"არ გამოვრიცხავ, დემეტრაძე მოკლან და მერე თვითმკვლელობად გაასაღონ"
05-09-2011
"ასე მითხრა, ისეთ მდგომარეობაში ვარ, შეიძლება თავი ჩამოვიხრჩოო"

ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე უმძიმეს მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული, მისჯილი აქვს 6 წელი და ამ ეტაპზე საკასაციო საჩივრის განხილვასა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დემეტრაძეს საპროცესო გარიგება შესთავაზეს, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც ბრალის აღიარებაა. მან უარი განაცხადა და როგორც ჩანს, ურჩობისთვის ისჯება. ადვოკატ მარიკა ფხალაძის თქმით, პატიმარი თვითმკვლელობის ზღვარზეა. ადვოკატმა ეს ინფორმაცია გასულ კვირას გაახმაურა, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
რეაგირებას არ ჩქარობს.

მარიკა ფხალაძე, ადვოკატი: "კვირაზე მეტია, გიორგი აღარ მინახავს. სავარაუდოდ, ამ კვირაში მოვინახულებ და იმედია, მისი მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესებული იქნება. გაუსაძლის პირობებში იყო, თვითმკვლელობამდე იყო მისული. როცა შემხვდა, მოშორებით დაჯდა, სამი კვირაა, რაც კბილის ჯაგრისი თვალით არ მინახავს, არ მიბანავია და ვერ შეგაწუხებო.
ადმინისტრაცია მას ბარათით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. დემეტრაძე ყოველდღე ითხოვს ბარათს, მაგრამ ამაოდ. წარმოიდგინეთ, სამი კვირაა დემეტრაძის საკანში საერთოდ არ შედის ჰიგიენური საშუალებანი, ტუალეტის ქაღალდიც კი...

პატიმრებს სუნსა და აუტანელ სიბინძურეში უწევთ ყოფნა, რაც წამების ტოლფასია. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ფაქტობრივად, მშიერია. მხოლოდ ოთხშაბათსა და პარასკევს აჭმევენ ლობიოს, სხვა დღეებში საზიზღარი საჭმელი შეაქვთ, რომელსაც ცხოველიც კი ვერ შეჭამს. გიორგის მხოლოდ ერთხელ უჭამია, მაგრამ ღებინება დააწყებინა. წესით, დღეში ერთი საათით თუ საათ-ნახევრით პატიმარი ჰაერზე უნდა გაჰყავდეთ, მას კი ამის საშუალებასაც არ აძლევენ.

ასე მითხრა, ისეთ მდგომარეობაში ვარ, შეიძლება თავი ჩამოვიხრჩოო.  ვაცხადებ, შეზღუდვები თუ არ მოუხსნეს, სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მივმართავთ   და მოვითხოვთ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

- სხვა პატიმრების მდგომარეობაც ანალოგიურია თუ მხოლოდ დემეტრაძეს ექცევიან ამგვარად?

- როგორც ჩანს, ადმინისტრაციამ ერთ საკანში შეყარა სხვა ისეთი პატიმრებიც, რომლებიც თვალში არ მოსდის. ისინიც ვერ სარგებლობენ იდი-ბარათებით. გიორგის ვკითხე, რატომ დაგსაჯეს, კონფლიქტი ხომ არ მოგივიდა ვინმესთან-მეთქი. იუარა. ამბობს, რომ მიზეზი ან საბაბი არ მიუცია არავისთვის.

ნანა კაკაბაძე,
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის": "ციხის ადმინისტრაცია არღვევს კანონს, როცა პატიმარს ბარათით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს. პირველადი მოხმარების საგნების შეძენა მხოლოდ ამ ბარათის საშუალებით არის შესაძლებელი. ადმინისტრაციის საკვები უხარისხო ზეთზე მზადდება, რომელიც მეორადი გადამუშავების პროდუქტია და ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ამ საკვების ჭამას შიმშილი ჯობს. განსხვავებული აზრის მქონე პატიმრებს, რომლებიც არ თანხმდებიან თანამშრომლობაზე, აგენტობაზე, დასმენაზე, ასე უსწორდებიან. ვცდილობთ, ამ ფაქტზე საერთაშორისო  ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა, თუმცა ვიდრე რეაგირებას მოახდენენ ხელისუფლებაზე, ამასობაში დემეტრაძემ შეიძლება ვერც კი გადაიტანოს ამგვარი წამება. შიში მიპყრობს, როცა ვიგებ, პატიმარმა შეიძლება თავი მოიკლას. არც იმას გამოვრიცხავ, დემეტრაძე მოკლან და მერე თვითმკვლელობად გაასაღონ.

veterani
08 სექტემბერი 2011 12:06
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებში აბსოლუტურად არ ჩანს პატრიოტიზმი. თამაშობენ ვალის მოხდის მიზნით და ერთი სული აქვთ, რომ თამაში ჩაამთავრონ და ამ დაქცეული ქვეყნიდან სწრაფად აითესონ. იქ კი სიამოვნების მორევში გადაეშვან და მომავალ თამაშამდე დაივიწყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ასეთი წარმოდგენა მექმნება მათი თამაშის შემყურე. ლატვიასთან შეხვედრისას, ისიც კი ვიფიქრე, ტოტალიზატორში მოწინააღმდეგის მოგებაზე ხომ არ დადეს-მეთქი. აბა სხვა რითი გავამართლო მოგებისადმი ჟინის არ ქონა? რაგბისტებსაც კაცები უნდა ერქვათ და ამ საცოდავებსაც?
კალაძის მეტი დემეტრაძეზე ხმას რომ არავინ იღებს, ესეც ქართველი ფეხბურთელების დიდი სირცხვილია. აძმები არველაძეების მაინცადამაინც არ მიკვირს.
gioooo
07 სექტემბერი 2011 14:10
როგორც სიჭი იტყოდა ჩამოვლენ ინაპლანეტელები (ესპანელებს ვგულისხმობ) და ნახავთ მერე ასეთი ნაკრების სანახავად საბერძნეთთან არ წავალ
david67
07 სექტემბერი 2011 00:55
კიდევ ერთხელ ივაჟკაცეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მალტასთან1-1. იქ მალტაში ვინც ნამყოფია არის ძველებური ციხე. ეხლა მუზეუმად არის გადაკეთებული. იქ ხდებოდა საშინელი წამება გაუტეხელი პატიმრების.15-16 საუკუნეებში. ინკვიზიციის დროს. ისე შესასვლელში აწერია სუსტი ნებისყოფის მქონე პირებისათვის შესვლა აკრძალულია. იქნებ სძლიონ თავს და შევიდნენ მანდ და დაათვალიერონ. შეიძლება რაღაცა გრძნობით გამოვიდნენ ისეთი რომ დემეტრაძეზე ხმა ამოიღონ, მაგრამ მიშა მათთვის უფრო დიდი ბუააა ვიდრე იმ დროინდელი ინკვიზიტორები. ჟურნალისტები რომ დააკავეს ტყუილად კოლეგებმა ამხელა პროტესტის ტალღა ააგორეს. რობერტ სტურუას უკანონო გათავისუფლებასაც რამხელა ამბავი მოყვა ხელოვნების მუშაკებისგან დათქვენ რა დაგემართათ სპორტსმენებს. ასეთი უვარგისები როგორა ხართ?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები