გირგვლიანის საქმის დასასრულის დასაწყისი? - კვირის პალიტრა

გირგვლიანის საქმის დასასრულის დასაწყისი?

"ეს რევოლუციის ტოლფასია და, ბუნებრივია, ძილი ექნებათ გამკრთალი"

2011 წლის 26 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე - "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". ევროსასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტი და კონვენციის 38-ე მუხლი. მათ უკან კი საშინელი რეალობაა.

ევროსასამართლო შეძრწუნებულია არა მარტო წამებით, არამედ იმ კვალიფიკაციით, რაც დანაშაულს მიეცა, რომ თითქოს ეს იყო ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რამაც გამოიწვია სიკვდილი, და არა განზრახ მკვლელობა, მაშინ, როცა სანდრო გირგვლიანს ყელის არეში 12 ჭრილობა ჰქონდა.

ევროსასამართლომ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გადაწყვეტილებაში ჩაწერა ისეთი სიტყვები, როგორიც არის "აღშფოთებული" და "შეძრწუნებული" და მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას, საქმის ხელახალი გამოძიება დაეწყო. საქართველოს ხელისუფლება კი ურცხვად ამტკიცებდა,  გადაწყვეტილებაში არ წერია არც ერთი სიტყვა საქმის ხელახალი გამოძიების შესახებ. ჩვენ ხარვეზები გვქონდა და მხოლოდ ამის გამო გვევალება 50.000 ევროს გადახდაო.

ევროპული სასამართლოს განჩინება 2011 წლის 26 ივლისს ძალაში შევიდა. ჩვენი ხელისუფლება ძველებურად რიხით ვეღარ ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე ხელახალ გამოძიებას არ დაიწყებს. გირგვლიანების ოჯახის ადვოკატებმა უკვე მიიღეს იუსტიციის სამინისტროდან წერილი, სადაც ნათქვამია, რომ არა მხოლოდ გადაიხდიან დაკისრებულ თანხას, არამედ არ გამორიცხავენ გირგვლიანის საქმეზე თანამშრომლობას ევროპის საბჭოს კომიტეტთან. ანუ, თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი დაავალებს საქართველოს ხელისუფლებას გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას, ის აუცილებლად დაიწყება.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა საიდუმლო არხები, რომ ნოემბერში დაგეგმილმა მინისტრთა საბჭოს კომიტეტის სხდომამ, რომელშიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შედიან, ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ჩვენი წყაროს ცნობით, ამ საქმეების მოსაგვარებლად სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან უკვე დაიწყო ფარული მოლაპარაკება.

დავით ჯანდიერი, ადვოკატი: -  საქართველოს მთავრობამ უარი რომ თქვას მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულებაზე, წარმოუდგენელია. ის იძულებული იქნება ხელახლა დაიწყოს გამოძიება. უნდა დაიკითხონ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და ინციდენტის მონაწილე ყველა წევრი, მათ შორის ისინიც, ვინც ფორმალურად მოიხადეს სასჯელი; უნდა ამოიღონ სატელეფონო კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია და დაადგინონ კავშირი სუფრის წევრებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის. ეს პროცედურა კი გირგვლიანის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს. ცხადია, ეს დანაშაულში გარეული პირების გამოაშკარავების დასასრულის დასაწყისი იქნება. ამიტომაც ხელისუფლება ძალ-ღონეს არ დაიშურებს, გამოიყენებს ყველა კავშირს იმისთვის, რომ როგორმე მინისტრთა კომიტეტმა არ დაავალდებულოს საქართველო, გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

განგაშის მიზეზიც აქვთ - წინ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია! მოგეხსენებათ, ქართულმა მართლმსაჯულებამ არ დაადგინა კავშირი სუფრის წევრებსა და დამნაშავეებს შორის, შემდგომი გამოძიებისას კი ეს უნდა დადგინდეს. ევროსასამართლო ამბობს, რომ გაყალბდა ოქმები, ამიტომაც შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს გამომძიებლებისა და პროკურორების წინააღმდეგ; ევროსასამართლო ამბობს, რომ სასამართლო ინსტანციებში დაირღვა დაზარალებულის უფლებები და მოსამართლეებსაც უნდა დაუწესდეს სანქციები. ევროსასამართლო ამბობს, რომ პრეზიდენტის შეწყალება არ შეესაბამებოდა სიცოცხლის უფლების პატივისცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მსჯავრდადებულები უნდა შეაბრუნონ ციხეში, რათა მათ მთლიანად მოიხადონ ის სასჯელი, რაც დააკისრეს. პრაქტიკულად, ეს რევოლუციის ტოლფასია და, ბუნებრივია, ძილი ექნებათ გამკრთალი.

- იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ რიხით აცხადებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება არ დაიწყება.

- იუსტიციის სამინისტრომ ისარგებლა იმით, რომ საქართველოს მოსახლეობას არა აქვს დეტალური ინფორმაცია, თუ რა პროცედურებს მოიცავს ევროსასამართლოში საქმის განხილვა. თუ მინისტრთა კომიტეტი ხელისუფლებას დაავალებს ხელახალი გამოძიება დაიწყოს, ამას წინ ვერაფერი აღუდგება. ისეთი დიდი სახელმწიფოებიც კი, როგორიც თურქეთი და რუსეთია, ვერ ეწინააღმდეგებიან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას. მის შეუსრულებლობას აუცილებლად მოჰყვება დიპლომატიური და პოლიტიკური სანქციები.

- რა ზომებს მიმართავენ ხელისუფლებები, რომ მათთვის არასასურველი საქმეები არ გამოაშკარავდეს?

- ევროსასამართლო თავის ავტორიტეტს ეჭვქვეშ არ დააყენებს. თუმცა საკითხის გადავადებაზე საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესაძლოა დაიწყოს ფარული მოლაპარაკებები. ვიდრე არჩევნებს არ გადააგორებს ხელისუფლება, შეიძLლება ამ საქმის გამოძიება გაჭიანურდეს. ილუზია არა გვაქვს, რომ დაწყების შემთხვევაშიც წინასწარი გამოძიება სწრაფად წარიმართება, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება!

რას წარმოადგენს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი პოლიტიკური ორგანოა. მასში შედიან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. საბჭოს გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგება. მაგალითად, კვიპროსთან დაკავშირებული გახმაურებული საქმე "ლუაზიდუ თურქეთის წინააღმდეგ" თურქეთის ხელისუფლებამ წააგო. რა არ სცადა თურქეთმა, რათა თავი აერიდებინა ამ საქმისათვის, მაგრამ ვერაფერს გახდა. არც ღონღაძის საქმის გამოძიება უნდოდა უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ აიძულეს და განსასჯელის სკამზე ყოფილი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა აღმოჩნდა!