რას შეეწირა ორი ბიჭის სიცოცხლე - კვირის პალიტრა

რას შეეწირა ორი ბიჭის სიცოცხლე

ძვირფასო რედაქცია! არცთუ დიდი ხნის წინ თქვენს გაზეთში ერთი საშინელი ტრაგედიის შესახებ წავიკითხე. მასალა ეხებოდა კახეთში მომხდარ საზარელ მკვლელობას - კუდ-ის თანამშრომელმა ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ძალიან მაინტერესებს, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები,  დაისაჯა თუ არა ის ადამიანი, ვინც ასეთი საშინელება ჩაიდინა.

ნანა, თბილისი

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია 2011 წლის 8 ივლისს მოხდა. მთვრალმა დავით ჩოთალიშვილმა  სოფელ წინანდალში ტაბელური იარაღით მოკლა შოთა ბატიაშვილი და გიგა გემაზაშვილი.  ესროლა გიორგი დათუკიშვილსაც, მაგრამ ააცილა და მან გაქცევა მოახერხა. საქმის ძიება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ჩოთალიშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა გიორგი დათუკიშვილისა და მისი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა  დავით ჩოთალიშვილმა (კუდ-ის ყოფილი უფროსი ოპერატიული თანამშრომელი) სასამართლოს ჩვენება 29 სექტემბერს მისცა და განაცხადა, რომ ეს ტრაგედია გიორგი დათუკიშვილის სინდისზეა (სტილი დაცულია): "მე ღმერთი მწამს და ყველაფერს სიმართლეს გეტყვით! შვებულება მქონდა სამსახურში აღებული და 7 ივლისს წინანდალში ჩავედი. ამ დღეს, ნათლისმცემლობას მეგობრები ერთად აღვნიშნავდით. ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე ვიქეიფეთ. დაახლოებით 12-ის ნახევარზე ჩემს მეგობართან, დავით გავაშელიძესთან ერთად სახლში მივდიოდი. მას წინანდლის ცენტრში მაღაზია აქვს. იქ გავჩერდით. დათომ რაღაც აიღო მაღაზიიდან. მე გარეთ ველოდებოდი. ამ დროს მოვიდა ჩემთან გიორგი დათუკიშვილი. მე მას ვიცნობდი, მოვიკითხე, გადავკოცნეთ ერთმანეთი. ყველანი მიყვარხართ, თქვენ ჩემზე პატარა თაობა ხართ და თქვენ გვერდზე ვიქნები-მეთქი. ჩემი ნათლიის შვილები - ბოლქვაძეებიც თქვენი თანატოლები არიან-მეთქი. აგრესია გამოხატა  და მკითხა, რა პონტში მიხსენებ ბოლქვაძეებსო.

ამას მოჰყვა გაუგებრობა. მოითხოვდა, ამეხსნა, რატომ ვახსენე ისინი. მის ხმამაღალ საუბარზე მოვიდნენ მისი მეგობრები. სიტუაცია დაიძაბა და  ჩხუბისკენ მიდიოდა. ჩემს მეგობარსა და დათუკიშვილის მეგობრებს შორის მოხდა აგრესიული შელაპარაკება. ვუთხარი ჩემს მეგობარს, წავიდეთ და ხვალ ვილაპარაკოთ-მეთქი და წამოვედი. დათუკიშვილი დამედევნა და გამაჩერა... დაახლოებით 10-12 კაცი შეგროვდა ჩემ გარშემო. ჩემი მეგობარი გავაშელიძე ამ დროს ჩემ გვერდით არ არის. დათუკიშვილმა გამოიწია ჩემკენ და დედა შეიგინა. აი, ამ მომენტში ამოვიღე ჩემი კუთვნილი იარაღი, შეშინების მიზნით გადავტენე და ვთქვი, ახლოს არც ერთი არ მოხვიდეთ-მეთქი. წამიერად შეჩერდნენ. ისევ ჩავიდე იარაღი ჯიბეში და დავაპირე სახლში წასვლა. ამ მომენტში დათუკიშვილი იძახის, შენი დედაც, ბოლქვაძეებისაც და ვინც არ ისროლოს და სისხლი არ დაიღვაროსო. ძალიან აგრესიულები იყვნენ. წამოვიდნენ ჩემი მიმართულებით. ხელი ამ დროს იარაღზე წავივლე, იმ მიზნით, რომ არ ამომვარდნოდა ან ვინმეს ხელი არ ეტაცა. ამ მომენტში, როცა ვეღარ გავაკონტროლე ჩემი თავი, გავისროლე ხუთჯერ. რა მოხდა ჩემს ზურგს უკან, არ დამინახავს. რომ მოვრბოდი, ვერავის ვერ ვხედავდი. ვიყავი საშინლად შეურაცხყოფილი და განერვიულებული, თითქმის აფექტურ მდგომარეობაში. ერთადერთი, ვინც თვალში მომხვდა, იყო დათუკიშვილი. გავიქეცი მისი მიმართულებით და ვისროლე. დანარჩენი, მერე რა იყო, როგორ წამოვედი სახლში და ა.შ. ზუსტად აღარ მახსოვს...

საშინლად განვიცდი იმას, რაც მოხდა. ვლოცულობ ჩემი და მათი სულებისთვის. შეიძლება არ დამიჯეროთ, რომ მინდა მათ ადგილზე ვყოფილიყავი. თუ მოვკვდებოდი, ყველასთვის საძულველი მკვლელი არ ვიქნებოდი. გიორგი დათუკიშვილი, რომელიც არის სათავე ამ უბედურებისა, აქ, განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს. ყველაფერი მისი ქუჩური მენტალიტეტის გამო მოხდა. მე დავამთავრე. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამისთვის".

მოწმე დათუკიშვილმა კატეგორიულად უარყო ჩოთალიშვილის ბრალდება, თუმცა რისთვის დაიწყო და ვისი ინიციატივით ეს უსაგნო შელაპარაკება,  კვლავ გაურკვეველია. მოწმეები არ აზუსტებენ მომხდარის დეტალებს. დათუკიშვილის ვერსიით, ჩოთალიშვილისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია და არც გაწევ-გამოწევა ყოფილა.

გიგა გემეზაშვილის და შოთა ბატიაშვილის ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ჩოთალიშვილის მფარველები ცდილობენ, საქმეს უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის ჩადენის ან აუცილებელი მოგერიების კვალიფიკაცია მისცენ.

დავით ჩოთალიშვილს თელავის სასამართლო ასამართლებს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შემდეგი პროცესი 12 ოქტომბერს გაიმართება.