"თუ კონფორმისტები ვართ, მაშინ რაღას ვითხოვთ?!” - კვირის პალიტრა

"თუ კონფორმისტები ვართ, მაშინ რაღას ვითხოვთ?!”

"ადვოკატები თავს იმით იწონებენ, რამდენი საპროცესო გარიგება გააფორმეს"

ადვოკატებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან კოლეგებისადმი სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციაზე ადვოკატები ბორკილდადებულები მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხან სტრასბურგი მიგვითითებს ამაზე, ხან საერთაშორისო ორგანიზაციები, ვითარება ვერ სწორდება. თითქოს მოჯადოებულ წრეზე დავდივართ და ის მუდმივად ვიღაცის პოლიტიკური ნების ირგვლივ ტრიალებს.

ეკა ბესელია: - ფოტორეპორტიორების საქმემ საბოლოოდ გააშიშვლა ის პრობლემები, რომლებიც იყო და არის ჩვენს ადვოკატურაში. მართალია, მანამდეც კარგად ჩანდა, მაგრამ ამ გახმაურებულმა საქმემ ცხადყო, სად გადის ზღვარი ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას, ეთიკურ სტანდარტებს, პროფესიულ მოვალეობასა და ხელისუფლების ინტერესებს შორის. ხელისუფლება აშკარად დევნის იმ ადვოკატებს, ვინც დაუმორჩილებელი აღმოჩნდა. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 122-ზე მეტი ადვოკატია ციხეში გამომწყვდეული. ბოლო დროს უფრო გაძლიერდა რეპრესიული ოპერაციები ადმინისტრაციული სასჯელების სახით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ადვოკატ ნაირა ოთიაშვილს საადვოკატო საქმიანობის დროს დაადო ხელბორკილი სააღსრულებო ბიუროს თანამშრომელმა, რამინ პაპიძე კი (რომელიც აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის დროს დაკავებულ პირებს იცავს) დააპატიმრეს. ეს პოლიტიკური პროცესი ბათუმის სასამართლოში მიმდინარეობს. როცა მოსამართლემ ვერ შეძლო პაპიძის ჯარიმებით განეიტრალება (რომელმაც სხვათა შორის, 3.000 ლარს გადააჭარბა), ადმინისტრაციული წესით დააპატიმრა.

მეორე მხრივ კი არსებობენ კონფორმისტი, ხელისუფლებასა და პროკურატურასთან დაახლოებული ადვოკატები, რომელთაც საპროცესო შეთანხმება გახადეს მთავარ საადვოკატო საქმიანობად. იმდენად მიეჩვივნენ ამ როლს, გაოცდნენ, ფოტოკორესპონდენტების საქმეზე მე და სამმა ადვოკატმა პრინციპული პოზიცია რომ დავიკავეთ და უარი ვთქვით პროკურატურის შემოთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე. სამაგიეროდ პროკურატურამ სასწრაფოდ მოძებნა "საკუთარი ადვოკატი" ბატონი ქამადაძე, რომელიც დილის 9 საათზე უკვე ციხეში იყო შესული. ბატონი ქამადაძე ეთიკის კოდექსით ვალდებული იყო ჩვენთვის შეეტყობინებინა, რომ საქმეში ერთვებოდა. მან კი საპროცესო შეთანხმებას ისე მოაწერა ხელი და პროცესშიც მიიღო მონაწილეობა, რომ საქმის მასალების შესწავლა-გაცნობა არც მოუთხოვია.

ამჯერად გადავწყვიტე საჩივარი სამ ადვოკატზე შევიტანო ეთიკის კომისიაში. საჩივრის ადრესატია ბატონი ქამადაძე, რადგან მიმაჩნია, რომ მან დაარღვია ეთიკის ნორმები, ბატონი ზაზა ბიბილეიშვილი და ბატონი დავით ერისთავი. ზაზა ბიბილეიშვილი ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია. ის ფოტოგრაფების საქმეზე სახელისუფლებო ტელეარხებზე გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე ჩვენი საქციელი არაეთიკური იყო, როგორ თუ გავბედეთ და ხელი არ მოვაწერეთ საპროცესო გარიგებას. თურმე ნუ იტყვით, ჩვენი მოქმედება პოლიტიკურ მიზნებზე იყო გათვლილი. ბიბილეიშვილი ამტკიცებდა, როცა დასაცავ პირს სურვილი აქვს აღიარებისა, ადვოკატი ვალდებულია მისი სურვილისამებრ იმოქმედოსო. გამაოგნებელია, რომ ამას ამბობს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ადვოკატმა დავით ერისთავმაც თითქმის იგივე გაიმეორა სახელისუფლებო ტელეარხებზე. საინტერესოა, რატომ უნდა გამოეჩინათ საქმეში ჩაუხედავ ადვოკატებს ინიციატივა და ასეთი სამარცხვინო საჯარო განცხადება გაეკეთებინათ? სხვათა შორის, დავით ერისთავი იყო ის ადვოკატი, რომელიც ადვოკატ როინ სალუქვაძეს თავგამოდებით იცავდა. როინ სალუქვაძე კი ის ადვოკატია, რომელიც პროკურატურამ ჩემი შვილისა და ძმის საქმეში საკუთარი ინტერესების გასატარებლად ჩართო. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ადვოკატი სალუქვაძე პროკურატურამ გამოიყენა და მან ჩემი ოჯახის წევრების დაცვის ნაცვლად მათთან დაპირისპირების ფუნქცია შეასრულა. ბუნებრივია, ამას ვაპროტესტებდი, ან რაში სჭირდებოდა ჩემს შვილსა და ძმას სახაზინო ადვოკატი, როცა თავადაც კარგად ვიცავდი?! მართალი გითხრათ, მაშინ არ შევიტანე საჩივარი ეთიკის კომისიაში. ახლა კი, როცა ამ საქმით საზოგადოებაც დაინტერესდა, როცა ცდილობენ, გააუფასურონ ადვოკატების მაღალი ეთიკური შეგნება და სტანდარტები, ამის მოთმენა შეუძლებელია.

ადვოკატთა ინსტიტუტი საშუამავლო, საბროკერო ორგანოდ გადაიქცა. ადვოკატები თავს იმით იწონებენ, რამდენი საპროცესო გარიგება გააფორმეს. ჩამოყალიბდა იურიდიული კომპანიები, რომელთაც პროკურატურა ლობირებს.

ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტე მიმემართა ეთიკის კომისიისთვის, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა. მას პატივს ვცემ და იმედია, რომ ის მიიღებს კანონიერ და მართლაც ეთიკურ გადაწყვეტილებას.

- როგორც მახსოვს, ეთიკის კომისიაში თქვენ კოტე კუბლაშვილი გიჩიოდათ.

- კუბლაშვილმა ეთიკის კომისიაში მიჩივლა სასამართლო ხელისუფლებაზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო. მაგრამ კომისიამ დაადგინა, რომ ეთიკური ნორმები არ დამირღვევია. იძულებული ვარ პროფესიული ღირსების გადასარჩენად ვიბრძოლო. პროკურატურა შეტევაზეა გადმოსული და ადვოკატურაშიც პროკურატურის გადმოტანას  ცდილობს. ამდენი ადვოკატი რომ არის დაპატიმრებული, სულაც არ არის შემთხვევითი, ხოლო გარეთ დარჩენილებს ყველანაირად ავიწროებენ; არ არის შემთხვევითი ის, რომ პარლამენტში ახალი კანონპროექტია შეტანილი, რომლის მიხედვით ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს უფლება ექნებათ უგამოცდოდ გაწევრდნენ ადვოკატთა ასოციაციაში.

- იქნებ დაასახელოთ ის ადვოკატები, რომლებსაც პროკურატურა ლობირებს.

- ამ საკითხზე სწორედ ახლა ვმუშაობ. უკვე დავიწყე საპროცესო შეთანხმებების სტატისტიკისა და სპეციფიკის შესწავლა. დოკუმენტურად გამოვლინდება, ვინ არიან ის ადვოკატები, რომლებიც გახმაურებულ საქმეებზე, სადაც დიდ თანხებზეა ლაპარაკი, საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ. ძალიან ხშირად ერთი და იგივე გვარები მხვდება. ვიცი, რომ არსებობს კუბლაშვილების მეგობრის იურიდიული კომპანია, სადაც კუბლაშვილების პროტეჟე ადვოკატები მუშაობენ. ადეიშვილსაც ჰყავს რამდენიმე ფავორიტი იურიდიული კომპანია. ისე გათავხედდნენ, პირდაპირ უთითებენ პატიმრების ოჯახებს, უარი თქვან დაქირავებულ ადვოკატზე და ამ კომპანიიდან აიყვანონ ადვოკატი.

- საზოგადოების დიდ ნაწილს ურჩევნია თავისუფლება ნებისმიერ ფასად მიიღოს. პრინციპულები ძალიან ცოტანი არიან, მოქალაქეები "საქმის გამკეთებელ" ადვოკატებს ეძებენ. როგორ უნდა მოიქცნენ ადვოკატები, უარი უთხრან კლიენტებს საპროცესო გარიგებებში მონაწილეობაზე?

- ხელისუფლებამ სუსტი ადგილი უპოვა პატიმართა ოჯახებს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი თანახმაა გათავისუფლდეს ციხიდან ნებისმიერი პირობის ფასად. არ ჰყოფნით გამძლეობა, მოთმინება. თუ მხოლოდ შედეგი გაინტერესებს და შეგიძლია გადააბიჯო მორალს, ბუნებრივია, სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებაზე პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს. როგორ დაიდებოდა ამდენი უკანონო გარიგება, მომხრეები და მონაწილეები რომ არ ჰყავდეს? უმცირესობაში არიან ისინი,  ვინც არ მიიღეს ეს პირობები.

ჩემი ოჯახის წევრებისაგან მხოლოდ იმას ითხოვდნენ, ეღიარებინათ, რომ პოლიციის მუშაკებს გაუწიეს წინააღმდეგობა, ამაზეც არ დავთანხმდი და არ ვცანი მათი პირობა, რადგან ვიცი, არ შეიძლება ამ ხელისუფლების პირობების მიღება. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მაგალითი ჰქონოდა საზოგადოებას, თორემ ჩემი შვილისა და ძმის ციხიდან სასწრაფოდ გამოყვანა როგორ არ მინდოდა? ეს გავაკეთე იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის დამენახებინა, - მე ჩემი პირადი ტკივილის ხარჯზეც არ მივიღებ მონაწილეობას უკანონო გარიგებებში. ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას სხვებსაც მივუთითო, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა, არ შეიძლება გარიგება ხელისუფლებასთან.

თუ ვერ შევძლებთ იმ ადამიანების მხილებას, ვინც თანამშრომლობს პროკურატურასთან, ადვოკატთა ინსტიტუტი განწირულია! საზოგადოებამ კი მეტად გაუძლოს რაღაცებს, მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, თუ უნდა უკეთეს გარემოში იცხოვროს. თუ დარტყმის  მიღება არავის უნდა, თუ ტკივილის გაძლება არ შეგვიძლია და კონფორმისტები ვართ, მაშინ რაღას ვითხოვთ?!

KvirisPalitra.Geადვოკატი რამინ პაპიძე შიმშილობს

საქმე პირველი: აგვისტოს ომიდან ბათუმში დაბრუნებული როინ შავაძე სპეცრაზმმა 16 აგვისტოს დააკავა. სერჟანტი შავაძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. ცხედარი სოფელ ქაქუთთან იპოვეს და მას სხეულზე 28 ნატყვიარი ჰქონდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავაძე სამშობლოს მოღალატე იყო. ოფიციალური ვერსიით კი, როინ შავაძეს ნარკოტიკების შენახვა ჰბრალდებოდა. ეს საქმე მკვლელობიდან სამი წლის შემდეგაც გამოუძიებელია. ჯარისკაცის ქვრივი დაზარალებულად ცნობილი არ არის.

საქმე მეორე: 2009 წლის ზაფხულში სარფის საბაჟოზე ირლანდიის მოქალაქე დიმო ცხონდიას სამართალდამცავებმა 50 ათას ევროდ შეძენილი ავტომანქანა "ბენტლი", ასევე "ნისან ნავარა" ყველა საბუთითურთ ჩამოართვეს და განუმარტეს, რომ მანქანები მოპარულია. ცხონდია ირწმუნებოდა, რომ მანქანები უკანონოდ ჩამოართვეს და ძვირად ღირებული "ბენტლით" სოდ-ის ერთ-ერთი რეგიონული სამსახურის უფროსი სარგებლობდა. მოგვიანებით გაზეთმა "ბათუმელებმა" გაუჩინარებული "ბენტლი" გორის სამხარეო პოლიციის შენობის წინ იპოვა. ვისი საკუთრებაა "ბენტლი" - სახელმწიფოს თუ სოდ-ის რეგიონული სამსახურის უფროსის, ალექსანდრე გოგლიძისა, ამ კითხვას მაშინ გოგლიძემ არ უპასუხა. უცნაური ის არის, რომ გოგლიძისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსურ დეკლარაციაში "ბენტლი" არ არის მითითებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იმავე მანქანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობას უარყოფს. ეს საქმეც დღემდე გამოუძიებელია.

ორივე შემთხვევაში დიმო ცხონდიასა და ირაკლი შავაძის ადვოკატი რამინ პაპიძე იყო. ამ საქმეების აღებისგან თავის დროზე ადვოკატთა უმრავლესობამ თავი შეიკავა.

რამინ პაპიძე 21 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების ინტერესებს იცავდა, 28 ივლისს კი დააპატიმრეს. ახლა ადვოკატი შიმშილობს და აპროტესტებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პაპიძეს სასამართლოს უპატივცემულობის გამო 8 აგვისტომდე ადმინისტრაციული სასჯელი, ათდღიანი პატიმრობა მიესაჯა.

"თუკი პროკურატურასთან არ ითანამშრომლებ, ადვოკატობასაც ამთავრებ. ჩემი კლიენტებისთვის არაერთხელ უთქვამთ, აცილება მიეცი პაპიძეს და საპროცესოს გაგიფორმებთო. 28 ივლისს ადვოკატისთვის მინიჭებული უფლებებით ვსარგებლობდი. მოსამართლე ვერა დოლიძემ უკანონოდ მიმითითა, არ ჩავრეულიყავი პროკურორის გამოსვლაში, დარბაზიდან გამაძევა, ხოლო მანდატურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა", -განაცხადა ადვოკატმა პაპიძემ.

ირაკლი შავაძე, პაპიძის ადვოკატი: "ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოშიც გავასაჩივრებთ. თუკი რამინ პაპიძემ დანაშაული ჩაიდინა, ხომ შეიძლებოდა იქვე დაეკავებინათ? სასამართლო დარბაზიდან გამოძევების შემდეგ რამდენიმე საათი სასამართლოს შენობის წინ იდგა და ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა. მოსამართლე თემურ გოგოხიამ, როცა რამინ პაპიძის სასამართლოსთვის შესაძლო დაუმორჩილებლობის საქმეს განიხილავდა, ჩემი არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა,  არც მოწმეების წარდგენის საშუალება მოგვცა".

21 მაისის საპროტესტო აქციის გამო დაკავებულთა საქმეს მოსამართლე ვერა დოლიძე განიხილავს. ეს ის მოსამართლეა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბათუმის სასამართლოში მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია. სამაგიეროდ, ვერა დოლიძემ მოკლული როინ შავაძე 2010 წელს მოწმედ დაიბარა. ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროკომისრის ანგარიშშიც არის მოყვანილი.

P. S. ტელევიზიის ბლოკირებისა და პოლიციელების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული პირების ერთ-ერთ სასამართლო პროცესს მეც ვესწრებოდი. იმ დღეს მოწმეებად პოლიციელები დაჰკითხეს. მოსამართლემ ერთ-ერთს შეახსენა, რომ შეეძლო, დაედო როგორც რელიგიური, ისე საერო ფიცი. პოლიციელმა ჩათვალა, რომ ფიცის ტექსტი მისი მოსაფიქრებელი იყო, რელიგიურს ვიტყვიო, ამოილუღლუღა და თქვა, - "ღმერთო, შენ მიშველე!"

ჯაბა ანანიძე