წინასაახალწლო ინფარქტი - კვირის პალიტრა

წინასაახალწლო ინფარქტი

ასმილიონიანი პრობლემის მოგვარების ქართული რეცეპტი

"ქართულ ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო ზეევ ფრენკელს ინფარქტი მოუვიდა"

"ძალიან შეშინებულან,  იმ ღამეს მთელი სოდ-ი და კუდ-ი იქ ყოფილა.  ფრენკელის ციხეში სიკვდილს დიდი უსიამოვნებანი მოჰყვებოდა"

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ებრაელი ბიზნესმენები, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დააპატიმრეს, მაგრამ საერთაშორისო სკანდალი უფრო მწვავდება. ებრაულ პრესაში გამოქვეყნდა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ისრაელმა საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა მოითხოვოს.

ებრაელი ბიზნესმენები გასულ წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავეს. რონი ფუქსს - 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამ ამბავმა ძალზე დაძაბა ურთიერთობა საქართველოსა და ისრაელს შორის. მართალია, ებრაელებს დიპლომატიური ეტიკეტი არ დაურღვევიათ, მაგრამ რამდენიმე მკაცრი ჟესტით საქართველოს ხელისუფლებას აშკარად მიანიშნეს, რომ ამ შეურაცხყოფას არ შეეგუებოდნენ. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ებრაელები შეიტყობენ, რომ ქართUულ ციხეში არაადამიანური მოპყრობის გამო ზეევ ფრენკელს ინფარქტი მოუვიდა. ებრაული პრესა რელიგიურ მოტივებზე ყურადღებას დიდი ხანია ამახვილებს და წერს, რომ ქართულ ციხეში ებრაელ ბიზნესმენებს იმდენად ამცირებენ, რომ მათ ღორის ხორცის ჭამასაც კი აიძულებენ.

ღორის ხორცის ჭამა არაფერია იმ სიურპრიზთან, რაც ცოტა ხნის წინ, წინასაახალწლოდ (ებრაელები ახალ წელს სექტემბრის ბოლოს აღნიშნავენ), პატიმარ ებრაელებს ქართულ ციხეში მოუწყვეს.

რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ერთად იხდიდნენ სასჯელს. ზეწოლა იმით დაიწყო, რომ ფრენკელი ქსნის დაწესებულებიდან  გეგუთის ციხეში გადაიყვანეს.

რონი ფუქსი ქსნის #15 დაწესებულებაში მოინახულეს მისმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა და ისრაელის კონსულმა. ფუქსმა ზეწოლის ფაქტები მათი თანდასწრებით, წერილობით დააფიქსირა.

არჩილ კბილაშვილი: - 13 სექტემბერს ზეევ ფრენკელი ქსნის კოლონიიდან გეგუთში გადაიყვანეს. ისე წაიყვანეს, რომ არც წამლების და არც პირადი ნივთების წაღების საშუალება მისცეს. ფრენკელი გულით ავადმყოფია, თანაც დიაბეტითაც არის დაავადებული. ეს ამბავი ფრენკელმა ვიღაცის მეშვეობით 14 სექტემბერს შეგვატყობინა. 15 სექტემბერს წამლები შევუგზავნეთ, 17-ში კი თავად ჩავედი და ვნახე. მითხრა, რომ წამალი არ მიუღია და გულში ჩხვლეტებს გრძნობს. მოვიკითხე,  წამლები. მიპასუხეს, მთავარი ექიმის კაბინეტშიაო. 17 სექტემბერს ისევ მივიტანეთ წამლები და ვითხოვეთ, სასწრაფოდ გადაეცათ ფრენკელისათვის, მაგრამ ამაოდ. 20-ში ფრენკელი ცუდად გახდა. წამლები სასწრაფოდ შეუტანეს, მაგრამ გვიან იყო, ინფარქტი განუვითარდა. 21-ში ისე დამძიმდა, რომ იძულებული გახდნენ ქუთაისში ცხაკაიას სახელობის კატასტროფის ცენტრში გადაეყვანათ. გადასარჩენად სასწრაფო, თანაც ღია ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ძალიან მძიმედ ყოფილა. ინფარქტი უწამლობამ და ციხეში სტრესულმა მდგომარეობამ გამოიწვია.

როგორც შემატყობინეს, ძალიან შეშინებულან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. იმ ღამეს მთელი სოდ-ი და კუდ-ი იქ ყოფილა. ცხადია, ფრენკელის ციხეში სიკვდილს დიდი უსიამოვნებანი მოჰყვებოდა. როგორც ჩანს, ვიღაცას მოჰბეზრდა ფრენკელისა და ფუქსის პრინციპულობა. მას შემდეგ, რაც მათ ქართულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, 11 თვე გავიდა, მაგრამ 100 მილიონის პრობლემა  დაპატიმრებამ ვერ გადაწყვიტა. ებრაელი ბიზნესმენები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ჩანს, მათ გასატეხად გადაწყვიტეს, ეჩვენებინათ, როგორია ქართული ციხე.

გელა ნიკოლაიშვილი, უფლებადამცველი: "ებრაელ ბიზნესმენებს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები თავიანთი ინიციატივით ვერ აიგდებდნენ აბუჩად. ასეთ დავალებებს მხოლოდ ხელმძღვანელობის დავალებით ასრულებენ. თავის მხრივ, ადმინისტრაცია შსს-სა და პროკურატურის განკარგულებებს ასრულებს. 11 თვის განმავლობაში ციხის თანამშრომლები კარგად ეპყრობოდნენ ორივეს და ერთ დღეში შეეცვალა ყველას აზრი? ეტყობა, მოსწყინდათ ლოდინი. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიხვდა, რომ სასტიკად მოპყრობის გარეშე დაპატიმრებულები უარს არ იტყოდნენ მოგებულ იმ 100 მილიონზე, რომელსაც ფრენკელი და ფუქსი ხელისუფლებას ედავებიან.

ხელისუფლებას სურს ბიზნესმენებმა ჩაუდენელი დანაშაული აღიარონ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა არ გადაიხადოს ის ვალი, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ ბიზნესმენების სასარგებლოდ დააკისრა".

ისრაელის საელჩომ საპროტესტო განცხადებით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და მოითხოვა, შეწყდეს პატიმრებზე ზეწოლა და ამ საქმის გამოძიება დაიწყოს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური თბილისი დუმს.

რონი ფუქსის ჩანაწერებიდან:

"14 სექტემბერი. მითხრეს, რომ შხაპი აღარ იქნება. ცხელი წყალი არ არისო.

15 სექტემბერი. ისრაელის კონსული მოვიდა. შეხვედრა ციხის უფროსის კაბინეტში შედგა. იმ საღამოს მითხრეს, რომ ჩემთვის სპეციალური საკვები (უმარილო და უშაქრო; ფუქსი დიაბეტით არის დაავადებული) აღარ იქნებოდა და საკანში საჭმლის წაღების უფლებას აღარ მომცემდნენ.

16 სექტემბერი. რატომღაც ციხის თანამშრომლები აღარ არიან ჩემ მიმართ კეთილგანწყობილნი. თანაც კბილის ექიმთან დავრეგისტრირდი, მაგრამ არ მოსულა.

17 სექტემბერი. ღამის ორ საათზე საკნის კარი იღება და სამი შავნიღბიანი შემოდის. უცბად ანთებენ შუქს. მთელი საკანი წამოგვყარეს ლოგინებიდან, გვიბრძანეს, სახით კედლისაკენ მიბრუნება და ხელების მაღლა აწევა. აურ-დაურიეს ჩემი საწოლი, გადმომიყარეს ტანსაცმელი და წამლები, მსუბუქად გაჩხრიკეს სხვების ნივთები და საწოლები.

18 სექტემბერი. დილით მორიგე მკაცრად მომესალმა, არ გაუღიმია. 12 საათისთვის თანამშრომელმა კახამ და სოციალურმა თანამშრომელმა ბადრიმ დამიძახეს. ბადრი ძლივს ლაპარაკობს ინგლისურად. მითხრეს, რომ თვეში მხოლოდ სამი თხუთმეტწუთიანი სატელეფონო ზარის უფლება მაქვს. ამიკრძალეს  ეზოში ვინმესთან დალაპარაკება, გამარჯობის თქმაც კი... ყოველ 10-15 წუთში შემოდიან მორიგეები და უხეშად მელაპარაკებიან. ყოველ შემოსვლაზე უნდა ავდგე და ხელები უკან დავიწყო.

19 სექტემბერი. დილის 6-ის ნახევარზე ისევ შემოვიდნენ ნიღბიანები. საწოლიდან ამაყენეს, პირით კედლისკენ შემაბრუნეს და ხელები ამაწევინეს. ამჯერად სხვებს საწოლებში დარჩენის უფლება მისცეს, ოღონდ კედლისაკენ გადაბრუნება უბრძანეს. ჩემი ნივთები და წამლები ისევ ძირს მიმოფანტეს.

20 სექტემბერი. ღამის პირველ საათზე შავ ტანსაცმელსა და შავ ნიღბებში ჩაცმული პირები ისევ შემოდიან. ისევ კედლისკენ მიბრუნება და ხელების მაღლა აწევა მიბრძანეს. ამჯერადაც მიმოფანტეს იატაკზე ჩემი ნივთები. ერთ-ერთმა მათგანმა ქართUულად მითხრა, დიდი პრობლემა გაქვსო. დედაც შემაგინა და ისეთი სიტყვები მითხრა, რომელსაც აქ ვერ გავიმეორებ. ღამის ორ საათზე ისევ დაბრუნდნენ.

KvirisPalitra.Geშემოიტანეს ვერცხლისფერი პაკეტი, გახსნეს და მკითხეს, იცი თუ არა, ეს რა არისო. არა-მეთქი... ეს კოკაინიაო. მერე ჩანთა მომთხოვეს. ვაჩვენე. ჩადეს კოკაინი და მითხრეს, ეს დანაშაული ოცწლიან სასჯელს ითვალისწინებსო და გავიდნენ. ახალმოყვანილმა პატიმარმა მითხრა, რომ დიდი, 100 მილიონ დოლარად შეფასებული პრობლემები მაქვს.

დილის ხუთის ნახევარზე ორი კაცი ისევ შემოვიდა საკანში. ისევ წამომაყენეს ლოგინიდან და ხელებაწეულს კედლისაკენ შებრუნება მიბრძანეს. გახსნეს "ფანტას" ბოთლი, საწოლსა და იატაკზე მოასხეს და გინებ-გინებით გავიდნენ".