"314-ე მუხლი არაერთ ჯგუფს შეუქმნის საფრთხეს" - კვირის პალიტრა

"314-ე მუხლი არაერთ ჯგუფს შეუქმნის საფრთხეს"

"იმ ინფორმაციის გავრცელება, რაც ღიაა და არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, არ უნდა ჩაითვალოს ჯაშუშობად"

ბოლო დროს საქართველოში ჯაშუშობა იმდენს დაჰბრალდა, რომ "ჯაშუშების" მომრავლების (უფრო სწორად, ჯაშუშობის დაბრალების) საბაბის და საფუძვლის ძებნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გახდა საჭირო. 314-ე მუხლის თანახმად, შესაძლოა, ადამიანი ჯაშუშად შეირაცხოს აბსოლუტურად არასაიდუმლო ინფორმაციის რომელიმე არასაიდუმლო უცხოური ორგანიზაციისათვის გადაცემის გამო(!)

314-ე მუხლის ბუნდოვან ფორმულირებაზე "აწყობილმა" ფოტორეპორტიორების სკანდალმა საზოგადოება შეაშფოთა და სისხლის სამართლის კოდექსში ამ გაუმართავი მუხლის შეცვლის აუცილებლობაც წარმოაჩინა. გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელშიც დანაშაულად არის გამოცხადებული საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის სხვა ინფორმაციის გადაცემა. მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ჩანაწერი, განმარტებული არ არის.

ლაშა ტუღუში: - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს. მეტიც, ის  ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 42-ე მუხლებს. აუცილებელია მოხდეს დაკონკრეტება, რა ითვლება სახელმწიფო საიდუმლოებად და რა - არა. იმ ინფორმაციის გავრცელება, რაც ღიაა და არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, არ უნდა ჩაითვალოს ჯაშუშობად.

314-ე მუხლის თანახმად, ჯაშუშობად ითვლება საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოური ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა. აქ გაურკვეველია, "სხვა ინფორმაციაში" რა იგულისხმება, ასევე, "უცხოური ორგანიზაცია" არ ნიშნავს მაინცდამაინც სადაზვერვო ან საიდუმლო ორგანიზაციას.

უნდა არსებობდეს კონკრეტული ნუსხა, თუ რომელი ინფორმაცია არის გრიფით "საიდუმლო". ხოლო თუ ინფორმაცია ღიაა და ის ვინმემ გამოიყენა კვლევისას ან ანალიტიკურ მასალაში, ეს არანაირად არ არის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა ან ჯაშუშობა. 314-ე მუხლი იმდენად ბუნდოვანია, რომ ძნელია განსაზღვრა, კონკრეტულად რას გვიკრძალავს. ამავდროულად, ეს არის ისეთი მუხლი, რომელიც ხელისუფლების ხელში შესაძლოა რეპრესიის იარაღი გახდეს.

როდესაც 314-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, ამავე საკითხზე ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტს მიმართა. სახალხო დამცველმა თქვა, რომ მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ეს ნორმა საშიშია ადამიანის უფლებების დაცვისათვის. გიორგი ტუღუშმა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა, მიმართა საქართველოს პარლამენტს, გადაიხედოს ეს მუხლი და მიიღონ ისეთი ნორმა, რომელიც იქნება თანამედროვე და მიმართული ადამიანის უფლებების დასაცავად.თუ დასავლეთისკენ გვაქვს გეზი და  გვინდა განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ, მაშინ ეს ნორმა ნამდვილად არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს.

ამ ძალიან საშიშმა მუხლმა შესაძლოა, წარმოშვას საფრთხე მედიასუბიექტების, მკვლევრების, ანალიტიკური ჯგუფების, მეცნიერებისა და თავისუფალი ადვოკატებისთვის. ეს არ არის მარტივი საკითხი და მიმაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.