"ამის დაჯერება თავადაც მიჭირს" - კვირის პალიტრა

"ამის დაჯერება თავადაც მიჭირს"

ფაქტები, რომელთაც "კვირის პალიტრა" გაგაცნობთ, შემზარავია. ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ პატიმრების წამებისა და სიცოცხლის ხელყოფის გამაოგნებელი ამბები გაგვაცნო.

გთავაზობთ ერთ-ერთი პატიმრის წერილს.

პატიმარ ივანე გაგნიძის წერილი (სტილი დაცულია): "მოვითხოვე ხერხემლის, ღვიძლისა და თავის, ასევე, ნაღვლისა და კუჭ-ნაწლავის სამედიცინო გამოკვლევა, მაგრამ ლაშა ბრეგაძისგან უარი მივიღე. დამემუქრა წლების დამატებით, ასევე, ფიზიკური ლიკვიდაციით, თუ არ შევწყვეტდი ჩემს მოთხოვნას. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მორალური ზეწოლა და პროვოკაციები... დირექტორი (ციხის) მაკითხავდა საკანში და მემუქრებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა და ეს გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი... მოვითხოვ, კონტროლზე აიყვანოთ ჩემი უსაფრთხოება, რათა არ აღასრულონ მუქარა... ვფიქრობ, ჩემი სხვა კოლონიაში ეტაპირების დროს მოიყვანენ სისრულეში მუქარას. ასევე, ვაცხადებ, რომ ვარ მორწმუნე ადამიანი, მაქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს თვითმკვლელობა, რასაც არ ჩავიდენ არასდროს. ამიტომ,  თუ მოხდა ჩემი გარდაცვალება ჩამოხრჩობით ან სხვა თვითმკვლელობის მახასიათებელი ფაქტებით, იცოდეთ, ეს  ჩემი ჩადენილი არ იქნება"

ნანა კაკაბაძე: - ამგვარი წერილები საპატიმროებიდან სულ უფრო ხშირად მოგვდის. ზოგმა პატიმარმა არაერთხელ მოგვაწვდინა ხმა, შეიძლება ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროსო და შემდეგ მისი გარდაცვალების ამბავიც გავიგეთ. ამის თვალსაჩინო მაგალითია კახა თედრიაშვილი, რომელიც ორი თვის განმავლობაში ხან შინაგან საქმეთა მინისტრს, ხან პროკურორს, იუსტიციის მინისტრს, ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უგზავნიდა წერილებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ის შეუპოვარი, მებრძოლი ბიჭი იყო. "მკლავენ! მაწამებენ, პირდაპირ მეუბნებიან, შაბათს ან კვირას მოგკლავთო", - გვწერდა თედრიაშვილიც და იხვეწებოდა, ინვალიდი შვილი მყავს, უპატრონოდ დამრჩება და იქნებ მიშველოთ, სიცოცხლე შემინარჩუნეთო. მართლაც შაბათ დღეს მოკლეს. ცინიზმი ის არის, რომ  თითქოს ბინტით "თავჩამომხრჩვალი" ნახეს, მაშინ როდესაც წესით არც უნდა ჰქონოდა ბინტი, არც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და არც სხეულის რომელიმე ნაწილი გადახვეული. და რაც მთავარია, გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები, ნაჭდევები.

- თქვენი აზრით, რატომ მოკლეს თედრიაშვილი?

- თავდაპირველად სთხოვდნენ, ჩვენი აგენტი უნდა გახდეო, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ დაიწყეს ზეწოლა, ემუქრებოდნენ გაუპატიურებითა და წამებით. ის ფორმალურად დათანხმდა კიდეც თანამშრომლობას, რაც ხელმოწერით დაადასტურა. მერე,  როგორც ჩანს, აგენტურულ საქმიანობას აიძულებდნენ, თანაც ეუბნებოდნენ, სხვა პატიმრებს ვეტყვით, ჩვენთან შეკრული რომ ხარო. ბოლოს კი მოკლეს.

- სასჯელს რისთვის იხდიდა?

- როგორც მახსოვს, წვრილმანი ქურდობისთვის. სამი წელი ჰქონდა მისჯილი...

არის შემთხვევები, როცა პატიმრებს ღამით შუქის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ.

გლდანის მე-6 საპყრობილეში ერთ-ერთი ზედამხედველი განსაკუთრებით სასტიკია. 9 თითი აქვს, ერთი რაღაც მიზეზით გადაუჭრია, ხშირად ნასვამია. რომ დათვრება,  შედის პატიმართან, ხელებს აჩვენებს და ეკითხება, რამდენი თითი მაქვსო. ვინმემ თუ უთხრა, ცხრაო, ბრაზობს, და სცემს პატიმარს, თუ უთხრეს, ათიო, მაინც  ღრიალებს, როგორ ბედავთ და დამცინითო! ამ ზედამხედველს "ბატონ კონტროლიორს" ეძახიან, თუ ვინმეს "ბატონო" დაავიწყდა, მყისვე "რეპრესიები" იწყება.

არის ციხის საკნებში ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან პაციენტების გაყვანისა და დროებით "შესახლების" ფაქტებიც. რასაკვირველია, ამის დაჯერება თავადაც მიჭირს, მაგრამ ერთმა პატიმარმა შეურაცხადის ვინაობა დაადგინა და ასე გასკდა ეს სკანდალური ამბავი.

იყო შემთხვევა, როცა ავადმყოფი, რომელიც ფსიქიატრიულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა, ღამით გაიყვანეს და ერთ-ერთი პატიმრის საკანში მოათავსეს. შეურაცხადს დამამშვიდებლის მიღება შეუწყვიტეს და ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ მოქმედებებს, ბუნებრივ მოთხოვნებს პირდაპირ ლოგინში იკმაყოფილებდა. მის დასუფთავებაზე ისევ პატიმარი ზრუნავდა. ავადმყოფს  უნებლიე შეტევები ეწყებოდა, ყვიროდა, კიოდა, პატიმრის დასახრჩობად იწევდა.

პატიმარმა საუბრებით, მუდმივი მოვლით,  აგრესიაზე ლმობიერების გამოჩენით მიაღწია იმას, რომ ავადმყოფის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, მან თავად უთხრა, ვინ იყო, დაასახელა უბანი, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. მოგვიანებით პატიმარმა ეს დედას აცნობა, ის კი შეურაცხადის ოჯახს დაუკავშირდა (სატელეფონო ზარი დაფიქსირებულია) და სთხოვა, თქვენი ავადმყოფი მოიკითხეთო. ეს ამბავი რომ გასკდა, სასწრაფოდ დააბრუნეს ავადმყოფი ფსიქიატრიულ კლინიკაში...

ერთი ყოფილი პატიმარი ჰყვება, რომ საკანში, სადაც ოთხი პატიმარი იხდიდა სასჯელს, მეხუთედ შეურაცხადი შეიყვანეს, რომელსაც ხელთ სულ ასანთი ჰქონდა, დროგამოშვებით ანთებდა და ღერებს ძირს ყრიდა. თავდაპირველად პატიმრები გაუწყრნენ, რაზეც შეურაცხადმა შემზარავი კივილი ატეხა და მცველებმა სასწრაფოდ გაიყვანეს, შემდეგ კი ისევ ასანთით შემოიყვანეს. სხვებისგან განსხვავებით ის გარეთ გაჰყავდათ და ისე  აჭმევდნენ, როგორც ჩანს, ასანთებითაც მაშინ ამარაგებდნენ.

თურმე, იძახდა ჰელიოსი ვარო, ანთებულ ასანთს კი ხან პატიმრებს ტანსაცმელზე უგდებდა, ხანაც თმაზე იდებდა. ერთხელ თავისი ზეწარი დაუწვავს, პატიმრებმა ხანძარი ძლივს ჩააქრეს, საშველად ზედამხედველსაც უხმეს და კარზეც ბევრი აბრახუნეს, მაგრამ არავინ მისულა. მოგვიანებით საკნიდან, სადაც საშინელი კვამლი და სუნი იდგა, მხოლოდ შეურაცხადი გაიყვანეს.

პატიმრები ღამით მორიგეობას აწესებდნენ შეურაცხადის სათვალთვალოდ, ხანძრის შიშით  რიგრიგობით იძინებდნენ.

სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია საავადმყოფოებს არა მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ პატიმართა სიკვდილიანობა "გააპრავოს", არამედ ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებიც შეჰყავს საკნებში პატიმრებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ეს არის თემა, რომელმაც შეიძლება საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს!

მივმართავ იმ პირებს, რომლებსაც ფსიქიატრიულ კლინიკებში ჰყავთ ოჯახის წევრები, ხშირად მოიკითხონ ისინი და დარწმუნდნენ, რომ დროდადრო (თუნდაც ღამღამობით) საპყრობილეებში არ გადაჰყავთ(!).