საქართველოს პოლიტპატიმართა ჯგუფის მიმართვა - კვირის პალიტრა

საქართველოს პოლიტპატიმართა ჯგუფის მიმართვა

ჩვენ, საქართველოს ავტორიტარულ-კლეპტოკრატიული რეჟიმის პოლიტპატიმრები ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელშიც გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია იმ საშიში პოლიტიკური მოვლენების მიმართ, რაც ვითარდება დღეს ჩვენს ქვეყანაში.

ღვთის წყალობით, საქართველოს პოლიტიკურ  არენაზე იკვეთება ამ რეჟიმის საპირწონე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს უსახავს საქართველოს ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებას და დანარჩენ დატერორებულ მოსახლეობის ნაწილს მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემონტაჟისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის დაწყებაში.

აღნიშნული ძალის ჩამოყალიბების ხელის შეშლის მიზნით, სააკაშვილმა და მისმა კლანმა უკვე დაიწყო და განახორციელა, მათთვის ჩვეულ სტილში, რიგი უკანონო ქმედებებისა. ეს უკავშირდება ცნობილი ქართველი მეცენატის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნებისა და განსაკუთრებით, ქართული ეკლესიის მხარდამჭერის, ბიზნესმენ ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, პოლიტპატიმრები, დახურული სივრციდან მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილისგან, რომ  სასწრაფოდ აღუდგინოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს კუთვნილი საქართველოს მოქალაქეობის უფლება და შეწყვიტოს რეპრესიული მოქმედებები ივანიშვილისა  და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

ამავე დროს, ჩვენ, პოლიტპატიმრები, მოვუწოდებთ ქართველ საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ მოთხოვნას და მოახდინონ თავიანთი პოტენციალის კონსოლიდაცია და ყველა ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენების საშუალებით აიძულონ მიხეილ სააკაშვილი, აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული საკითხი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმ კონტექსტში, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობები, რაც იქნება წინა პირობა 2012-13 წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვანი სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოსა და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. დადგა დრო, როცა საქართველოში უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც ყველა პოლიტიკურ აქტორს ექნება თანაბარი უფლება არჩევნებში მონაწილეობისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მიმართვა იქნება ჯეროვნად  აღქმული და მხარდაჭერილი ქართველი საზოგადოების მხრიდან და ჩვენი ერთიანობით მივაღწევთ დასახულ მიზანს.

პატივისცემით, პოლიტპატიმრები: თემურ ჟორჟოლიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, ვახტანგ მაისაია, ჯერლიდ ძარია, ანზორ მეზვრიშვილი, ლევან ჩაჩუა

17 ოქტომბერი, 2011 წ. რუსთავის #17 საპყრობილე