"გულწასულს ჯერ ჩეკი უნდა მივაწოდო და მერე წყალი?!" - კვირის პალიტრა

"გულწასულს ჯერ ჩეკი უნდა მივაწოდო და მერე წყალი?!"

მოხალისე "ჩეკისტების" შემოსევა

"ჯიხურთან, გულშეღონებულ ფეხმძიმე გოგოს წყალი მოუთხოვია. მიუწოდებიათ თუ არა, ფეხზე წამომხტარა და ოქმი გამოუწერია, - ჩეკი რატომ არ ამოარტყითო..."

რამდენიმე დღის წინ მოვაჭრეები შეგვეხმიანენ და გვითხრეს, რომ კერძო საგადასახადო ინსპექტორები მათ პროვოცირებას ახდენენ, რაც მათი დაჯარიმებით მთავრდება და გვთხოვეს, მათთან ადგილზე მივსულიყავით. ჩვენც ორთაჭალის ავტოსადგომზე მივედით, რათა გაგვერკვია, რა შემთხვევაში ირღვევა კანონი და ამეტებენ თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას ე.წ. მოხალისე ინსპექტორები.

მაია გერლიანი, გამყიდველი: - ბოლო დროს ალყაში მოგვაქციეს. თურმე, მთელი ქალაქის ტერიტორიაზე 1500 საგადასახადო ინსპექტორი შეესია ჯიხურებს, პროფილაქტიკურ სამსახურებსა თუ ბენზინგასამართ სადგურებს. წყვილ-წყვილად, ზოგჯერ სამ-სამიც დადიან, ხელოვნურად ქმნიან ისეთ სიტუაციას, რომ დაგვაბნიონ, ლამის სპექტაკლებს დგამენ და ვაშავებთ თუ არ ვაშავებთ, მაინც  გვაჯარიმებენ... აი, მაგალითად: 9-ს აკლდა 5 წუთი, ჯიხურს ვკეტავდი (ვაჭრობა დამთავრებული მქონდა, მთელი დღის ნავაჭრის აღსარიცხავად ქვითარი ამოვბეჭდე ე.წ. "ზეტ"-ის ნიშნით, კანონის თანახმად, იმავე დღეს ვაჭრობის გაგრძელება აღარ შეიძლება). ამ დროს  ახალგაზრდა, სანდომიანი გოგონა მოვიდა. ცუდად ვარო, - მითხრა. ლამის ჩაიკეცა და  - წყალიო, - აღმოხდა. ტემპერატურა ლამის +44 იყო. სასწრაფოდ მივაწოდე წყალი ( ჯიხურში ბოთლ წყალს თუ იყიდი, თორემ ორთაჭალის ავტოსადგურის მთელ  ტერიტორიაზე წყალი არ მოდის), ამ დროს მისი ამხანაგი შემოვიდა, მოწმობა დააძრო, შორიდან დამანახა და მითხრა,  - ფინანსთა სამინისტროდან ვარო. დაჯდა და 500-ლარიანი ჯარიმის ოქმის გამოწერა დაიწყო. ე.ი. მორალი ასეთია: კაცი რომ კვდებოდეს, ჯერ ჩეკი უნდა მიაწოდო და მერე წყალი! ლამის ისტერიკა დამემართა. თავს ვეღარ მოვერიე და ვუკივლე, - ახლავე დატოვე აქაურობა-მეთქი.

განა არ ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტროდან მოგზავნილი კერძო საგადასახადო ინსპექტორები ასე თვალთმაქცობენ, მაგრამ მაინც  მოვტყუვდი, დავიბენი... არადა, წინა დღით მომიყვნენ, - ვარკეთილში, ჯიხურთან, გულშეღონებულ ფეხმძიმე გოგოს "ნაბეღლავი" მოუთხოვია. მიუწოდებიათ თუ არა, ფეხზე წამომხტარა და ოქმი გამოუწერია, - ჩეკი რატომ არ ამოარტყითო... ვის არ გზავნიან ჩვენისთანა ხალხის გასაუბედურებლად: კაცი კაცს ვეღარ ენდობა... ამიტომ ყველას ეჭვით ვუყურებ.

საუბარში მეზობელი ჯიხურის გამყიდველი სილვა კირაკოსიანი ჩაერთო: - ჩემთანაც ასე მოიქცნენ. ერთმა ახალგაზრდამ - მზესუმზირა მომეციო. მივაწოდე. ამასობაში, მეორე კაცი კარიდან შემოვიდა. ლურჯი "ელემი" მომეციო. ლურჯი არ მაქვს, წითელს მოგცემთ-მეთქი... ამ ლაპარაკში ვიყავით, როცა მზესუმზირის მყიდველი ოქმის წერას შეუდგა - ჩეკი არ ამოგირტყამსო. ასე დამაჯარიმეს... არადა, ორი კვირაა, რაც ჯიხური გავხსენი.

მაია გერლიანი: - ბოდიში, მაგრამ საპირფარეშოშიც კი ტყუილად დააჯარიმეს  ერთი კაცი... სალარო-აპარატი წინ ედგა, მაგრამ მივიდა ვიღაც და შეეხვეწა, - ხურდა არა მაქვს, მიჭირს და შემიშვიო. უკან გამოსულმა 500-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. გაგიჟდა ეს კაცი, - ამ 20-თეთრიან ტუალეტში 500 ლარი როგორ უნდა მოვაგროვოო?! იმ დღის შემდეგ საცოდავი სამუშაოზე აღარ გამოჩენილა. ასე დაემართა ბურახის გამყიდველსაც. ისიც დააჯარიმეს და აქაურობას გაეცალა.

ერთი გამყიდველი ქალი ყავას ადუღებდა. ამ დროს ახალგაზრდა ქალბატონმა, ხათუნა ნოზაძემ (მერე გვარიც გავარკვიეთ), ფული დაუყარა მაგიდაზე, ჩიფსიც თავად აიღო და გაეცალა. ცოტა ხნის შემდეგ მისსავე თანამშრომელთან, კერძო საგადასახადო ინსპექტორთან ერთად დაბრუნდა და გამყიდველს ჯარიმა გამოუწერეს...

მახსოვს, ერთი ბიჭი მოვიდა, სიგარეტი შეიძინა. ჩეკი ამოვარტყი, მაგრამ აპარატმა მიმტყუნა. აპარატი ყოველდღიურად თუ არ დამუხტე, ვერ ძლებს... დაჯდა ეს ბიჭი და ოქმი შეადგინა. სამი შვილის დედა ვარ, მარტოხელა, მიჭირს, ნუ დამღუპავ, ხომ ხედავ, შენ თვალწინ ამოვარტყი ჩეკი, მაგრამ აპარატმა მიმტყუნა და ამ ორი ლარისთვის 500-ლარიან ჯარიმას  ნუ დამაკისრებ-მეთქი. არ მაინტერესებს, ახალი აპარატი იყიდეო, - მომახალა და გამცილდა.

KvirisPalitra.Geმანანა კუთხაშვილი, გამყიდველი:: - ერთ-ერთმა ინსპექტორმა 40-თეთრიანი ფუნთუშა იყიდა. მე კი შემეშალა და 4 ლარი და 40 თეთრი ამოვარტყი... კარგად ვერ ვხედავ, თანაც ღამის საათები იყო. წესიერი განათებაც არ მქონდა... შარი მომდეს, - შენ სხვა გაყიდული პროდუქციის ქვითარი მოგვეციო. ჯარიმის გადახდის საშუალება ნამდვილად არ მაქვს. თავზარდაცემულმა ბანკს მივმართე სესხისთვის. მითხრეს, - თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი ჩაგვაწერინე, სესხი თუ დაგიმტკიცდათ, დაგირეკავთო, მაგრამ არ მაქვს მობილური... ამიტომ უარით გამომისტუმრეს. ახლა საგონებელში ვარ ჩავარდნილი და გამოსავალს ვერ ვპოულობ...

კახა კახიშვილი, იურისტი: - არ შეიძლება საკონტროლო შესყიდვა ისეთი  პროვოკაციული სიტუაციის შექმნას დაემსგავსოს, რომელიც დანაშაულის პროვოცირებას ახდენს. საკონტროლო შესყიდვის მიზანია, გადასახადის დამალვის ფაქტის გამოაშკარავება და არა - გამყიდველის შეცდომაში შეყვანა. მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი, რომელიც დანაშაულის პროვოცირებისას პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.

ერთი ან ორი ინსპექტორი თუ დაისჯება, ცხადია, სხვები ჭკუას ისწავლიან. წესის თანახმად, ჯერ ჩეკი უნდა გასცეს გამყიდველმა და მერე პროდუქტი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ინსპექტორი თვითნებურად იღებს პროდუქტს და მერე ამტკიცებს, - გამყიდველს ჩეკი არ მოუციაო... ამ შემთხვევაში ინსპექტორი საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებს. ასე რომ, დაჯარიმებულებს ისღა დარჩენიათ, საქართველოს პროკურატურას ან ფინანსთა სამინისტროს მაღალ ინსტანციებს მიმართონ საჩივრით, დაასაბუთონ, თუ როგორ, რა ვითარებაში, რის გამო დაუშვეს შეცდომა  და შესაძლოა, მათ აღარ გადაახდევინონ ჯარიმა - კანონი იძლევა ამის საშუალებას.

- გამყიდველმა როგორ უნდა დაადასტუროს, რომ ქვითარი ნამდვილად გამოწერა?

- სიტყვაზე, თუ ხუთი ბოთლი ლუდიდან  ორი გაყიდე, დაგრჩება სამი და ამის დადასტურება ძნელი არ არის. თუმცა, ინსპექტორები გამყიდველებს შემდგომი ფინანსური შემოწმების მიზნით სავაჭრო ობიექტების დროებითი  დალუქვით აშინებენ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გამყიდველებმა არ იციან, როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, ხოლო კერძო საგადასახადო ინსპექტორები საკუთარ უფლებამოსილებას აშკარად ამეტებენ.

P.S.კომენტარისთვის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელს, მაკა ფანქველაშვილს დავუკავშირდით. მან არ ისურვა რამე სახის განმარტების მოცემა და დაგვპირდა, მოგვიანებით დამირეკეთ და რომელიმე პასუხისმგებელი პირისგან კომენტარს მიიღებთო. თუმცა, მოგვიანებით აღარ გვიპასუხა.

იხილეთ სიუჟეტი ამ თემაზე: საგადასახადოს "ჩეკ-ისტები"