"აყვავებული ქვეყნის" მოქალაქე გელაპარაკებით!" - კვირის პალიტრა

"აყვავებული ქვეყნის" მოქალაქე გელაპარაკებით!"

ადამიანები, რომელთაც დასაკარგი აღარაფერი აქვთ

"დღესვე შემიძლია დავიწყო ზონდერად "მუშაობა", მაგრამ ვერ გავიწყვიტე შუბლის ძარღვი"

ქვეყანაში დღითი დღე იზრდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი. თუ 2009 წელს 900 ათასს შეადგენდა, დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა ბაზაში მილიონ ოთხასორმოცდაათიათასი კაცია რეგისტრირებული. გაიზარდა უსახლკაროთა რიცხვიც.

"ამ წერილს  VII  კლასის მოსწავლე გწერთ, სირცხვილისგან ვიწვი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის და იძულებული გავხდი, მომეწერა... ჩვენს მრავალსულიან ოჯახს  ძალიან უჭირს. თვეობით საჭმელს ვერ ვჭამთ. ჩვენი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა პატარა ძამიკო მძიმედ გაგვიხდა ავად. მის გადასარჩენად სახლ-კარი გავყიდეთ. ოჯახში ახლა ექვსნი ვართ: დედა პატიმარია, მამა - უმუშევარი, ბებია, რომელიც ლოგინზეა მიჯაჭვული და  სკოლის ოთხი მოსწავლე, რომლებიც სახელმძღვანელოების უქონლობის გამო სკოლაში ვერ დავდივართ. აქამდე ახლო ნათესავის ბინაში ვიყავით შეხიზნული, მაგრამ ცოტა ხნის წინ  მასაც პრობლემები შეექმნა და ბინის დაცლა გვთხოვა.  მამამ შეგვკრიბა შვილები და გვითხრა, მე უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ უბედურებას და თავი უნდა მოვიკლაო! სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე და მოგწერეთ. ძვირფასო "კვირის პალიტრის" რედაქციავ, ძალიან  გთხოვთ, დაბეჭდეთ ეს წერილი. დედა მეცოდება, თორემ სიცოცხლე აღარც მინდა უკვე. ამდენი გაჭირვებისგან დავიღალე".

ამ წერილს ხელს მეშვიდეკლასელი გოგონა აწერს. ჩვენ  გავითვალისწინეთ მისი თხოვნა და ოჯახის წევრთა სახელსა და გვარს არ ვასახელებთ. (დაინტერესებულ პირებს მივაწვდით ოჯახის მისამართს. - ავტ).

ოჯახი ახლა მუხიანში ცხოვრობს. ეს ბინა ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა რამდენიმე თვით ათხოვა ქუჩაში დარჩენილებს. ოჯახის უფროსმა გამაოგნებელი ისტორია გვიამბო:

"სამი წლის წინ ოჯახური ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტეთ და უკრაინიდან რამდენიმე ათას დოლარად ღირებული საქონელი ჩამოვიტანეთ. ხელშეკრულებით კერძო პირისგან სესხიც ავიღეთ. ჩვენდა საუბედუროდ, ჩამოტანილი საქონელი გორის მიმღები პუნქტიდან ღამით გაიტაცეს. სასწრაფოდ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ქურდები დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღეში გაექცათ. გორის პროკურატურაში  გვითხრეს, დაკავებულებს დაკითხვისას გული გაუხდათ ცუდად, ეზოში გავუშვით მოსასულიერებლად(?!) და გაიქცნენ, მაგრამ არ იდარდოთ, ძებნას გავაგრძელებთო.  მოდი და, ნუ გაგიჩნდება ეჭვი, რომ ქურდები სპეციალურად გაუშვეს, საქონელი კი მიითვისეს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ქურდებს დღემდე ეძებენ. გამოძიებას კი არ ასრულებენ, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს. დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის პრაქტიკა ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რატომღაც ამ საქმემ ვერ მიაღწია სასამართლომდე. საქმე სასამართლომდე, რომ მივიდეს, იმის საშუალება მომეცემა, რომ ქონებრივი ზიანისთვის სამოქალაქო წესით ვიდაო. ქურდების სახელზე არსებულ ქონებას დააყადაღებდნენ და ასე ავინაზღაურებდი ზარალს, მაგრამ საქმე სპეციალურად უდევთ თაროზე, რომ ეს ვერ მოვახერხო!

აი, აქედან დაიწყო ჩემი ოჯახის გაუბედურება. ვალებში ყელამდე ჩავცვივდით. სანამ შეგვეძლო, ვიხდიდით, სესხი ჩემმა მეუღლემ გააფორმა, 9 ათასი დოლარი პროცენტად გადაიხადა, შემდეგ კი ვეღარ გავწვდით. ჩემმა  მეუღლემ  ჩემს მეგობარ ადვოკატს კლიენტი მიუყვანა. სამწუხაროდ, უთანხმოება მოუვიდათ, კლიენტმა ადვოკატი თაღლითობაში დაადანაშაულა და დაიჩემა, თითქოს ჩემს მეუღლეს და ადვოკატს წინასწარ ჰქონდათ ჩაფიქრებული მისი მოტყუება. ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით მისცეს ჩემი მეუღლე პასუხისგებაში, სესხიც მეორე თაღლითურ ეპიზოდად ჩაუთვალეს, სასჯელი შეუკრიბეს და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამას ის უბედურებაც დაერთო, რომ ჩემმა ვაჟმა ერთ მშვენიერ დღეს გონება დაკარგა და ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა. თუმცა ეს თანხაც არ გვეყო და ბიძინა ივანიშვილის ფონდის დახმარებით მოხერხდა ჩემი შვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. 47 წლის ვარ, ჩემი ასაკის მამაკაცებს არავინ იღებს სამუშაოდ. უკვე მეორე წელია  ბავშვები სკოლაში ვეღარ დადიან.

სამსახურს ვერ ვშოულობ, ქურდობასა და ყაჩაღობას ვერ დავიწყებ. ერთადერთი ადგილი, სადაც სამსახურს მთავაზობდნენ, ხელისუფლების ზონდერბრიგადაა. რამდენჯერმე მითხრეს, გვერდში დაგვიდექი, ფულიც გექნება და კეთილდღეობაცო. დღესვე შემიძლია დავიწყო ზონდერად "მუშაობა", მაგრამ ვერ გავიწყვიტე შუბლის ძარღვი. სიღარიბის ზღვარს მიღმა ბაზაშიც არ შეგვიტანეს. ხშირად გვიწევს მისამართის შეცვლა. ამ ბინის პატრონმა რამდენიმე თვით მათხოვა. ბინაში მაცივარი და სარეცხი მანქანა დგას და როცა შემამოწმეს, მითხრეს, არ გეკუთვნით, სარეცხი მანქანა და მაცივარი გაქვთო! ეს ხომ ჩემი არ არის, ბინის პატრონს ხომ ვერ ვეტყვი, შენი ნივთები აქედან წაიღე-მეთქი? არადა, სხვაგან რომ ვცხოვრობდი, მომანიჭეს საჭირო ქულა, დახმარებაც დამინიშნეს, მაგრამ იქ ტექნიკური შეცდომა მოუვიდათ და ის ფულიც არ მოუციათ!

თქვენი გაზეთის საშუალებით კითხვა მინდა დავუსვა მიხეილ სააკაშვილს: შე დალოცვილო, ბრმა ხარ? რომ დაგიჩემებია, კორუფცია მოვსპე ქვეყანაში და ავყვავდითო, შემომხედე! შეხედეთ ჩემი ოჯახის უბედურებას. "აყვავებული ქვეყნის" მოქალაქე გელაპარაკებით! ან  მიპასუხეთ, საიდან აქვთ მთავრობაში ცალ-ცალი კალოშით მოსულ თქვენს თანაგუნდელებს მილიონიანი სასახლეები და ძვირფასი ჯიპები? თუ კორუფცია არ არის, ამ დამშეულ ქვეყანაში საიდან ასეთი ფუფუნება?"

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: "ქვეყანაში სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი და უსახლკარო მოსახლეობის გამრავლება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. უდიდეს როლს ასრულებს ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა და სრულიად გაუაზრებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა. საპროცესო გარიგების ამ მახინჯმა ფორმამ უამრავი მოქალაქე დატოვა უსახლკაროდ. 2006 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს ცვლილება. თუ მანამდე სისხლის სამართლის კოდექსში დამატებითი სასჯელის სახით შეტანილი იყო 10.000 ლარამდე ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა, ცვლილების შემდეგ თანხის ზღვარი უსასრულობამდე გაზარდეს. ამით მიეცათ საშუალება, ნაკლებად მძიმე, სოციალურად არასაშიში დანაშაულისათვის  ხალხისგან ასტრონომიული თანხები ამოეღოთ. როცა კაცს ამხელა თანხას აკისრებ, ეს ნიშნავს, რომ სამუდამო სიღატაკისთვის წირავ. განსაკუთრებით საგანგაშოა ქალების მიმართ  გატარებული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. ვარდების რევოლუციამდე 126 ქალი იხდიდა სასჯელს, ეს რიცხვი 2009 წელს 647-მდე გაიზარდა, ამჯერად კი პატიმარია 1400-ზე მეტი ქალი.

არავინ ფიქრობს, რომ ქალი დედაა და მისი ციხეში მოხვედრა პირდაპირ არის დაკავშირებული შვილების რესოციალიზაციასთან. შვილები, რომელთა დედები  ციხეში არიან, ხშირად თავად დამნაშავეებად იქცევიან. ხელისუფლებაში კარგად  იციან, რომ ოჯახი ყველაფერს გაყიდის პატიმრის დასახსნელად. ეს კი ხელს უწყობს უსახლკარო და ღატაკი მოსახლეობის გამრავლებას. ეს სახელმწიფო რეკეტია, მაფია, რომელშიც ჩართულია საბანკო ინფრასტრუქტურაც. ხშირად პროკურატურა თავად შუამდგომლობს ბანკთან ბინის ჩადების გარანტიით და მოქალაქეები აგირავებენ სახლ-კარს, მერე ვერ ახერხებენ ვალის გადახდას და რჩებიან უბინაოდ. ამ დანაშაულებრივ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ემატება ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობა. მძიმედ დაავადებულთა ოჯახის წევრები იძულებული არიან შვილის, მამის, ძმის  სიცოცხლის გადასარჩენად სახლ-კარი გაყიდონ.

მხოლოდ 2007 წელს ნარკოდანაშაულის ჩამდენი პირებისგან 30 მილიონი ლარია ამოღებული. ამჯერად კი ჯერი ეკონომიკურ დანაშაულზე დაპატიმრებულებზეა. ეს დეფიციტური ბიუჯეტის შევსებისთვის არის განკუთვნილი".

თამარ გედევანიშვილი ადვოკატი: "ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთა დიდი უმრავლესობა უსახლკაროა და სწორედ საპროცესო გარიგების შედეგად. ბოლო დროს ჩემს პრაქტიკაში ყველა საპროცესო შეთანხმება 50.000 ლარს ზემოთ თანხების გადახდის შემდეგ გაფორმდა. ერთ ჩემს კლიენტს 100.000 ლარი აქვს გადახდილი, ახლა უსახლკაროა, სახლი დააგირავა, რომ თანხა ეშოვა. მოქალაქემ, რომელმაც, ვთქვათ, 3 ან 5 ათასი ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ზარალის მინიმუმ ათმაგს სთხოვენ საპროცესო გარიგებაში. გასაგებია, რომ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგებინო, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ სახლ-კარი გააყიდვინო.

ადამიანი, რომელიც დაიჭირეს ისეთი დანაშაულისთვის, რაც სოციუმისთვის საშიში არ იყო, სოციუმისთვის საშიში ხდება, რადგან დასაკარგი აღარაფერი აქვს!

მას აქვს განცდა, რომ ასეთ მდგომარეობაში სწორედ სახელმწიფომ ჩააყენა და რას მოიმოქმედებს? ასეთების  რიცხვი  დღითი დღე იზრდება.