"ერთმა თავზე ფეხი დამადო. შებოჭილს მეორემ თავის სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი"
მალხაზ არქანიამ შემზარავი ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს. როგორც მისი ადვოკატი ლექსო არქანია აცხადებს, ამ ახსნა-განმარტების გამოქვეყნების შემდეგ მალხაზ არქანიას მდგომარეობა დამძიმდა. ის, ფაქტობრივად, საპყრობილის ხელმძღვანელის - მუხაძის პირადი პატიმარია და მისი მდგომარეობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ობიექტური ინფორმაციის გამომტან პირებს მასთან არ უშვებენ.

"2011 წლის 5 თებერვალს შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა რუსლან შომახიამ და სხვა თანამშრომლებმა ენგურის ხიდთან დამაკავეს. გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოვდიოდი. "ჰიუნდაის~ მარკის ჯიპში ჩამსვეს და გაურკვეველ ადგილას
წამიყვანეს, ამ ადგილზე მხოლოდ ჩაის ბუჩქები იყო. მგზავრობისას თავზე შავი ნაჭერი მქონდა ჩამოფარებული. ადგილზე რომ მიმიყვანეს, მანქანიდან გადამიყვანეს და შოთიკო სადუნიშვილის ჩვენება მაჩვენეს, სადაც ეწერა, ვითომ მე თემურ არქანიასთან, მამუკა არქანიასთან, დენის ქიშმარიასთან და ავთო კაკალიასთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.
აღნიშნულზე უარი განვაცხადე, რის გამოც დამიწყეს უშვერი სიტყვებით გინება, მაფურთხებდნენ სახეში, მემუქრებოდნენ იარაღის დამიზნებით, მირტყამდნენ რკინის ხელკეტით ზურგსა და ფეხებში. იქვე ჩამიტარეს ჩხრეკა, ამოიღეს 1.500 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, 80 რუსული რუბლი და ორი სიმბარათი.

თუმცა, ამის გარდა ჩხრეკის ოქმში ჩაწერეს, რომ ჩემგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც სინამდვილეში არ მქონია და არც მინახავს. იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ აღნიშნულ ოქმს ხელი მოვაწერე. ქალაქის სამმართველოში გადამიყვანეს. მეორე სართულზე ამიყვანეს თუ არა, დერეფანში ცემა დამიწყეს. ჩემს ცემაში დამკავებელთან ერთად მონაწილეობდა პოლიციის თანამშრომელი თემურ თორია, მეტსახელად ლოქო. შემდეგ შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც ცემა და მუქარა გაგრძელდა. მაფურთხებდნენ, მირტყამდნენ თირკმლებში. ამდენ ცემას ვეღარ გავუძელი და გონება დავკარგე. ამ დროს მათ ძალით დამალევინეს წყალი, რაშიც, როგორც შემდგომ  მივხვდი, ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული. დაახლოებით ორი საათის შემდეგ გადამიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც აღმომაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ცხოვრებაში არასდროს გამიკეთებია და არც ვიცი, რანაირია.

დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩემზე ზეწოლა არ მომხდარა. მესამე დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდა. ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში როცა შემიყვანეს, პირმა, რომელიც ჩემს ბადრაგირებას ხელმძღვანელობდა, საპყრობილის თანამშრომლებს უთხრა, რომ მე ნარკომანი, მანქანების გადამყვანი და არქანიას ნათესავი ვიყავი. ამის შემდეგ საპყრობილის თანამშრომლებმა ცემა დამიწყეს. მალე ჩემს დასაკითხად მოვიდა სამხარეოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა. მანქანების თაობაზე მეკითხებოდა, რომლებსაც, მისი თქმით, ვყიდულობდი და ვყიდდი; ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელიც ვითომდა ჩემი "ნასკიდან" ამოიღეს. ქარდავამ ამ შეკითხვებს თავი მალე დაანება და "საქმეზე" გადავიდა.

მეკითხებოდა, ვიცნობდი თუ არა ვინმე ზვიად არქანიას, რომელიც მისგან გავიგე, რომ ძებნილია. ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი, რის გამოც ერთი დღით კარცერში მომათავსეს. 2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს მე-8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. მე-8 საპყრობილეში შეყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც მეგის ქარდავა დამხვდა, რომელმაც მითხრა, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა დამეწერა ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია. ჩემგან უარი რომ მიიღო, მეგის ქარდავამ ორ პირს უბრძანა, რომ კარანტინში ჩავეყვანე. ცემა-ცემით ჩამიყვანეს ქვემოთ, მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს.

მეუბნებოდნენ, რომ კარგად უნდა მეყურებინა და დამემახსოვრებინა ეს სცენა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იმავეს მიზამდნენ. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა და მითხრეს, რომ თუ თავის გადარჩენა მინდოდა, აღიარებითი ჩვენება უნდა დამეწერა. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. მეგის ქარდავამ მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და ამიტომ უნდა შემეჭამა. ვინც მეგისს დაჰყვებოდა, მან ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. ისევ ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ცოტა ხანში ტუალეტის კარი გაიღო და იქიდან ორი ნიღბიანი მამაკაცი გამოვიდა. ისინი მეცნენ, და შარვლის ჩახდა დამიწყეს. მე წინააღმდეგობას ვუწევდი. ერთი ეუბნებოდა მეორეს: წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვარი უნდა გავაუპატიუროო.

უცბად გაიღო "კარმუშკა", საიდანაც მეგის ქარდავას თანმხლები პირები სურათებს მიღებდნენ. ამ დროს  დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი. სიმწრისაგან თავს ბეტონზე ვურტყამდი. გარეთ მყოფი პირები საკანში შემოცვივდნენ. ერთმა თავზე ფეხი დამადო. შებოჭილს მეორემ თავის სასქესო ორგანო მომადო და ასე გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. ქარდავას თანმხლებმა პირებმა მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით. აღიარებითი ჩვენების დაწერის დროს ჩემ მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, როცა გამომძიებელი ლაშა ყოლბაია მოვიდა, მოვითხოვე ჩემს დაკითხვას დასწრებოდა ჩემი ადვოკატი. აღნიშნულის უფლება გამომძიებელმა არ მომცა. დაკითხვისას მის ჩამოყალიბებულ ჩვენებაზე მომაწერინეს ხელი.

22 ივნისი, 20011 წელი, მალხაზ არქანია


ლექსო არქანია:
"მალხაზ არქანია არა მარტო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, არამედ ჩემი ბიძაშვილია. მალხაზს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენია. მას ოფიციალურად ბრალი დასდეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში. არადა, მთელმა ქვეყანამ იცის მისი პატიოსნების ამბავი. ნარკოტიკების ჩადების მიზანი იყო, გაუხსნელი საქმეები ჩემი ბიძაშვილისთვის დაებრალებინათ. რაიონულ განყოფილებებს ზეწოლის ეშინიათ. მათ კატეგორიულად სთხოვენ, რომ რადაც უნდა დაუჯდეთ, ყველა საქმე გახსნან. ასეთ პირობებში თავს ხომ არ დაისჯიან და ასეთი ტაქტიკა აქვთ შემუშავებული - ირჩევენ უბრალო, უპატრონო ადამიანებს და ასეთი გაუგონარი მეთოდებით აიძულებენ, დაიბრალონ ის, რაც არ ჩაუდენიათ. მალხაზი ენგურის ხიდთან დილის 9 საათზე დააკავეს, ოქმი კი საღამოს 5 საათზეა შედგენილი. ამ ხნის განმავლობაში იგი ტყეში ჰყავდათ და აწამებდნენ. ოფიციალურად ტერორიზმის საქმესთან მალხაზ არქანიას კავშირს და ამ საქმეზე დაკითხვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. სახელმწიფო დაწესებულებებს ამ კითხვით წითელი ჯვრის ორგანიზაციამ მიმართა. მოსწერეს, მალხაზ არქანიას მიმართ ასეთ ბრალდებაზე საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობსო.

ნარკოტიკების საქმესთან დაკავშირებული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. პროცესი 30 მაისს იყო დანიშნული, მაგრამ მალხაზი 19 მაისს  სრულიად საიდუმლოდ გადმოიყვანეს ზუგდიდიდან თბილისში. 19 მაისიდან მასზე სასტიკი ზეწოლა ხორციელდებოდა. იმდენად იყო დაშინებული, რომ 22 ივნისამდე სიტყვა არ დასცდენია. ყოველდღე შევდიოდი მასთან, მაგრამ არ მეუბნებოდა, რა ხდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამომიტყდა. თურმე ემუქრებოდნენ, ადვოკატთან ერთი სიტყვა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სიკვდილი განატრებინოთო. ბოლოს ჩათვალა, რომ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ეს ერთადერთი გზა იყო და ყველაფერი მითხრა. ამ ჩვენების დაწერის შემდეგ მალხაზი, როგორც ჩანს, საშინელ დღეში ჩააგდეს, რადგან დააწერინეს, ჩემი ადვოკატი მაძლევს ისეთ მითითებებს, რაც ჩემთვის მიუღებელია და გთხოვთ, აცილება მისცეთო.

გვინდოდა, ეს საქმე სტრასბურგში წაგვეღო, მაგრამ ვერ ვახერხებთ პროცედურების დაცვას. აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა, რომ მას აღენიშნებოდა დაჟეჟილობა, ნაჭდევები, ჭრილობები. ამისათვის მისი სამედიცინო შემოწმება იყო საჭირო. ისეთ დღეში ჩააგდეს, ხელი ვერ მოაწერა თანხმობას, რომ საკანში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა შეგვეყვანა. გვინდოდა, სამედიცინო ბარათები გამოგვეთხოვა, მაგრამ ყველაფერი დაბლოკეს. ახლა მალხაზ არქანია, ფაქტობრივად, დაცვის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ დაგვიკავშირდა წითელი ჯვრის წარმომადგენელი, რომელმაც მალხაზთან შეხვედრა მოახერხა. გადმოგვცეს, რომ მალხაზ არქანია საკანში ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციებია ჩართული, მისი სიცოცხლის გადარჩენის გარანტია არ არსებობს. რა ხდება იქ, არავინ იცის. ძალით დაწერილი აცილების შემდეგ ოჯახმა ახალი ხელშეკრულება ისევ ჩემთან გააფორმა, მაგრამ მუხაძემ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე კატეგორიული უარი განმიცხადა მასთან შეშვებაზე. ჩემი ბიძაშვილი მუხაძის პირადი ტყვეა."
qqqq
04 ივნისი 2013 13:32
gmerma mshvifobianad daasrula yvelaferiii.malxaxi ukve garetaa.130kiloiani kaci 70kilo gamovida iqidan.rasac is cerda yvelaferii dimattlea da is axla mkurnalobs.imdenad didi tramva miigo
xXx
01 სექტემბერი 2011 00:29
Knatski ჩემი აზრით ამერიკა ტერორისტების სახით იმკის იმას რაც დათესა მუსლიმანურ სამყაროში, უბრალოდ ხალხია ცოდო, თორემ ამერიკას მეტი ეკუთვნის და აუცილებლად მიეზღვება ყველაფრისთვის.
Knatski
31 აგვისტო 2011 20:16
SaSa ამერიკა რა შუაშია?! ამ მეთოდებით ისინი ცდილობენ ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინონ. ეს ტეროირსტები, რომლებიც მშვიდობიან ადამიანებს ბომბებით აფეთქებენ, იმაზე მეტის ღირსი არიან რაც თქვენ ჩამოთვალეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები