი, რომლის ხელმოწერის ასი ნიმუში აიღო, ჩამოართვა პირადი დოკუმენტი, აუდიოკასეტა და  თბილისში წაბრძანდა. ერთი კვირის შემდეგ თავად ჩამოვედი თბილისში და წამოღებული მასალების გზა-კვალს ვეღარ მივაგენი. დღემდე დაუდგენელია, სად გააქრო გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტები. იმ საგამოძიებო მასალებიდან, ოქმებიდან და მტკიცებულებებიდან არც ერთი ფურცელი არ დართვია საქმეს.

არაერთხელ მივმართეთ საჩივრით პროკურატურას, მაგრამ უშედეგოდ. ვასახელებ კონკრეტული პირის გვარ-სახელს, რომელიც იყო და არის გამომძიებელი, ვამბობ, რომ მტკიცებულებები გააქრო და მთავარ პროკურატურაში არავის უჩნდება კითხვა, რატომ, რისთვის? გამოდის, სახელმწიფო, კერძოდ, პროკურატურა, ლეგიტიმაციას ანიჭებს თაღლითობას.

როცა ისრაელში საქართველოს  საკონსულოს მეშვეობით საქმის გაჭიანურების გამო საჩივარი გავგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტისა და საკანონმდებლო ორგანოს სახელზე, საქმე სულ შეწყვიტეს. როცა ამის დასაბუთება მოვითხოვე, ცინიკურად მომწერეს, ძიება დამთავრებულია დაU რატომ, ეს არ არის  თქვენი საქმე, კანონი გვაძლევს უფლებას გაგცეთ მოკლე და კონკრეტული პასუხიო!

საქმის შეწყვეტის დადგენილებაში რომ ჩავიხედე, ელდა მეცა, დადგენილება ეფუძნება მხოლოდ დანაშაულის ჩამდენების განმარტებებსა და მათ ცრუჩვენებებს. გამოძიება ისე დაასრულეს და "დაადგინეს" ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქმეში დაზარალებულის დაკითხვის ოქმიც არ არსებობს.

წინასწარი გამოძიების მიმდინარეობაზე ხომ 2009 წელს დაგვდეს უდიდესზე უდიდესი პატივი და ძლივს გვაღირსეს პასუხი. მოგვწერეს, დაიკითხნენ ნოტარიუსი და მოგირავნე, ხოლო საქმის სრულყოფილად გამოძიების მიზნით ისრაელში გამოვგზავნეთ შუამდგომლობა თქვენს მარწმუნებელთანო. გამიკვირდა, რა მისამართზე გამოგზავნეს შუამდგომლობა?

მხოლოდ იმის მითითება, რომ ისრაელშია გაგზავნილი წერილი, არ არის საკმარისი. ამიტომ ვივარაუდე, რომ თუ წერილი მართლაც არსებობდა, სამი მისამართიდან (საქართველოს საელჩო ისრაელში, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლი და ჩემი საადვოკატო ბიუროს მისამართი) ერთ-ერთზე უნდა გამოეგზავნათ. ამაოდ, წერილები არც ერთ მისამართზე არ მისულა. ბუნებრივია, ვიკითხე, ვის გაუგზავნეს წერილი, მაგრამ პასუხს დღემდე ველოდები. გამოდის, პროკურორმა სიყალბე ჩაიდინა და ჩემი და ჩემი მარწმუნებლის თავიდან მოსაშორებლად გასცა ცნობა, თითქოს შუამდგომლობა ისრაელში გამოგზავნა. სინამდვილეში ის თვალით არავის უნახავს...

ბევრი ქართველი ებრაელი, რომელსაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა და ცხოვრება ჰქონდა განზრახული, უკანვე გამოიქცა. ბევრმა არცთუ მცირე თანხა დაკარგა, მაგრამ ასე ურჩევნიათ. ამბობენ, რაც დავკარგეთ, იმაზე მეტის დაკარგვას აღარ ვაპირებთო.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ საქართველოში ყველაფერი სიცრუეზეა აგებული. გარედან ლამაზია ყველაფერი, შიგნით კი მოშლილი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ქართველი ებრაელების 99% ასე ფიქრობს. სხვათა შორის, ის ებრაელებიც, ვისაც საქართველოსთან კავშირი არასოდეს ჰქონიათ. მხოლოდ ის ხალხი იკატუნებს თავს, ვისაც რამდენიმე მილიონი აქვს დაბანდებული აქ და არ იცის, უკან როგორ გაიტანოს. შენობა-ნაგებობებსა და მიწას ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენ? უამრავი კლიენტი მყავს, რომლებიც შველას მთხოვენ. ზოგს სხვისი მიწა მიჰყიდეს, ზოგს უვარგისი ქონება მილიონებად აყიდვინეს.

- შველით თქვენს კლიენტებს?

- როგორ ვუშველო, თუ კანონმა მხარი არ დამიჭირა? მეტიც, როცა კანონი ჩემს მხარეზეა, მაშინ მოსამართლე არ მიჭერს მხარს.

პროკურატურა დამნაშავე გამომძიებლებით არის სავსე, რომელთაც პასუხს არავინ სთხოვს, სასამართლო კი სავსეა პროკურატურის მორჩილი მოსამართლეებით.

ერთი საქმე მქონდა. ქადაგად დავვარდი სასამართლოში, ამასობაში კი მოსამართლე და მდივანი მესიჯების გაგზავნით ერთობოდნენ. ეს ხდებოდა თბილისის სასამართლოში.  უფრო დიდი "სიამოვნება" წინ მელოდა.

სამი დღის შემდეგ გამოვითხოვე სხდომის ოქმი  და რას ვხედავ? რაც ვილაპარაკე, იმის 80%-ც არ იყო ოქმში ასახული. სად დაიწერა ოქმი, ღმერთმა იცის. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში სასამართლო სხდომის ოქმი იწერება პროცესზევე და მისი დასრულებისთანავე ის მხარეებს გადაეცემათ ხელზე, რომ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდეს და ცვლილება არ შევიდეს ოქმში.

სასამართლო სხდომის ოქმის შემცირება და შესწორება სად გაგონილა? ასე ხომ რასაც მოისურვებენ, იმას ჩაწერენ? ვის ან რით დავუმტკიცო, რა ვილაპარაკე სინამდვილეში პროცესზე?  ვიკითხე, რატომ არ გაქვთ კომპიუტერები და პრინტერები, რომ მდივანმა ტექსტი აკრიფოს და მხარეებს სხდომის დამთავრებისთანავე გადმოგვეცეს ოქმები-მეთქი? მიპასუხეს, სად არის მაგის საშუალებაო. დავიჯერო, ძველი სახლების შეღებვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წესიერი სასამართლო სისტემის შექმნა?

ისრაელში უამრავი საქმე მაქვს მოგებული, საქართველოში კი ერთი პატარა საქმეც ვერ მოვიგე. წინასწარვე ვიცი, რომ ქართულ სასამართლოში ასპროცენტიანი მოსაგები საქმეც კი წაგებული მაქვს.

ჩვენთან ბოლო დრომდე მხოლოდ ოთხი სატელევიზიო არხი (პირველი, მეორე არხები, "იმედი", "რუსთავი 2") მაუწყებლობდნენ. სატელევიზიო არხებს რომ ვუყურებდი, მეგონა სამოთხედ იყო საქართველო გადაქცეული. ვინც ქართული იცის და ქართულ ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს, ის უფრო ინფორმირებულია. "კვირის პალიტრას" აქ უამრავი მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს, ვიცით, რომ აქედან მივიღებთ ობიექტურ ინფორმაციას, გავიგებთ, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, ამიტომ მოუთმენლად ველოდებით ყოველ ნომერს. ქართველი ებრაელები ძალიან გულდაწყვეტილი ვართ მანდაური ამბებით. მაშფოთებს, რომ სამართალს ვერ იპოვი საქართველოში.