ვინ ჰკითხავს სუდიას?! - კვირის პალიტრა

ვინ ჰკითხავს სუდიას?!

"არარსებული გადასახადის გამო ყოველთვიურად პენსიას მაჭრიან"

რატომ არ ცნობს სასამართლოს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახური

ბოლო დროს ცუდი ფიქრები მომეძალა. სულ უფრო ხშირად ვფიქრობ (კი არ მინდა, მაგრამ ჩემდა უნებურად), რომ  სასამართლო არ გვჭირდება. ჯერ ერთი, მის გადაწყვეტილებებს საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვით უყურებს. ამბობენ, სასამართლო პროკურატურის უკანონო მითითებებს ასრულებსო, ხოლო თუ ხელი მოქალაქის სასარგებლოდ წაუცდა, მაშინ ოფიციალური სტრუქტურები მის გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ. ჰოდა, თუ არავინ არაფერს ეკითხება "სუდიას", მაინც გვჭირდება ვითომ?

ნიკოლოზ მჭედლიძე: "2005 წელს ხაშურის გამგეობის მიწის იჯარით გამცემმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში 5 ჰექტარი სახნავი მიწა იჯარით გადმომცემოდა, მაგრამ ნაკვეთი დაკავებული აღმოჩნდა, ფაქტობრივი მფლობელები ჰყოლია (სულ 9 პირი), რომლებიც მიწის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. კანონით, მიწის გადმოსაცემად მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი, გამგეობამ ის ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გადასცეს მოქალაქეს, რაც უნდა დადასტურდეს მიღება-ჩაბარების აქტით. რადგან მიწის ფაქტობრივი მფლობელები უარს აცხადებდნენ მიწის გათავისუფლებაზე, ხაშურის გამგეობამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მიწის გათავისუფლება.

KvirisPalitra.Ge სარჩელი დაკმაყოფილდა და მიწის ფაქტობრივ მფლობელებს მიწის გადასახადის გადახდაც დაეკისრა. არავინ იცის, მათ გადაიხადეს თუ არა დაკისრებული გადასახადი. ერთი სიტყვით, მიწის გამოთავისუფლებას 2 წელი დასჭირდა. 2007 წლამდე ამ მიწით ზემოხსენებულის გამო არ მისარგებლია. 2008 წლის აგვისტოში გორის საგადასახადო ინსპექციიდან მომივიდა საგადასახადო მოთხოვნა 2005-06 წლებში ვითომდა ჩემს სარგებლობაში არსებული მიწის გადასახადის შესახებ. კი გავაპროტესტე, მაგრამ გორის საგადასახადო ინსპექციამ მიპასუხა, გადასახადი უნდა გადაიხადოთ, რადგან საიჯარო ხელშეკრულება გაქვთ გაფორმებულიო. ბუნებრივია, ავუხსენი, რომ ამ საკითხზე არის სასამართლოს გადაწყვეტილება, დადგენილია ისიც, რომ ამ წლებში მიწას არ ვფლობდი, რადგან არც მიღება-ჩაბარების აქტი არსებობდა. კანონის მიხედვით კი ქონების გადასახადი ეკუთვნის იმ პირს, რომელსაც სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო მიწა. რა თქმა უნდა, პასუხიც არ გაუციათ. როცა მოტივს ეუბნები, ვითომც არც ესმით. ასე უნდათ და მორჩა!

გორის საგადასახადო ინსპექციის უარის შემდეგ ზემდგომ ინსტანციას - შემოსავლების სამსახურთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მივმართე. მაშინ მოქმედი დებულება ითვალისწინებდა, კომისიას საკითხი ჩემი მონაწილეობით განეხილა, მაგრამ სამინისტრომ ჩემი არგუმენტების გაბათილების გარეშე, ჩემს დაუსწრებლად(!) ფორმალურად განიხილა ჩემი საჩივარი და უარით მიპასუხა. შემდეგი ინსტანცია სასამართლოა და მეც სარჩელით მივმართე გორის რაიონულ სასამართლოს. მან განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება ჩემი სარჩელის დაკმაყოფილებისა და საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, დაავალა ინსპექციას, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიეღო ახალი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამით სასამართლომ საგადასახადო ინსპექციას ღირსების შენარჩუნების შესაძლებლობა დაუტოვა, მაგრამ ინსპექციამ სააპელაციო სარჩელით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება! სააპელაციო სასამართლომ ჩახედა საქმეს, ორივე მხარეს გაგვესაუბრა და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

მაგრამ, როგორც ხვდებით, საქმე ამით არ დასრულებულა. ინსპექციამ ახლა უკვე უზენაეს სასამართლოს მიმართა საკასაციო სარჩელით, თუმცა, ამ უკანასკნელმა სარჩელი დაუშვებლად ცნო. მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად!

სასამართლო დავის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ საგადასახადო უწყებამ "ლიბერთი ბანკის" ხაშურის ფილიალში ჩემი საპენსიო ანგარიში დააყადაღა და ამის საფუძველია ის საგადასახადო მოთხოვნა (განვლილ პერიოდში დარიცხული საურავებით!), რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი!

როდესაც სერვისცენტრის მუშაკებთან ეს გავაპროტესტე, მთხოვეს განცხადების დაწერა, საქმესთან დაკავშირებული საბუთების (სასამართლოს გადაწყვეტილებები, დანართები, მიმოწერა და ა.შ.) წარდგენა, რაც შევასრულე, ანუ ამ სასამართლო დავის არსებობის შესახებ ჩემგან შეიტყვეს(?!).

ჩემი წერილობითი განცხადების მიუხედავად (რომელსაც თან სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ერთვის), საგადასახადომ  საპენსიო ანგარიშიდან ყადაღის მოსახსნელად არაფერი გააკეთა, რის გამოც ბანკი აგრძელებს პენსიის დაკავებას. მეტიც, 9 სექტემბერს ჩემს მოთხოვნაზე, რომ საგადასახადოს მოეხსნა ყადაღა ჩემი საპენსიო ანგარიშიდან, შემოსავლების სამსახურმა მომწერა, რომ თურმე ჩემთვის გადასახადის დარიცხვისას საგადასახადო სამსახურმა იხელმძღვანელა 2005 წელს ხაშურის რაიონის გამგეობასა და ჩემს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილება არც არსებობს და არც საგადასახადოს მოთხოვნა ეცნოს ბათილად სასამართლოს (ამ  შედევრს ხელს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მადინა მაყაშვილი აწერს. - ავტ).

მაინტერესებს, კიდევ რომელ ინსტანციას უნდა მივმართო? სასამართლოს გადაწყვეტილება არ აინტერესებს საგადასახადო სამსახურს და ჩემი არგუმენტები ვის დაჰკარგვია?! ვინ აგებს პასუხს ჩემი ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის?

ჩვენ დავუკავშირდით შემოსავლების პრესსამსახურს, ვაცნობეთ საქმის ვითარება, მაგრამ კომენტარი არ მიგვიღია. არის ქვეყანაში ისეთი ვინმე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე მაინც აგებს პასუხს?

პოსტსკრიპტუმის ნაცვლად: ერთი ძველი კინოფილმი გამახსენდა. საფეხბურთო გუნდი შეხვედრას აგებს. გულშემატკივარი ტრიბუნებზე წამოიშალა და გუნდის მთავარ მოთამაშეს დაჰკივლა:

- ხაჟალია, დაარტყი პენალტი!

ხაჟალიამ გულშემატკივარს მოედნიდან უპასუხა:

- არ მაძლევს სუდია!

- ვინ ჰკითხავს სუდიას?!