სკანდალური საქმე, ანუ ადვოკატი საქმის მოგებისთვის დაიჭირეს?! - კვირის პალიტრა

სკანდალური საქმე, ანუ ადვოკატი საქმის მოგებისთვის დაიჭირეს?!

"საქართველოში ადვოკატის პროფესია უკვე სახიფათოა", - მიიჩნევენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები, რომლებიც კოლეგის, ტარიელ მურმანიშვილის დაკავების გაპროტესტებას აქციებით გეგმავენ.ცხადია, მურმანიშვილი არც პირველია და არც უკანასკნელი იმ ადვოკატთაგან, რომლებსაც "ვირის აბანოში" უკრეს თავი, მაგრამ მისი საქმე მაინც სხვებისგან გამორჩეული და სკანდალურია. ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, ადვოკატი დააკავეს იმის გამო, რომ კლიენტს ანა ბალამწარაშვილს მილიონ-ნახევარი ევრო მოაგებინა, ახლა კი "კმაყოფილი" "ბიზნესვუმენი" უჩივის.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: "ადვოკატი საქმის მოგების გამო დააკავეს. ამით ქმნიან პრეცედენტს, თუკი ადვოკატი სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებს, აუცილებლად სახელმწიფოს უნდა მისცეს ან ციხეში ჩაჯდეს. თაღლითობად ჩაუთვალეს ადვოკატს ის, რაც მისი მოვალეობაა, ე.ი. საქმის მოგება. სააკაშვილის რეჟიმმა 122 ადვოკატს გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი, უმრავლესობა დევნის მსხვერპლი გახდა".

ზაქარია ქუცნაშვილი, ადვოკატი: "ყველაფერი ასე დაიწყო: ბელგიის მოქალაქე რენიერსმა  ანა ბალამწარაშვილის რჩევით გადაწყვიტა საქართველოს ხეტყის ბიზნესში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა. თავად რენიერსის ჩვენებას დავეყრდნობი, სადაც წერს: "წლების წინ საკუთარი სახსრებით წამოვიწყე ბიზნესი, ვაკეთებდი ფარდა-ჟალუზებსა და შენობის სხვა დეკორატიულ საშუალებებს. საქართველოში ჩამოვედი იმ მიზნით, რომ დამესაქმებინა ხალხი და მიმეღო შემოსავალი. ეს ჩემი მეგობრის, ანა ბალამწარაშვილის ინიციატივით მოხდა. პირადად, ხეტყის ბიზნესში გამოცდილება არ მქონია. ბალამწარაშვილს ამ საქმეში  მატერიალური მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მოგების სანახევროდ გაყოფას ითხოვდა, რაზეც დავთანხმდი".

მეეჭვება საშუალო განათლების მქონე ადამიანს, რომელიც ფარდა-ჟალუზების დამზადებით იყო დაკავებული,  2 მილიონ 700 ათასი ევრო რეალურად ჰქონოდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულის გათეთრებას ცდილობდა... ქართველმა თანამდებობის პირებმა ანა ბალამწარაშვილის მეშვეობით გაიტანეს ფული ბელგიაში და რენიერსმა სწორედ ეს ფული "გადმორიცხა". შემდეგ, როგორც ჩანს, მაღალჩინოსნებმა თანხა ვერ გაიყვეს, ჩვენი ადვოკატი მურმანიშვილი ამ დროს ჩაერთო პროცესში და დიდ "გაუგებრობაშიც" მოჰყვა.

ბალამწარაშვილის ჩვენებაში ჩანს, რომ მას აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი რომანოზ ბჟალავა მფარველობდა. პრობლემის შექმნისას "ბიზნესვუმენი" პარლამენტარს ხვდებოდა ხან პარლამენტში, ხანაც აბაშაში, ხან ქობულეთში, ზოგჯერ  პიკანტურ სიტუაციებშიც... პრობლემები კი ქალბატონს მაინც ექმნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რენიერსმა 2 მილიონ 700 ათასი ევროს ინვესტიციის ჩადების პირობის სანაცვლოდ ხეტყის ჭრის ლიცენზია სამცხე-ჯავახეთში ადვილად მოიპოვა. როგორც ირკვევა, ეს ტერიტორია თითქმის გაჩეხილი იყო, ბალამწარაშვილი კი ამბობს, ხეტყის უკანონო ჭრისკენ გვიბიძგებდნენო. ამას ისიც დაერთო, რომ რენიერსმა დაპირებული თანხიდან (2 მილიონ 700 ათასიდან მხოლოდ თანხის ნაწილი, მილიონ-ნახევარი  გადმორიცხა საქართველოში), რის შემდეგაც ხეტყის ჭრაზე ლიცენზია შეუჩერეს (მიზეზად ბოლომდე შეუსრულებელი პირობა დასახელდა). ბალამწარაშვილი კი იმდენად "გავლენიანი" აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასთან შესვლა და ლიცენზიის აღდგენა მოახერხა.

ასევე, ბალამწარაშვილის რჩევით, რენიერსმა ახალი პარტნიორი, ზურაბ ადამია შეიყვანა ბიზნესში და ერთობლივი ფირმა "თისელი" დააარსეს. ადამიამ მილიონ ორასი ათასის სანაცვლოდ, მოგებიდან 49%-იანი წილი "მოითხოვა". მოგვიანებით რენიერსმა პარტნიორი ადამია იმ თანხის გაფლანგვაში დაადანაშაულა, რომელიც ხეტყის გადამმუშავებელი დანადგარების შეძენას უნდა მოხმარებოდა. ამ ამბავს ლიცენზიის ხელახლა შეჩერება მოჰყვა და ბალამწარაშვილმა დახმარებისთვის ისევ რომანოზ ბჟალავას მიაკითხა. მან ბჟალავასგან გაიცნო ახალციხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტატი კახა კახაძე, რომელმაც ბალამწარაშვილი ადვოკატ მურმანიშვილს დააკავშირა. როგორც ჩანს, ბალამწარაშვილს მაშინ ვერაფრით წარმოედგინა, რომ საქმე რენიერსის სასარგებლოდ გადაწყდებოდა და ადვოკატს ანგარიშმიუცემლად დაჰპირდა, სრულ ანაზღაურებას ახლა ვერ გადაგიხდით, რენიერსის გამარჯვების შემთხვევაში, მოგებული თანხის ნახევარი შენი იყოსო. ადვოკატმა ამ პირობის ხელშეკრულებით გაფორმება და ნოტარიული აქტით დამოწმება მოითხოვა, რაც გაფორმდა კიდეც.

ბალამწარაშვილი ამჟამადაც არ უარყოფს, რომ ხელშეკრულება მისი ხელმოწერით არის დამოწმებული, თუმცა ამბობს, პირობები არ წამიკითხავს, როცა ხელი მომაწერინესო. ე.ი. ადვოკატი თაღლითობის  ბრალდებით მხოლოდ და მხოლოდ ბალამწარაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს (ტარიელ მურმანიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა). ბალამწარაშვილი არ ხსნის, რატომ უნდა დარჩენილიყო ანაზღაურების გარეშე ადვოკატი, რომელმაც კლიენტს სოლიდური თანხა მოაგებინა(?!).

ბალამწარაშვილი ერთ-ერთ ჩვენებაში ამბობს, ბჟალავას თანაშემწე კახა კახაძე შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ამირან მესხელის სახელით მანიპულირებდაო. "კახაძე ამბობდა, რომ გავლენიანი პირების წინაშე ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი", - წერს ის. ჯერჯერობით არ შემიძლია დავაზუსტო, რა შიდა დაპირისპირება ან ფარული გარიგებები იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ბალამწარაშვილი პროკურატურას ყურებით ჰყავდა გამოჭერილი. ის ჩვენებაში ამასაც წერს: "კახა კახაძე ხეტყის ბიზნესში ჩემი არასწორი ქმედებებით მანიპულირებდა და მეუბნებოდა, - შენი საქმე უკვე პროკურატურას გადაეცაო". სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე შესაძლებელია დეპუტატ ბჟალავას დაკავებაც (მაგალითად, ბიზნესის "დაკრიშვის" გამო), თუ რასაკვირველია, ხელისუფლება მასზე ხელის შეწმენდას მოისურვებს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ამ საქმემ უფრო დიდი რეზონანსი შეიძინოს, იმაზე დიდი, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია, მით უფრო, ამ ყველაფერს პროფესიონალი ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი შეეწირა, რომელიც თავის ავტორიტეტს ეჭვქვეშ არ დააყენებს".

"კვირის პალიტრა" დეპუტატ რომანოზ ბჟალავას დაუკავშირდა, რათა გაერკვია მისი  ბალამწარაშვილი-რენიერსის ბიზნესთან კავშირი. "გამოძიების დასრულებამდე კომენტარზე უარს ვაცხადებ", - განაცხადა დეპუტატმა.

ანა ბალამწარაშვილიც არიდებს თავს ჟურნალისტებთან ურთიერთობას,  თუმცა მისი ბჟალავასთან ახლო ურთიერთობის დამადასტურებელი ფოტოები მაინც მოვიპოვეთ: ერთ-ერთი რესტორან "მონოპოლში", მეორე კი კი რესტორან "თბილისშია" გადაღებული. ამ ყველაფრის მერე ჩანს, რომ ჩვენს დროში ადამიანი ადამიანს ვეღარ ენდობა, კარგის მქნელს კი სიკეთე ცუდად უბრუნდება... წინააღმდეგ შემთხვევაში არც ადვოკატი მურმანიშვილი აღმოჩნდებოდა ციხეში...

ვინ არის რომანოზ ბჟალავა

KvirisPalitra.Geვინ იყო და რა დამსახურებისთვის დაწინაურდა რომანოზ ბჟალავა, მცირე ინფორმაცია იოლად მოვიძიეთ. ის ჯერ კიდევ კონტროლის პალატის რიგითი თანამშრომელი გახლდათ, როცა ამ უწყებას რეზო შავიშვილი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით სულხან მოლაშვილმა ბჟალავას მისამართით ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განაცხადა: "ზოგ-ზოგიერთს თავი პატიოსნად მოაქვს, ამ დროს ადამიანებს სასაფლაოზე უნიშნავს შეხვედრებს ქრთამის გამოსართმევად". ბჟალავას ნამდვილი კარიერული წინსვლა კი მაინც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იწყება...

KvirisPalitra.Ge