გულაშვილების საქმე - კვირის პალიტრა

გულაშვილების საქმე

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი და მისი ვაჟი, დავით გულაშვილი დააკავეს. სამართალდამცველი უწყების განმარტებით, მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო იძებნებოდა, დავით გულაშვილი კი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. ორი დღის შემდეგ, 27 ოქტომბერს, როდესაც პროკურატურამ ეს ცნობა გაავრცელა, ფაქტობრივად, დახურული იყო გულაშვილების საქმე. კერძოდ, მალხაზ გულაშვილს დანაშაული უღიარებია, გამოძიებასთან უთანამშრომლია, მასთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმებულა და წლითა და 6 თვით შეეფარდა პატიმრობა. დავით გულაშვილი კი გირაოთი გაუთავისუფლებიათ და სავარაუდოდ, სასამართლოს წინაშე უახლოეს მომავალში წარდგება. თუმცა, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დაკავებასთან კი არა, ჩაბარებასთან გვაქვს საქმე. გულაშვილების ოჯახის წევრების თქმით, მამა-შვილს საქართველოში დაბრუნება დიდი ხნის წინ უნდოდათ, თუმცა თავს იმიტომ იკავებდნენ, რომ სკოლის მოსწავლე დავით გულაშვილს წელი არ გასცდენოდა (დღეს ის ერთ-ერთი სლოვაკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, სადაც საქართველოში არყოფნისას ჩააბარა). ოჯახის წევრების ცნობით, ადვოკატმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ გულაშვილები ბრუნდებოდნენ, დამცველი მათ აზერბაიჯანის საზღვართანაც დახვდა, პოლიციელებმა კი მამა-შვილი იურიდიული პროცედურების დაცვით დააკავეს. გულაშვილების ოჯახს არც სასამართლოსთან აქვს პრეტენზია და არც სამართალდამცველებთან და ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ და დავით გულაშვილები რუსეთში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით 2010 წლის 10 მაისს გადავიდნენ. მანამდე, 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის"”ეთერში ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობა" განხილვა ცემა-ტყეპით დასრულდა და პოლიციამ მალხაზ გულაშვილის დაფუძნებული "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" აქტივისტები დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, მაშინ უფროს გულაშვილზე საქმე არ აღძრულა. "ჯორჯიან თაიმსის" ხელმძღვანელი კი აცხადებდა, რომ მის შვილს ემუქრებოდნენ და სამართალდამცველები პრობლემებს უქმნიდნენ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში წასვლის მოტივად მალხაზ გულაშვილმა სწორედ ის დაასახელა, რომ საქართველოში მის ვაჟს საფრთხე ემუქრებოდა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით სწორედ მაშინ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საინტერესო ის არის, როდის გაჩნდა უფროსი გულაშვილის საქმეში "კავკასიის" ეთერში ინციდენტის ეპიზოდი, რომლის შესახებ მხოლოდ 27 ოქტომბერს, პროკურატურის ზემოხსენებულ ცნობაში შევიტყვეთ. მანამდე მსგავსი ინფორმაცია არც შსს-ს გაუვრცელებია და არც რომელიმე სამართალდამცველ უწყებას. პროკურატურის პრესრელიზში არაფერია ნათქვამი, რა სტატუსით იძებნებოდა გულაშვილი - ჩხუბის ორგანიზატორის, მონაწილის თუ მხარდამჭერის. სამართალდამცველები ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ, გულაშვილების ოჯახს კი, როგორც ზემოთ ითქვა, არც პოლიცია-პროკურატურასთან აქვს პრეტენზია და არც სასამართლოსთან.