ნათელმირონობის შემაძრწუნებელი ისტორია - კვირის პალიტრა

ნათელმირონობის შემაძრწუნებელი ისტორია

დემორალიზაციის მოსალოდნელი შედეგი

"ჩემი ნებით გავყევი, ერთმანეთი გვიყვარს და დაველოდები, სანამ ციხიდან გამოვა"

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ტელევიზიებმა საზარელი ფაქტი ამცნეს - 44 წლის მამაკაცმა 12 წლის ნათლული გააუპატიურა. გოგონა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურიდან გაუჩინარდა, ერთი კვირის შემდეგ კი შინ დარეკა და განაცხადა, რომ გათხოვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი "რჩეული" საკუთარი ნათლია ყოფილა.

დიდხანს ვფიქრობდით, გაგვეშუქებინა თუ არა ეს ამაზრზენი ამბავი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დროს ძალზე გახშირდა ასეთი შემთხვევები, მათ შორის - ინცესტი, ვფიქრობ, არ ღირს თვალის დახუჭვა, თითქოს საგანგაშო არაფერი ხდება. ფსიქოლოგების შეფასებით, ქვეყანაში ამგვარი შემთხვევების მომრავლებას ღრმა ფესვები აქვს და საქმე გვაქვს მეტად საშიშ ფსიქოსოციალურ მოვლენასთან.

KvirisPalitra.Geოჯახი, სადაც გოგონა იზრდება, მეტად გაჭირვებულია. ნახევრად დანგრეულ ოროთახიან სახლში საშინელი სიღარიბეა. თავიდანვე იმან გამაოცა, რომ ვერც დედა და ვერც 12 წლის გოგონა ვერ აცნობიერებენ მომხდარის სიმძიმეს. როცა ოჯახის უფროსი მოვიკითხე, მიპასუხეს, რომ მამა სხვა შვილებთან ერთად ნახირშია, ხოლო გოგონა უკვე ორი წელია, სკოლაში არ დადის.

მაია, არასრულწლოვნის დედა: - ხუთი შვილი მყავს, მეექვსეს ველოდები. ბავშვი კაჭრეთის სკოლა-ინტერნატში გვყავდა მიბარებული. იქ აჭმევდნენ, ასმევდნენ, ასწავლიდნენ. ჩაცმა-დახურვაც იმათი იყო. შინ შაბათ-კვირას მოგვყავდა. ორი წლის წინ სკოლა-ინტერნატი დახურეს და ბავშვები დაითხოვეს. მინდოდა სკოლაში შემეყვანა, მაგრამ არ მიიღეს, ადგილები არა გვაქვსო. ჩემს დედამთილს აქვე სახლი ჰქონდა. ეგ კაცი ოჯახის წევრებმა სახლიდან გამოაგდეს. ჩემს ქმარს შეეცოდა და ჩემი დედამთილის სახლში მიიყვანა. დიდად არ მინდოდა მაგასთან დანათესავება, მაგრამ მისმა ცოლმა იძალა და ჩემი გოგონა მოანათვლინა.

- მისთვის უჩვეულო არაფერი შეგინიშნავთ?

- არაფერი. ბავშვი მუდამ თან დამყავდა, სამუშაო იყო თუ სხვაგან, და აბა, როდისღა უნდა შემემჩნია? სამი დღე რომ არ გამოჩნდა, მერეღა დავუწყეთ ძებნა.

- პირველივე დღეს რატომ არ მიმართეთ პოლიციას?

- მეგონა, მამიდამისთან იყო. მე გავუშვი. ის კიდე "მარშრუტკაში" მჯდარა. ჯერ თბილისში წაიყვანა ბავშვი, მერე თელეთში. ჩვენ სხვაზე გვქონდა ეჭვი. როცა ბავშვი გამოჩნდა, უბნის რწმუნებულმა მითხრა, თქვენ ვისზეც ეჭვი გქონდათ, არაფერ შუაშია, ნათლიასთან იყოო. მერე ჩამოიყვანეს საგარეჯოში ბორკილებდადებული. გოჩა 44 წლის არის. ის რო დამნაშავეა, ამას რა თქმა უნდა? 12 წლის  ბავშვი სად მიჰყავდა? მთელი ცხოვრება სახლში უნდა მეჯდეს, ვინ წაიყვანს ამას?

ჩვენ გავესაუბრეთ 12 წლის ქრისტინეს: "გოჩამ მარტში მომნათლა. მამაჩემთან ხშირად მოდიოდა, ერთად ვჭამდით და ვსვამდით. სექტემბრის ბოლოს სიყვარულზე ლაპარაკი დამიწყო. ჩემი ნებით გავყევი. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ცოლად გავყევი. დაველოდები, სანამ ციხიდან გამოვა.(!)

- ის ხომ შენი ნათლიაა?

- მამამ თქვა, ეგ არ გეთვლება ნათლიად, თვითონ არ არის მონათლულიო".(!)

მაია: "თვითონ თუ არ არის მონათლული, მაშ, რასა გნათლავდა? რა ცოლად მოჰყავდი, ცოლ-შვილი ჰყავს, მაგისი ბიჭი 20 წლისაა. გამორიცხულია ეგ ამბავი, ვერსად ვერ გაჰყვები?".

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ნათლიას ნებით გაჰყვა და ერთმანეთი უყვართ(?!), ეს 44 წლის მამაკაცს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კონტაქტი ისჯება 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ნათლია-ნათლული ერთმანეთის მეზობლად, სულ ორიოდე სახლის მოშორებით ცხოვრობს.

გავესაუბრეთ ბადიაურის საჯარო სკოლის დირექტორს, ციური გიქორაშვილს: "სიცრუეა, თითქოს ბავშვი სკოლაში არ მივიღე. კაჭრეთის სკოლა-ინტერნატი რომ დახურეს, 22 ბავშვი მიიღო ჩემმა სკოლამ. ამ ბავშვზე არავის მოუმართავს, არც ოჯახს, არც სოციალურ მუშაკებს უხსენებიათ".

დავუკავშირდით განათლების სამინისტროს, სადაც განგვიმარტეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც მშობელს ბავშვის სკოლაში მიყვანის ვალდებულებას აკისრებს. ეს მშობლის უფლებაა და ატარებს თუ არა შვილს სკოლაში, მისი გადასაწყვეტია.

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი: "კულტურის გარეშე ადამიანი ცხოველია. რაც უფრო მაღალია კულტურის დონე, ცოდნა და განათლება, მით მეტად მოწესრიგებულია საზოგადოება და ცხოველური ინსტინქტები მეორე პლანზე გადადის. როდესაც ოჯახები მხოლოდ ლუკმაპურის შოვნაზე არიან გადასულნი, სკოლა სკოლას არ ჰგავს, მოზარდის აღზრდას არავინ აქცევს ყურადღებას, უარესსაც შეიძლება ველოდოთ. იმდენად გაჭირვებულია ხალხი, რომ ლუკმაპურის შოვნის გარდა, სხვა საფიქრალი და საზრუნავი აღარ აქვს. ამ თაობის დიდი ნაწილი, როგორც სოციალური პროდუქტი, დაკარგულია! ამ ამბით ცხადი შეიქნა, რომ ეს ბავშვი ამოვარდნილი იყო სოციალური სტრუქტურიდან. მან არ იცის, რა არის ადამიანური და საზოგადოებრივი. მისი ცნობიერება პრიმიტიულ დონეზეა. ხალხს ჰგონია, ადამიანი საზოგადოების წევრად იბადება. საზოგადოებისა და მისი ახალი წევრის აღზრდისთვის არავის სცალია. ქვეყანაში, სადაც არავის არავითარი ვალდებულება არ აკისრია და ასეთი საკითხები გაკონტროლებას აღარ ექვემდებარება, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.

დღეს ყოველგვარი უმსგავსობის, გარყვნილების ტირაჟირება ხდება. შეხედეთ სერიალებს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებისა და ნათესავების სექსუალური კავშირი ჩვეულებრივი ამბავია, ნახეთ შოუპროგრამები... არ შეიძლებოდა, ეს არ ასახულიყო საზოგადოების განვითარებაზე!

ადამიანებს აერიათ ფასეულობები. აღარც განათლება ჰყოფნით იმისთვის, რომ მორალური და ამორალური ერთმანეთისგან გაარჩიონ. საზოგადოება ინსტინქტების დონეზე დაიყვანეს. ბოლო დროს ძალიან იმატა ინცესტის შემთხვევებმა. მორალური კატეგორიები ისე დაკნინდა, რომ საზოგადოება მის საჭიროებას ვეღარ გრძნობს!"