ფსიქიატრიული ექსპერიმენტები პატიმრებზე - კვირის პალიტრა

ფსიქიატრიული ექსპერიმენტები პატიმრებზე

"ჩემს შვილს საკანში ერთი კი არა, რამდენიმე გიჟი შეუსახლეს"

"ამათ სურთ, საპატიმროც და ქვეყანაც ერთ დიდ ფსიქიატრიულ კლინიკას დაამსგავსონ"

17 ოქტომბერს "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა სტატია "ამის დაჯერება მიჭირს", სადაც ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მართლაც დაუჯერებელ ფაქტებს მოგვითხრობდა. იყენებენ თუ არა ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებს პატიმრების დასასჯელად, ჩვენ ამ თემის შემდგომი კვლევით დავინტერესდით და არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დამცველებს, არამედ იმ პირებსაც ვესაუბრეთ, რომლებიც კარგად იცნობენ ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებულ ვითარებას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ფსიქიკურად დაავადებულნი პირდაპირ ქუჩიდანაც კი შეჰყავთ საპატიმროებში.

ჩვენ გავესაუბრეთ იმ პატიმრის დედას, რომელმაც საკანში შესახლებულ ფსიქიკურად დაავადებულზე ინფორმაცია თავად ავადმყოფისგან მოიპოვა. დედის დაჟინებული თხოვნით პატიმრის ვინაობას არ ვასახელებთ, მაგრამ ვიტყვით, რომ ის ცნობილი პერსონაა და ამჟამად კარცერში ზის.

"ჩემს შვილთან საკანში ფსიქიკურად დაავადებულები შეჰყავდათ. ბოლოს საკანში ორი ჰყავდა. სამი კვირა ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რადგან შეურაცხადები ყვიროდნენ, უმძიმესი ავადმყოფები იყვნენ. ერთ-ერთს ჩემმა შვილმა როგორღაც ორიოდე სიტყვა ათქმევინა, შემდეგ კი იქ, სადაც ვიდეოკამერა ყველაფერს იღებდა, ადვოკატს უთხრა, ვიცი, ეს ავადმყოფები საიდანაც ჰყავთ გადმოყვანილიო.…ამის თქმა იყო და, საკნიდან იმ დღესვე გაიყვანეს შეურაცხადები. მე ვერ დაგისახელებთ მათ ვინაობას ან ოჯახების ადგილსამყოფელს".

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: "ჩემს კლიენტს, დავით მესხიძესაც შეემთხვა მსგავსი რამ. საკანში ფსიქიკურად დაავადებული შეუყვანეს. დათო ამბობდა, თუ დროზე არ გაიყვანენ, თავადაც გავგიჟდებიო. ყველაზე ძნელი ასატანი ის იყო, რომ ის საბრალო სადაც მოისურვებდა, იქ ისაქმებდა, ყვიროდა, დახტოდა ღამითაც კი, პატიმრებს აფურთხებდა. მერე გვერდით საკანში გადაიყვანეს, სადაც უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ პატიმრები, ბოლოს სად წაიყვანეს, არ ვიცით. დავით მესხიძე ოპერაცია "ენვერის" დროს დააკავეს, მაგრამ ისეთივე უდანაშაულოა, როგორიც ამ საქმეზე დაკავებული სხვა პირები. "ენვერის საქმე" უნიკალურია იმითაც, რომ ადვოკატებს პირველად გვითხრეს უარი განაჩენისა და სხდომის ოქმის გაცნობაზე, გრიფით "საიდუმლოაო"! მოკლედ, განაჩენი ისე გავასაჩივრეთ, არც კი გვინახავს.…მას შემდეგ 5 თვე გავიდა და ჩვენი საჩივარი არც განუხილავთ ზემდგომ ინსტანციაში. ამ ხნის განმავლობაში ჩემს კლიენტზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას უცნაური მეთოდით ახდენდნენ. როგორც გითხარით, ლამის ისიც გააგიჟეს. როგორც ვიცი, მისთვის საპროცესო გარიგების შეთავაზებას აპირებდნენ, მაგრამ თავის დროზე "ენვერის საქმეზე" ისეთი ამბავი ატეხეს, საპროცესო გარიგება უკან დახევად მიიჩნიეს".

ნანა კაკაბაძე: "მსოფლიო ფსიქიატრიაში აღწერილია ცნობილი სპეციალისტების - სიდნი გოტლიბის, ჯორჯ ესტაბრუკსისა და უილიამ სარგანტის ფარული ექსპერიმენტები, რაც აღწერილია "ჰუმან რაითს ვოთჩისა" და "ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ასოციაციის" ანგარიშებში. მაგალითად, ავღანეთის, იუგოსლავიის, ერაყის ციხეებში ზემოთ ხსენებული პერსონები ატარებდნენ ექსპერიმენტებს, რომელთა მიზანი ადამიანის გონების გაკონტროლება იყო. ციხეებში ამის საშუალება ისედაც არის: შიმშილი, წამება, ნარკოტიკების მიწოდება, მაგრამ, როგორც ჩანს, პატიმრებთან ფსიქიკურად დაავადებულთა შეყვანას მაინც სხვა, "ფსიქოლოგიური შოკის" გამოწვევის დატვირთვა აქვს.

- რად უნდათ მაინცდამაინც ფსიქოლოგიური შოკით პატიმრის გონების გაკონტროლება, ისედაც ხომ მორჩილია?

- ეს არის ექსპერიმენტი, დღეს თუ პატიმრებზე ტარდება, ხვალ ქართველ საზოგადოებას ჩაუტარებენ. შესაძლოა ვინმემ ჩემი მოსაზრებები ჰიპოთეტურად ჩათვალოს, მაგრამ გიჟების პატიმრებთან შესახლებას სხვაგვარ ახსნას ვერ ვუძებნი. პატიმარი კიდეც რომ გაგიჟდეს, მისი ადგილი ფსიქიატრიულშია და არა ციხეში.

ვფიქრობ, ხელისუფლება ხალხში სწორედ ახალი ფსიქოლოგიური შოკის გამოწვევაზე ფიქრობს. ახლა "პატიმრობის შესახებ" კოდექსში ცვლილება შედის, - ადმინისტრაციას უფლება ეძლევა სამი თვის განმავლობაში პატიმარს აუკრძალოს ამანათის შეგზავნა, საკვები პროდუქტის შეძენა დაწესებულებაში არსებულ ჯიხურებში, ოჯახის წევრებთან დარეკვა, პაემნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ე. ი. მას ყოველგვარ საარსებო საშუალებას კანონით უკრძალავენ, იძულებულს ხდიან ბალანდით იარსებოს. მე ახლახან ამის თაობაზე ვესაუბრე "ჰუმან რაითს ვოთჩის" წარმომადგენლებს და ავუხსენი, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი პატიმრები, რომ არის წამებით სიკვდილის შემთხვევებიც და რაღა საჭიროა ემოციური შოკის გამოსაწვევად ამგვარი შეზღუდვების დაკანონება?! უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გავაცანი თეთრაძის, თედლიაშვილის და სხვათა წამებით სიკვდილის შემთხვევები, რომ პატიმრების თქმით, ცხედრები პირდაპირ ტომრებით გადააქვთ საავადმყოფოებში, რათა მათი გარდაცვალება სტატისტიკურად არა ციხეს, არამედ საავადმყოფოს მიეწეროს.

- რაღა საჭირო იყო პატიმრების გამკაცრებული სადამსჯელო ზომების დაკანონება?

- ალბათ, გახსოვთ, "დათა თუთაშხიადან" ეპიზოდი, სადაც არქიფო სეთური ერთ გლეხზე ამბობს, 5 გოჭი წავართვი და მხოლოდ ერთი დავუტოვე, ისიც არ უნდა დამეტოვებინა და არ გაუბედურდებოდაო. ესენი სწორედ ამ ფსიქოლოგიით უდგებიან ციხეში პატიმრებს.

ახლახან სასჯელაღსრულების მინისტრმა სიტყვასიტყვით ასეთი რამ ბრძანა: "საქართველოში მალე ჩამოვა ესპანეთის დელეგაცია ჩვენი საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გასაზიარებლად. როგორც ჩანს, ესპანეთის მხარე დაინტერესებულია ისეთი პრაქტიკით, როგორიც არის ვიდეოპაემნები და გრძელვადიანი პაემნები". ამ დროს კი, როგორც მოგახსენეთ, "პატიმრობის შესახებ" კოდექსში შეაქვთ ცვლილება, რომელიც პატიმრებისთვის უპრეცედენტო შეზღუდვებს დააკანონებს. როგორც ჩანს, მართლა სურთ, საპატიმროც და ქვეყანაც ერთ დიდ ფსიქიატრიულ კლინიკას დაამსგავსონ! ამბობენ, ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და კანონის ლიბერალიზაცია უნდა მოვახდინოთ, მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ პატიმრებს უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო. ხელისუფლება პატიმართა ხმების თავის ყულაბაში ჩაყრის მიზნით ლაპარაკობს ამგვარად, პატიმრის ინტერესს კი სხვა რამ შეადგენს, მას მხოლოდ ის სურს, არ იშიმშილოს და დროდადრო ჰქონდეს ოჯახის წევრებთან კავშირი.…

მინდა კიდევ ერთი რამ გაუწყოთ: 2008 წელს დაიჭირეს 19 წლის გორელი ბიჭი მერაბ ელბაქიძე, რომელსაც რუსებმა სახლი დაუბომბეს, დედამისი კი დაიჭრა და ფეხი დაკარგა. ეს ის პერიოდი იყო, დავით ბაქრაძე ხალხს რომ მოუწოდებდა, გამოდით და თავი ფიწლებით დაიცავითო. ბიჭი პოლიციის შენობაში იარაღის სათხოვნელად შევარდა, თუმცა იქ Aარავინ დახვდა. ყველა გაქცეული იყო, მერაბმა თავის დასაცავად გამოიტანა იარაღი, რომელიც მოგვიანებით დააბრუნა სწორედ მაშინ, როცა პოლიცია 22 აგვისტოს გორში დაბრუნდა, 23-ში კი ბიჭი დაიჭირეს და პოლიციიდან იარაღის გატანისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს(?!), დედამისს კი, რომელსაც მოჭრილი ფეხის ნაცვლად პროთეზი ჩაუდგეს, მოგვიანებით ხელახალი ოპერაციით ამოაცალეს, შეგვეშალა, სხვისთვის უნდა ჩაგვედგაო(?). ახლა საბრალო ქალი შვილის შეწყალებას ითხოვს. მერაბი მესამე წელია სასჯელს იხდის და მის მდგომარეობას არავინ ითვალისწინებს.

მეტი რაღა უნდა ვთქვა, დასკვნას, ალბათ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოიტანენ.

ამ თემაზე სიუჟეტი იხილეთ PalitraTV.ge-ზე