რატომ დააკავეს დუისელი მასწავლებელი - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს დუისელი მასწავლებელი

18 სექტემბერს პანკისის ხეობაში კვლავ დაირღვა სიმშვიდე - სოფელ დუისის მოსახლეობამ ორდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი აღშფოთების მიზეზი 16 სექტემბერს ახმეტაში ჩატარებული სპეცოპერაცია გახლდათ - 37 წლის ასმათ (შორენა) ხანგოშვილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) თანამშრომლებმა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქიდან გამოსვლისას დააკავეს.

სამართალდამცავებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, ამიტომ თვითმხილველებს ეგონათ, რომ ხანგოშვილს იტაცებდნენ და დახმარება სცადეს, მაგრამ სოდის თანამშრომლებმა ისინი მკაცრად გააფრთხილეს, ახლოს არ მისულიყვნენ და განუმარტეს, რომ ასმათ ხანგოშვილი ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის ფაქტზე დააკავეს, არადა, პირადი ნივთების ჩხრეკა არც ჩაუტარებიათ. ასმათ ხანგოშვილი თბილისში გადმოიყვანეს. როგორც მოგვიანებით დაკავებულმა ადვოკატს უამბო, მანქანაში სამართალდამცავები მსჯელობდნენ, ჩხრეკის ოქმში ამოღებულ ნივთიერებად აბები ჩაეწერათ თუ ფხვნილი (სავარაუდოდ, საუბარია ჰეროინზე).

ასმათ ხანგოშვილი როდი სკოტის ფონდის თანამშრომელია და სოფელ დუისში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. ინგლისელი ჟურნალისტი, frant lain tv-ის”რეპორტიორი ჰერვეის როდერიკ ჯონ სკოტი 2002 წელს პანკისში იმყოფებოდა და სამი თვის განმავლობაში ჩეჩენ საველე მეთაურთან, რუსლან გელაევთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ამ მეგობრობის გამო რუსული პრესა მას ტერორისტს უწოდებდა. როდესაც გელაევმა საქართველო დატოვა, სკოტი მის რაზმს გაჰყვა. 2002 წლის 26 სექტემბერს ინგუშეთში, სოფელ გალაშკასთან გელაევის რაზმი რუსი ჯარისკაცების ჯგუფს გადააწყდა; შეტაკებისას სკოტი დაიღუპა. ჟურნალისტის მშობლებმა მისი სახელობის ფონდი დააარსეს და პანკისზე შეყვარებული სკოტის ხსოვნის პატივსაცემად დუისში სკოლა გახსნეს, სადაც ბავშვებს უცხო ენასა და კომპიუტერს ასწავლიან. 18 სექტემბერს როდი სკოტის ფონდის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფონდის დირექტორმა ვლადიმერ ლაზინსკიმ კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ხანგოშვილის ნარკოტიკებთან  კავშირი.  დუისელები ფიქრობენ, რომ ასმათ ხანგოშვილის დაკავება მთელი ხეობის შეურაცხყოფაა. "პანკისის ხეობა წლების განმავლობაში კრიმინალისა და ნარკოტრაფიკის ცენტრი იყო, მაგრამ ხეობაში, დიდი ხანია, აღარც ნარკოტიკებია და აღარც ნარკორეალიზატორები; აქ სიმშვიდეა და ამას ძალიან ვუფრთხილდებით!" - აცხადებდნენ აქციაზე მისული ადამიანები.

19 სექტემბერს, ღამით, ასმათ ხანგოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, სასამართლომ იგი გამოძიების დამთავრებამდე გირაოთი (5.000 ლარი) გაათავისუფლა, სასამართლო პროცესი კი 27 ოქტომბერს არის დანიშნული.

რა მიზეზით დააკავეს ასმათ ხანგოშვილი? - ეს კითხვა პანკისის ხეობაში და არა მარტო იქ, ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. ერთი ვერსიით, მისი დაკავება ასმათის ძმას, მუსა ხანგოშვილს უკავშირდება, რომელიც მკვლელობისა და ადამიანის გატაცების ბრალდებით დიდი ხანია, იძებნება; მეორე ვერსიით (რომელიც უფრო სარწმუნოა), ასმათ ხანგოშვილი დააკავეს ცრუოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თითქოს ის ნარკოტიკებით მოვაჭრე იყო, სამართალდამცავებმა კი, რატომღაც, არ გადაამოწმეს ეს ინფორმაცია.