”როგორ დავამტკიცო სიმართლე?” - კვირის პალიტრა

”როგორ დავამტკიცო სიმართლე?”

500-ლარიანი "შეტენილი" ჯარიმა 20-თეთრიანი კალმისთვის

"ადამიანური მოქცევა 500-ლარიან ჯარიმად დამიჯდა"

"ხელმოწერის გაყალბებას არ მოერიდნენ და სხვა პროვოკაციას მოერიდებიან?"

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის ინიციატივით ცოტა ხნის წინ საქართველოში კერძო საგადასახადო ინსპექტორის საპილოტე პროგრამა დაიწყო, - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, მეწარმეთა შემოწმება რიგით მოქალაქეებს დაევალა. განსხვავება კერძო და სახელმწიფო საგადასახადო ინსპექტორებს შორის ის არის, რომ მათ ხელფასს სახელმწიფო არ უხდის და  თვითდაფინანსებაზე მუშაობენ(?!). რამდენ კანონდამრღვევ მეწარმესაც გამოავლენენ, შემოსავლების სამსახურისგან იმდენ ფულად სარგებელს აიღებენ ბონუსების სახით.

როდესაც შემოსავლების სამსახურმა ეს ინიციატივა გაახმაურა, ვიწინასწარმეტყველეთ, რომ კერძო საგადასახადო ინსპექტორები პროვოკაციებს არ მოერიდებოდნენ. ამ აზრს იზიარებდნენ ექსპერტებიც.  მაგალითად, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილისთვის გაუგებარი იყო, ვინ გააკონტროლებდა თავად მოხალისე-ინსპექტორებს და წინასწარმეტყველებდა, რომ დარღვევები გარდაუვალი იქნებოდა.

ორან ადამია, მეწარმე: "აფხაზეთიდან დევნილი ვარ. ერთი თვეა გლდანში სავაჭრო ჯიხური გავხსენი. ამ დროის  განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა ოთხჯერ შემამოწმა, მაგრამ  პრეტენზია არ გამოუთქვამს, ყველაფერი წესრიგში მქონდა. 13 ივლისს ჩემს ჯიხურთან ავტომანქანა გაჩერდა. ავტომანქანაში ორნი ისხდნენ.  ერთ-ერთი გადმოვიდა, ჯიხურს მოუახლოვდა და მთხოვა, კალამი მათხოვეო.  როგორ დავამადლებდი? ამასობაში მეორეც გადმოვიდა მანქანიდან. შევატყვე, რაღაც პროვოკაციას მიწყობდნენ და ამიტომ ქვითარი გამოვწერე. როგორც კი მოვხიე, ერთ-ერთმა საბუთი ამოიღო, - კერძო საგადასახადო ინსპექტორები ვართო. იყავით მერე, აგერ ჩეკი, თუმცა ფული არ მოგიციათ-მეთქი. როგორ, ფული აგერ დევსო. რომ მივიხედე, ფული მართლაც იდო. არადა, ჩემთვის არ მოუწოდებიათ, ისე დაუდვიათ, ვერც შევამჩნიე. მითხრეს, უნდა დაგაჯარიმოთ, ქვითარი არ გამოგვიწერეთო. აბა, ეს რა არის-მეთქი? ჩვენ მაინც დავწერთ(?!), მერე გაიმართლე თავიო. ოქმი შეადგინეს, მაგრამ კატეგორიულად არ დავეთანხმე და ოქმში მივათითებინე, თანაც ხელი არ მოვაწერე.

ბუნებრივია, ეს უკანონობა გავასაჩივრე და დაკისრებული ჯარიმის გაუქმება მოვითხოვე, მაგრამ შემოსავლების სამსახურიდან მომწერეს: "ვინაიდან დადგენილია ის ფაქტი, რომ 2011 წლის 13 ივლისს ორან ადამიას სავაჭრო ობიექტზე  კერძო საგადასახადო ინსპექტორების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც შეძენილი იქნა საწერი კალამი (0,20 ლარი). გადასახადის გადამხდელმა საკონტროლო სალარო-აპარატი არ გამოიყენა, რაზედაც შედგა სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ვინაიდან საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება, რომ ორან ადამიას მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (სტილი დაცულია)".

მაინტერესებს, ვინ დაადგინა ეს ფაქტობრივი გარემოებები? ეს ხომ იგივეა, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს? კერძო საგადასახადო ინსპექტორი, რომელიც მაჯარიმებს და ფულის შოვნაზეა გადასული, იმას ხომ არ იტყვის, პროვოკაცია მოვაწყვეო? მე ერთი ვარ, ისინი ორნი, ვის ვუმტკიცო ან როგორ, რომ ცრუობენ? საერთოდ, როდესაც მეწარმეს აჯარიმებენ, როგორც ვიცი, სალარო-აპარატი, რომელიც  საგადასახადოშია რეგისტრირებული, უნდა მოიხსნას, ამოიწეროს ბოლო მონაცემი, სადაც ნაჩვენებია ბოლო ოპერაციის საათი, წუთი, წამი და თანხა. იმ ინსპექტორებმა კი თავიანთი მაჯის საათით მიუთითეს დრო. ასე ხომ შეიძლება ქვითრის გამოწერის დრო არ დაემთხვეს მათ მითითებულს?

ოქმში ასეც არის ნათქვამი, თითქოს მე ერთი წუთით გვიან გამოვწერე ქვითარი. საგადასახადო ინსპექტორის საათი ხომ შეიძლება არ აჩვენებდეს ზუსტ დროს ან როგორ გავიგო, კაცი, რომელიც კალამს მთხოვს, მყიდველია თუ მართლაც კალმის თხოვება უნდა? ადამიანს ვეღარ უნდა ენდო? ე. ი. ამიერიდან უნდა ვუთხრა, ვერ გათხოვებ კალამს, ეჭვი მაქვს, საგადასახადო ინსპექციიდან იქნები-მეთქი. მომავალში, ალბათ, ასეც ვიზამ, რადგან ადამიანური მოქცევა 500-ლარიან ჯარიმად დამიჯდა. მეტსაც გეტყვით, იმ ინსპექტორებმა ჩემი ხელმოწერა გააყალბეს, ოქმზე ხელი რომ არ მოვაწერე, ჩემ მაგივრად მოაწერეს. ხელმოწერის გაყალბებას არ მოერიდნენ და სხვა პროვოკაციას მოერიდებიან? ჩაუტარონ ექსპერტიზა ხელმოწერას და თუ ოქმზე ჩემი ხელმოწერა დადასტურდება, 500-ს კი არა, 5.000-ს გადავიხდი.საგონებელში ვარ ჩავარდნილი, როგორ უნდა დაამტკიცოს კაცმა სიმართლე?"