კვინტრაძეა თუ ბაქრაძე? - კვირის პალიტრა

კვინტრაძეა თუ ბაქრაძე?

გოკა გაბაშვილი: "ვინ არიან, რას წარმოადგენენ, არ მაინტერესებს და გამოძიებას არც ვაპირებ"

თამარ ჩუგოშვილი: "თუ შსს მათ მიერ დასახელებული პირის სურათებს მოგვაწვდის, ჩვენ

ექსპერტიზას ხელმეორედ ჩავატარებთ"

26 მაისის მოვლენები კარგა ხანს იქნება განსჯისა და სკანდალების მიზეზი. მორიგი სკანდალი ბრიტანელი ექსპერტის დასკვნამ უკვე გამოიწვია. ბრიტანელებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეკვეთით კვლევა ჩაატარეს და შედეგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასულ კვირას გაახმაურა.

სკანდალური კვლევის შედეგს სულაც არ შეუშფოთებია ჩვენი ხელისუფლება. პირიქით, საია (ბრიტანელებს ჯერჯერობით ვერ გაუბედეს) პოლიტიკური ინტრიგების ხლართვაში დაადანაშაულა! ბრიტანელი ექსპერტის დასკვნა კი ისე გააბიაბრუეს, თითქოს ექსპერტიზა გამოცდილ ექსპერტებს კი არა, ფოცხოეწრის ლაბორატორიას ჩაეტარებინოს.

ნიკა კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდა, ხოლო აქციის დაშლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 27 მაისს სამართალდამცავებმა  კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის სახურავზე იპოვეს. მოგვიანებით ნიკა კვინტრაძის მეგობარმა, რომელიც მასთან ერთად იყო აქციაზე, განაცხადა, რომ კვინტრაძე 25 მაისის ღამეს პოლიციელებმა დააკავეს და ის აქციის დაშლის დროს გადაღებულ ფოტოებზეც ამოიცნო. მეგობარი აცხადებდა, რომ შეუძლებელი იყო, კვინტრაძე მაღაზიის სახურავზე ასულიყო, რადგან უკვე ხელბორკილი ედო. შს სამინისტრომ ეს ვერსია მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ კვინტრაძე არავის დაუკავებია და ექსპერტთა დასკვნით კვინტრაძისა და ასათიანის გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა გახდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი 26 მაისს მომხდარ მოვლენებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა და სპეციალური მასალა ექსპერტიზისათვის ბრიტანეთში გაგზავნა. მიღებული დასკვნის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა ნიკა კვინტრაძის დაღუპვის შსს-ეული ვერსია.

ბრიტანელმა ექსპერტმა მორფოლოგიური შედარების გზით დაადგინა, რომ პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ ფოტოებსა და "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ ვიდეოფირზე აღბეჭდილია ერთი და იგივე პიროვნება. გამოსახულებებს შორის 7 მსგავსების ნიშანი აღმოჩნდა(!).

ბრიტანულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე პოლიციამ დააკავა: "ექსპერტიზა ადასტურებს, რომ კვინტრაძე პოლიციელებმა დააკავეს. გარდა ამისა, პოლიცია იმ ტერიტორიას, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, მთელი ღამისა და აღლუმის განმავლობაში მკაცრად აკონტროლებდა და საეჭვოა, ნიკა კვინტრაძე და 60 წლის სულიკო ასათიანი მაღაზიის სახურავზე ეპოვათ. ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც 26 მაისს აქციის დაშლის შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში იმალებოდა და იქაურობა დილით მაღაზიის სახურავის გავლით დატოვა, იქ ცხედრები არ უნახავს. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე შეიძლება ძალის გადამეტებას შეეწირა", - აცხადებს საია-ს ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი.

KvirisPalitra.Geშს სამინისტრომ ეს ვერსია კატეგორიულად უარყო და გაავრცელა ვიდეომასალა, რომლითაც ამტკიცებს, რომ ფოტოზე, რომელზეც საიას მტკიცებით გარდაცვლილი კვინტრაძეა აღბეჭდილი, აღბეჭდილია სულ სხვა პირი, კერძოდ, ქარელელი გიორგი ბაქრაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მისი ჩვენებაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი პირი თავად არის.

შსს-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს როგორც კვინტრაძის, ასევე ბაქრაძის აქციაზე ყოფნის მომენტები. მასალას თან ახლავს ჩვენებაც, სადაც ბაქრაძე ამბობს, რომ ნამდვილად იყო იმ დროს აქციაზე და სწორედ მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, "ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნიკა კვინტრაძე დენის დარტყმით გარდაიცვალა. "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოფირზე კვინტრაძის მეგობარიც ჩანს. კვინტრაძეს ცისფერი მაისური აცვია, მეგობარი კი ამტკიცებდა, იმ დღეს კვინტრაძეს სხვა ფერის ჟაკეტი ეცვაო", - განაცხადა უტიაშვილმა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საია-ს აქვს მაღალი დონის ექსპერტის დასკვნა, რასაც ვერ აბათილებს შსს-ს არგუმენტები, შსს-გან მტკიცებულებებს ითხოვს და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავს.

თამარ ჩუგოშვილი: "თუ შსს-ს მათ მიერ დასახელებული პირის სურათებს მოგვაწვდის, ჩვენ ექსპერტიზას ხელმეორედ ჩავატარებთ. საინტერესოა, რა შედეგს მივიღებთ?"

ამ ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღუფრთოვანებია. შოთა უტიაშვილის თქმით, საია-ს თავად შეუძლია ბაქრაძის მოძიება და ექსპერტიზის ჩატარება, შსს კი ხელახალ გამოძიებას არ აპირებს.

სკანდალში აქტიურად ჩაერთო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი, მან საია-ს  რეპუტაციის გადასარჩენად ბოდიშის მოხდა ურჩია: "ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავს ობიექტურობაზე დებს, მიზანმიმართულ სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს, საია-ს ბოდიშის მოხდა მოუწევს". ამასობაში პოზიციას არ თმMობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

მთავარი კი ამ ამბავში ის არის, რომ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც უმრავლესობას არ აინტერესებთ ბრიტანელი ექსპერტის დასკვნა. უმრავლესობას მტკიცედ სწამს, რომ "ვიღაც ბრიტანელი ექსპერტი" ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებსა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულ ექსპერტიზასთან მოსატანიც არ არის.

გოკა გაბაშვილი: - პირი, რომელიც აღბეჭდილია იმ ფოტოზე, რომელზეც საია და მათ მიერ შეკვეთილი ექსპერტი ამბობს, რომ მკვდარია, ცოცხალია, საღ-სალამათი, ინტერვიუს იძლევა და თავისი თავი ამოცნობილი ჰყავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რა ექსპერტული ბიუროებიც უნდა მოიყვანოს და როგორც უნდა შეეცადოს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ყველას გვესმის, რომ ეს არის ტყუილი. ორგანიზაცია, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რესპექტაბელურობაზე, წინასწარ დადგმულ ტყუილში მონაწილეობს.

- თუკი დასკვნა მცდარია, ბრიტანულ კომპანიას განმარტებას არ მოსთხოვთ?

- არაფერს არ ვაპირებ, მე იმის პოლიტიკური შეფასება გავაკეთე, რაც ვნახე. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოისმინოს გიორგი ბაქრაძის ჩვენება, რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული, შეადაროს გარეგნობები. მე არ ვიცი, ბრიტანელებს რა უჩვენეს, რა უთხრეს, ვინ არიან, რას წარმოადგენენ და მართალი რომ გითხრათ, არც მაინტერესებს და ამის გამოძიებას არც ვაპირებ.

ბრიტანელი ექსპერტის დოსიე

გვინდა მკითხველს ორიოდ სიტყვით ბრიტანელი ექსპერტის დოსიე გავაცნოთ. ექსპერტიზა ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტში ჩატარდა, ექსპერტი კი ბაკალავრის, მეცნიერებათა მაგისტრისა და ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის მეცნიერი კენ ლინჯია. ის ბრიტანეთში ფოტოპორტრეტული ექსპერტიზის კონსულტანტია, მუშაობს ეროვნული პოლიციის ეფექტიანობის გაუმჯობესების სააგენტოში და გაერთიანებულ სამეფოში მომსახურებას უწევს სამართალდამცავ ორგანოებსა და დაცვის მხარის ადვოკატებს. აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი სახის გამოსახულების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დარგში, იყო ბრიტანეთის პოლიციის მთავარ ოფიცერთა ასოციაციის მრჩეველთა და ციფრულ გამოსახულებებზე მომუშავე ჯგუფის წევრი; ლინჯს დიდი წვლილი მიუძღვის მტკიცებულებათა საიმედოობისა და უტყუარობის შემოწმების ახალი და არსებული ტექნოლოგიებისა და სამუშაო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. გასული 14 წლის განმავლობაში ლინჯმა 450-ზე მეტ საქმეზე იმუშავა. თითქმის 45 წელია პროფესიონალ ფოტოგრაფად მუშაობს, აქედან 29 წელი ესექსის პოლიციის ფოტოგრაფიის დეპარტამენტში მსახურობდა. წლების განმავლობაში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა; 1981 წელს მიენიჭა პრესტიჟული "ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის" მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. ეს ინსტიტუტი კი ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში მთელ მსოფლიოში ცნობილია.

KvirisPalitra.Geლინჯის დასკვნა

ახლა ვნახოთ, რას ამბობს თავის დასკვნაში ბატონი ლინჯი: "სპეციალური აპარატურის გამოყენებით მთელ ვიდეოჩანაწერს სათითაო და შეჩერებული კადრების სახით გავეცანი. შემდეგ თითოეული უმოძრაო გამოსახულება მაღალი რეზოლუციის მონიტორზე დიდი გამადიდებელი შესაძლებლობის მქონე პროგრამისა და გამოსახულების ოპტიმიზაციის საშუალებათა სრული სპექტრის გამოყენებით შევისწავლე. პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებული ფოტოსა და #4 ფოტოს მორფოლოგიურმა შედარებამ ცხადყო, რომ გამოსახულებებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის. აშკარაა შემდეგი მსგავსებები: 1. სახის ფორმა; 2. თმის ხაზზე არსებული თმის ფერი, შუბლისა და საფეთქლის არე; მე-4 გამოსახულებაზე და სიკვდილის შემდგომ გადაღებულ ფოტოზე ჩანს მნიშვნელოვანი ამონაზნექი მარცხენა საფეთქელზე, რომელიც, სავარაუდოდ, დარტყმისგან იქნა მიყენებული. ორივე გამოსახულებაზე ამონაზნექის მდებარეობა, ფორმა და ზომა ერთნაირია.

KvirisPalitra.Geჩავატარე ასევე შეზღუდული პროპორციული შედარება პასპორტის ფოტოსა და სიკვდილის შემდგომ გადაღებულ ფოტოს შორის. სიკვდილის შემდგომ გადაღებული ფოტო 90 გრადუსით შევატრიალე საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს; ორივე გამოსახულების ზომა ერთმანეთს გავუტოლე და კომპიუტერული პროგრამით შექმნილ ბადეში გავასწორე. მიუხედავად იმისა, რომ ბადეში მახასიათებელთა მხოლოდ ვერტიკალური განლაგებაა შესაძლებელი, შედარებამ არაერთი თანაფარდობა გამოავლინა.

გარდა ამისა, ფართო მონიტორზე ერთად განვათავსე და ერთმანეთს შევადარე ტანსაცმლის დეტალები და გარემო მახასიათებლები. ფოტოები სხვადასხვა თვალთახედვის არიდან ერთსა და იმავე სცენას ასახავდა. მიმაჩნია, რომ მოცემული სურათები მნიშვნელოვნად ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფოტოებზე ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული".