"თურმე დიქტატურა დამიმყარებია ტყეში" - კვირის პალიტრა

"თურმე დიქტატურა დამიმყარებია ტყეში"

"სამართლებრივი კოლიზია - ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყანა აკავებს მეორე წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არც ერთი ამ სახელმწიფოს წინაშე დანაშაული არ მიუძღვის"

გასულ კვირას, ესპანეთის პოლიციამ დააკავა სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, რომელიც კუნძულ მალიორკაზე შვებულების გასატარებლად ჩავიდა. გიორგობიანს დასვენების ნაცვლად  ქალაქ პალმის ციხეში ყოფნა და სამდღიანი შიმშილობაც კი მოუხდა. ესპანელი სამართალდამცავები ვითარებაში "დროულად გაერკვნენ" და გერმანიის მოქალაქე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა  თავგამოდებით ქომაგობდა, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბიძინა გიორგობიანმა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" მფარველი ქვეყნისადმი მადლობის წერილიც განათავსა. "კვირის პალიტრას" კი მომხდარის დეტალებზე ესაუბრა.

- შვებულება ავიღე და ერთი კვირით მეუღლესა და შვილებთან ერთად ესპანეთში გავემგზავრე. ის-ის იყო კუნძულ მალიორკაზე, პატარა ქალაქ მონაკორის სასტუმროში დაბინავება გადავწყვიტეთ, რომ მოლარე-ოპერატორმა პასპორტი მთხოვა, ჩემი მონაცემები სისტემაში შეიყვანა და აღმოაჩინა, რომ ესპანეთის ინტერპოლი მეძებდა. პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფოდ მოქანდნენ და დამაპატიმრეს. ინტერპოლს 2006 წელს გადასცეს ჩემი გვარი, 2007 წელს კი გერმანიამ მოქალაქეობა მომანიჭა. მაგრამ ესპანეთში, როგორც ჩანს, ინტერპოლით ძებნილ ქართველებთან სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ, - ჩემი გერმანული პასპორტის ნამდვილობის გადამოწმება მოინდომეს. ეს რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს დრო წინასწარი დაკავების იზოლატორში გავატარე, სადაც გერმანიის საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნის მიზნით შიმშილობა გამოვაცხადე. სამი დღე ვიშიმშილე, მეოთხე დღეს ქალაქ პალმის ციხეში გადამიყვანეს. იქ საქმეში გერმანიის საკონსულო ჩაერთო და ჩემი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, მადრიდის ნაციონალურ სასამართლოში გადამიყვანეს. დაკავებული პირის ექსტრადირებას სწორედ ის წყვეტს. ასე იყო თუ ისე, სასამართლომ დააზუსტა, რომ ნამდვილად გერმანიის მოქალაქე ვარ და სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლა. თუმცა, რა გზას უნდა დავადგე, ისევ გადასაწყვეტია, ამას მადრიდის სასამართლო გერმანიასთან არკვევს და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე ესპანეთიდან გასვლა და ბერლინში დაბრუნება მეკრძალება. ვიდრე საქმეს განიხილავენ, დროებით ჩემს მეგობართან ვარ.

ექსტრადიცია აღარ მემუქრება, მაგრამ საოცარ სამართლებრივ კოლიზიასთან გვაქვს საქმე, - ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყანა აკავებს მეორე წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არც ერთი ამ სახელმწიფოს წინაშე დანაშაული არ მიუძღვის. გერმანია ამტკიცებს, რომ პოლიტიკური მოტივით სამშობლოდან დევნილი ვარ. მან ჯერ კიდევ 1995 წელს მაღიარა პოლიტიკურ დევნილად, 2007 წელს  კი გერმანიის მოქალაქეობა მომანიჭა. უნდა ნახოთ ინტერპოლისთვის გადაცემული ჩემი ბრალდება, თურმე ავტორიტარული ხელმძღვანელი ვიყავი. ე.ი. საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰკითხო, დიქტატურა დამიმყარებია ტყეში.

გერმანიის საკონსულოში მითხრეს, რომ არ შეიძლება ინტერპოლის გამოყენება რომელიმე მესამე ქვეყნის (ამ შემთხვევაში საქართველოს) პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებად. მით უფრო მაშინ, როცა საქართველოსთანა ქვეყანაში სამართლებრივი სისტემა მოშლილია, რაც დაადასტურა კიდეც  სტრასბურგში გირგვლიანის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა, რომლის პუნქტებით სახელმწიფო მოხელეები ადამიანის წამებით მკვლელობაში არიან ბრალდებული. 2007 წლის 30 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლომ ჩემი საჩივარიც მიიღო, თუმცა პროცესი ჯერ არ გამართულა.

სხვა რა გითხრათ, ნამდვილად არ მინდა, ესპანეთში ყოფნა გამიხანგრძლივდეს და ამის გამო  ბერლინში კარგი სამსახური დავკარგო. განვიცდი იმასაც, რომ ჩემი შვილების თვალწინ უკვე არაერთხელ დამაპატიმრეს. იმედია, რამდენიმე დღეში გერმანიაში დაბრუნებას შევძლებ, მანამდე კი სხვა საკითხებიც მაქვს გასარკვევი.

მაგალითად ის, რომ დაპატიმრებისას პირადი ნივთები დავკარგე, პორტმანე, ფული, სათვალე, ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტომობილის მართვის მოწმობა და ა.შ. როცა პოლიციის განყოფილებაში შიმშილობა დავიწყე და ცუდად გავხდი, მაშინვე წამიყვანეს საავადმყოფოში და ჩემი სადაზღვევო ბარათით მიმკურნალეს. შემდეგ ჩემი პირადი  ნივთები უკვალოდ დაიკარგა...

სამართლებრივი ნონსენსია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ინტერპოლს გადამცა. მან კარგად იცის, სადაც ვარ და რას ვაკეთებ. სააკაშვილის ხელმოწერილი წერილები პირადად ჩემს მისამართზე, საფოსტო ყუთში მხვდებოდა და რაღა საჭიროა ინტერპოლი?!

- რა წერილები?

- მაგალითად, 2007 წელს მივიღე სააკაშვილის ხელმოწერილი წერილი, სადაც ეწერა, რომ არ მიხსნის საქართველოს მოქალაქეობას. კერძო საუბრებიდან ვიცი, როცა ესპანეთის პოლიციამ დამაკავა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემი ექსტრადიციისთვის მიეღწია.

სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2005 წელს  თქვა: "ბიძინა გიორგობიანს გერმანიიდან კანდალებით  ჩამოვიყვანთო", მაგრამ არ გამოუვიდა.  საზოგადოება მალე დაინახავს, ვის დაადებენ ხელბორკილს. ამას პირადად ვპირდები სააკაშვილს.

როგორც ხედავთ, ბიძინა გიორგობიანს ხელისუფლება არ ივიწყებს, რადგან მე დოკუმენტურად დავადასტურე უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შსს-ს მონაწილეობა ფინანსურ მაქინაციებში კოკოითის რეჟიმთან. ერთ-ერთი ფრაქციის მოთხოვნით ეს საკითხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც შეისწავლა და მოწმეებმაც დაადასტურეს, თუ როგორ აძალებდნენ გაყალბებული ჩვენებების მიცემას. მოწმეები იყვნენ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ხათუნა ტყეშელაშვილი და კონტროლის პალატის წარმომადგენელი ნუგზარ ნაჭყებია. იყო სხვა მამხილებელი დოკუმენტებიც, რომლებიც საქმეს ახლავს და პარლამენტის ბიბლიოთეკაში ინახება. რაკიღა ხელისუფლება ვამხილე ასეთ დანაშაულში და თან უარი ვთქვი ტყეების პრივატიზებაზე, დევნა დამიწყეს. როცა ზურაბ ჟვანია აღარ იყო ცოცხალი და მთავრობაში მოკავშირე აღარ მყავდა, მომიშორეს. სატყეო სისტემა მთლიანად მოშალეს და ახლა უკვირთ, მეწყრები და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები რომ ხდება. იმ მოსამართლეს, რომელსაც უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიც არა აქვს დამთავრებული, ჩემთვის აბსურდული განაჩენის გამოტანის გამო სააკაშვილმა პირდაპირი გადაცემის წესით ლისის ტბაზე მიწა აჩუქა. ეს ყველამ იცის.

სადაც უნდა ვიყო, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლას გავაგრძელებ. სააკაშვილს უნდა ქართველი, როგორც მოვლენა, მოსპოს და გამოიყვანოს ახალი ჯიშის ქართველი. რაღა უნდა თქვა, როცა რობერტ სტურუასთანა გენიოსსაც ებრძვიან.