ხათუნა ლაგაზიძის ბლოგი
მსოფლიო პოლიტიკური მიწისძვრების ფაზაში შედის: მე-20 საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ დასავლურ სამყაროს ასეთი გაურკვევლობის პირობებში არ უცხოვრია - ტრამპის გამარჯვება ამერიკაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებმა და რაც იმავდროულად იყო 60 მილიონი ამერიკელის ჯანყი „მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ეკონომიკის“ არაეფექტიანობის წინააღმდეგ; ევროკავშირის დაშლის დასაწყისი - დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება დატოვოს ევროკავშირის რიგები; დასავლურ საზოგადოებებში კონსერვატიზმის, ნაციონალიზმისა და სოციალისტური იდეების მასობრივი აღორძინება და პარალელურად, ლიბერალურ-გლობალისტური იდეებით იმედგაცრუება; რუსული „ფერადი“ რევოლუციების ტალღა აღმოსავლეთ ევროპაში: მოლდოვისა და ბულგარეთის პრორუსი პრეზიდენტები - ეს პროცესები ბუნებრივად აღძრავენ დასავლური სამყაროს გაურკვეველი მომავლის შიშს. როგორი იქნება მომავალი, რომლისკენაც ხელისცეცებით მიდის დღეს დასავლური სამყარო, სად უნდა მოვიძიოთ საქართველოს ადგილი და როლი ამ ქაოტურ სივრცეში; ვინ და რა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი მაშინ, როცა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენგან სწრაფ, ოპერატიულ და კვალიფიციურ ანალიზსა და შეფასებას ითხოვს. „კვირის პალიტრა“, როგორც ბევრი წამოწყების პირველგამკვალავი და ინიციატორი, ამჯერადაც გვითმობს სივრცეს ანალიზისთვის, მსჯელობისთვის, იდეების გაზიარებისთვის. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა სწორი არჩევანის გასაკეთებლად: საით უნდა ვიაროთ, რომ თავსმოჯარული გამოწვევები ქვეყნისთვის შესაძლებლობებად ვაქციოთ.