"არაბული გაზაფხულიდან" ევროპის "პატრიოტულ გაზაფხულამდე" - კვირის პალიტრა

"არაბული გაზაფხულიდან" ევროპის "პატრიოტულ გაზაფხულამდე"

დონალდ ტრამპის გამარჯვება სათავეს უდებს დიდ ცვლილებებს ევროპაში, სადაც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული, ანტიემიგრაციული პოლიტიკის მომხრე, ევროკავშირის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი და იზოლაციონიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების ერა დგება, რომელთა ნაწილი რუსეთის მიმართ სიმპათიასაც არ მალავს.

ამერიკელები ფიქრობენ, რომ ტრამპის არჩევით, ამერიკის საზოგადოების დიდმა ნაწილმა ლიბერალიზმის დიქტატის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლისთვისაც სულ უფრო მიუღებელი გახდა კომპრომისი და განსხვავებული აზრის მოსმენა, თუნდაც ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა გეიწყვილების ქორწინება ან ტრანსგენდერთა უფლებების დაცვის საკითხი. როგორც ამერიკელები ამბობენ, ლიბერალები განსხვავებული აზრის მქონე მემარჯვენე-კონსერვატორებს ქვის ხანის ადამიანებად მიიჩნევდნენ. "ეს ნიშნავს რომ ამერიკელებს, ისევე როგორც პოლონელებს, სურთ რომ დაუბრუნდნენ ტრადიციულ ფასეულობებს" - ასე გამოეხმაურა ტრამპის გამარჯვებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ცვლილებები ამით დამთავრდა", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის ინიციატორმა ნაიჯელ ფარაჯმა, რომელიც პირველი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეხვდა, თუმცა, ამ შეხვედრაში, როგორც ამერიკული მედია იუწყება, მისი ბიზნესინტერესებიც იდო. ფრანგები კი ამბობენ, რომ ხალხი კვლავ ერთიანდება, 30 წლის გამავლობაში მიზანმიმართულად გაუფასურებული, ისეთი ღირებულებების გარშემო, როგორიცაა სახელმწიფო, იდენტურობა, სამშობლო. თუმცა, ამ ღირებულებების დროშით ორი მემარჯვენე ფლანგის პოლიტიკოსი შეებრძოლება მაისში პრეზიდენტობისთვის ერთმანეთს: მარინ ლე პენი, რომელიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფინანსდება რუსეთისგან და ითხოვს საფრანგეთის ნატოსა და ევროკავშირიდან გამოსვლას და ღრმად მორწმუნე კათოლიკე, კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი, რომელიც აცხადებს რომ "ოჯახი" მისი პოლიტიკის გულია, ითხოვს ისლამის გავრცელების კონტროლს საფრანგეთის ტერიტორიაზე და რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას. ისიც პუტინის კეთილისმყოფელად ითვლება.

დაწყებული 4 დეკემბრიდან, მთელი 2017 წლის განმავლობაში, ევროპის 10-ზე მეტ ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, უმეტესად, სწორედ ულტრამემარჯვენე-კონსერვატიული, ნაციონალისტური ძალების გამარჯვებას ელიან, შესაბამისი შედეგებით.

რამ განაპირობა ასეთი რადიკალური ცვლილებები ევროპისა და ამერიკის ამომრჩეველში?!

პირველი, რაც აშკარაა, გახლავთ ის, რომ ევროპის "პატრიოტული გაზაფხულები", როგორც მათ ჰოლანდიის "თავისუფლების პარტიის" ლიდერი გეერტ ვილდერსი უწოდებს, პირდაპირი შედეგია ე.წ. "არაბული გაზაფხულების", ანუ ეგვიპტეში, ლიბიაში, ერაყსა თუ სირიაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სახელისუფლო გადატრიალებების, რომელთაც კეთილშობილური მიზანი კი ჰქონდათ - არსებული დიქტატურების დემოკრატიული მმართველებით ჩანაცვლება, მაგრამ შედეგად, ამ და მათ მოსაზღვრე ქვეყნებში სრული ქაოსი, ნგრევა, ისლამური ტერორიზმის ახალი ძალით აფეთქება და შედეგად, მილიონობით ლტოლვილი მიიღეს, რომელიც უმძიმეს ტვირთად დააწვა, უპირატესად, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებს. და როგორც, შემხვედრი რეაქცია, ევროპის საზოგადოებებში გაჩნდა ისლამიზაციის საფრთხე, საზღვრების ჩაკეტვის სურვილი და პროტესტი ევროკავშირის, როგორც უსუსური და უხერხემლო ადმინისტრაციის მიმართ, რომელსაც არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს ასეთ გამოწვევებს. თავად, გეერტ ვილდერსი, ჰოლანდიის მიერ ევროკავშირის დატოვების აქტიური მომხრეა.

"მიგრანტების კრიზისი ჩვენი წარმატების კატალიზატორი აღმოჩნდა", - ამბობს ფრაუკე პეტრი, ანგელა მერკელის შემდეგ გერმანიაში ყველაზე პოპულარული ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ოთხი შვილის დედა, რომელსაც გერმანელები სიყვარულით ოდრი ჰეპბერნს ადარებენ და ამბობენ, რომ გერმანიის "დედის" როლს ის უფრო მიესადაგება, ვიდრე ანგელა მერკელი. 2013 წელს, ანტიევროკავშირულ განწყობებზე დაფუძნებული მისი პარტია, დღეს გერმანიის 9 შტატის პარლამენტშია წარმოდგენილი და ერთ-ერთ მთავარ მიზნად გერმანიის ისლამიზაციისგან დაცვას ისახავს.

ევროკავშირის ლიდერებს, თუ მათ საერთო ევროპული სახლის შენარჩუნება უნდათ, მოუწევთ ანგარიში გაუწიონ ულტრამემარჯვენე-კონსერვატიული განწყობების აღზევებას წევრ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობის სახელმწიფო მართვისა და მოწყობის, აგრეთვე, საარჩევნო სისტემა ისეთია, რომ პირველ ადგილზე გასულმა ულტრამემარჯვენე ძალამ შეიძლება ვერც უმრავლესობა მოიპოვოს პარლამენტში და ვერც პარტნიორები მონახოს კოალიციური მთავრობების ფორმირებისთვის და მთავრობაში სულაც მეორე-მესამე ადგილზე გასული ძალები მოვიდნენ, მაგრამ ამ განწყობების უგულებელყოფა, შეიძლება ევროკავშირის დაშლითაც კი დამთავრდეს.

ავტორიტარული ტენდენციები - ეს ევროპის ახალი თაობის ლიდერების კიდევ ერთი გამოსარჩევი ნიშანია - ამ გზას უკვე დაადგა პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რომლის პრემიერი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ "რუსეთის გარეშე უნგრელების მომავლის უზრუნველყოფა შეუძლებელია" და ა.შ. თუმცა, ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს იმის რესურსი, რომ წევრ ქვეყნებში ავტორიტარი ლიდერების ამბიციები მოთოკოს, რისი კარგი მაგალითიც იგივე უნგრეთის რეფერენდუმია, როცა საკუთარმა პარტიამ უარყო პრემიერ ორბანის ინიციატივა მიგრანტებისთვის კვოტების შემცირების თაობაზე.

სულ გულს გვაკლია, რომ ევროკავშირი თავის რიგებში არ გვიღებს, არადა ჩვენ რომ ევროპის ორგანული ნაწილი ვართ, ისიც ადასტურებს, რომ ჩვენს საზოგადოებაშიც ზუსტად იგივე ტენდენციებია ღრმად ფესვგადგმული, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რაც ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, კარგა ხნის დუღილის შემდეგ ზედაპირზე ამოვიდა. ჩვენთან ამაზე ლაპარაკს ყველა თავს არიდებს, მაგრამ რეალური მიზეზი პარლამენტს გარეთ დარჩენილი პროდასავლური ძალების მარცხისა სწორედ ეს გახლავთ: ულტრალიბერალური ტენდენციის მიმდევრებს ესირცხვილებათ ასახონ და გამოხატონ საზოგადოების რეალური ფასეულობები. და ამით საზოგადოების განწყობებით მანიპულირების ასპარეზს უთმობენ პრორუსულ ძალებს: ვისი ბრალია, რომ "ოჯახის", როგორც ტრადიციული ფასეულობის დაცვის დროშა, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში, რუსულმა პროპაგანდამ აიტაცა?! - ვისი და ფსევდოლიბერალური ძალების, რომლებმაც, ამერიკისა არ იყოს, ტრადიციული ღირებულებების დაცვა ქვის ხანის ადამიანების საქმიანობად გამოაცხადეს და ამით მთლიანად მოუსუფთავეს ასპარეზი რუსეთს წარმატებული იდეოლოგიური ომისათვის.

ავტორიტარი პოპულისტების მოძალებას ევროპაში თავად ევროპელმა ფილოსოფოსებმა საინტერესო სახელი შეურჩიეს: "დემოკრატურა" - როგორც დემოკრატიისა და დიქტატურის ნაზავი. თუ არაფერი შეიცვალა, სწორედ ეს იქნება ის რეალობა, რომლისკენაც ხელისცეცებით მიდის დღეს დასავლური სამყარო.

სად უნდა მოვიძიოთ საქართველოს ადგილი და როლი ამ ქაოტურ სივრცეში; ვინ და რა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი მაშინ, როცა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, როგორი იქნება ის ევროკავშირი, რომლისკენაც ასე მივილტვით - ეს არის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოს ახალი ხელისუფლება დგას.