"გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის" - საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გადაწევა ამჯერად საფრანგეთის "დამსახურებაა"?!
"გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის" -  საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გადაწევა ამჯერად საფრანგეთის "დამსახურებაა"?!
ვიზალიბერალიზაციის ანუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივამ, უკვე მერამდენედ, კიდევ რამდენიმე თვით გადაიწია. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის შეჩერება შეიძლება ძალიან მტკივნეული წყალგამყოფი აღმოჩნდეს საქართველოს დასავლეთისკენ სავალ გზაზე.

ამჯერად, უვიზო მიმოსვლის გადაწევა, დიდწილად, საფრანგეთის პოზიციას უკავშირდება, სადაც მომავალი წლის მაისში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და საფრანგეთი მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატავს თავის პოზიციას უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ პრეზიდენტობისთვის ორი
მემარჯვენე ფლანგის პოლიტიკოსი შეებრძოლება ერთმანეთს: ულტრანაციონალისტი მარინ ლე პენი, რომელიც ითხოვს საფრანგეთის ნატოსა და ევროკავშირიდან გამოსვლას და კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი, რომელიც ითხოვს ისლამის გავრცელების კონტროლს საფრანგეთის ტერიტორიაზე და რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას. ორივე კანდიდატი პუტინის კეთილისმყოფელად ითვლება.

ასე რომ, ნებისმიერი მათგანის პრეზიდენტობის
პირობებში, საფრანგეთის პოზიცია სხვა ქვეყნებისთვის თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის მინიჭების მიმართ, გაცილებით უფრო ხისტი იქნება, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების. ამ მოცემულობით, საფრანგეთის მომავალი ხელისუფლების მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე თანხმობას, დიდი ალბათობით, არ უნდა ველოდოთ. ეს კი ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას თუ წერტილი არ დაესმევა, რამდენიმე წლით გაიყინება, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები ხმაშეწყობილად გვამცნობენ, რომ საქართველომ ყველა თავისი ვალდებულება შეასრულა.

"გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის" - ეს არის, რეალურად ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ სრულიად ბეცი და გაუთვლელი მიგრაციული პოლიტიკის გამო, როცა მილიონობით ლტოლვილმა უკონტროლოდ შეაღწია ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მმართველ პოლიტიკურ ელიტას საკუთარი მოსახლეობა აუმხედრდა; შემაშფოთებელია, რომ სტაბილურობისა და მყარი უსაფრთხოების სიმბოლო - ევროკავშირი, სამწუხაროდ, ვეღარ ახერხებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ტერორისტული აქტების აღკვეთას; მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას ევროკავშირს უსამართლოდ მოექცეს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი გახდეს: მონაწილეობენ მსოფლიოს ცხელ წერტილებში სამშვიდობო ოპერაციებში, სადაც ქართველი ბიჭები თავს სწორედ საქართველოს ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სწირავენ, მათ შორის, იცავენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მისიების უსაფრთხოებას ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე; განუხრელად ასრულებენ ნატოსა თუ ევროკავშირის მხრიდან წამოყენებულ მოთხოვნებს. ნამდვილად მწარე ღიმილის მომგვრელია ახლა საუბარი იმაზე, ტერორისტებს ხომ არ ექნებათ ქართული პასპორტებით შეღწევის მცდელობა ტერორისტებით უკვე გაძეძგილი ევროკავშირის ტერიტორიაზე.

სად არის გამოსავალი: ცხადია, რომ საფრანგეთი და გერმანია სხვა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ზემოქმედების გარეშე, ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მოცემას კვლავაც გაურკვეველი ვადით გადადებენ. ის "სტრატეგიული პარტნიორი" კი, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, ევროკავშირის პოზიციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია. პრობლემა კი ის არის, რომ ამერიკა თავად არის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის მოლოდინში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს და დანარჩენ მსოფლიოს წარუდგინოს. ჩამოყალიბების ფაზაში მყოფ ტრამპის ადმინისტრაციას სულ უფრო ხშირად სთავაზობენ: მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფისთვის უარი თქვას ამერიკის ერთპიროვნულ ლიდერობაზე მსოფლიოში და დაუბრუნდეს "ძალთა ბალანსის" პოლიტიკას, როცა რამდენიმე სუპერსახელმწიფო, ამ შემთხვევაში აშშ, რუსეთი და ჩინეთი გავლენის სფეროებად დაყოფილ მსოფლიოს მშვიდად მართავენ და იქნებიან მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტორები. თუმცა, როგორი იქნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური მიდგომები და პრიორიტეტები, ალბათ ჯერ თავად ტრამპმაც არ იცის. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ვის მიიწვევს იგი საკუთარ ადმინისტრაციაში უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პოსტებზე. ამ პერიოდში კი საქართველომ უნდა მოახერხოს სწორად შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე ახალი ტენდენციები, გაანალიზოს რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა და შეიმუშაოს საჭირო პრევენციის ზომები, რაც საქართველოს განახლებული ხელისუფლებისთვის არცთუ მარტივად დასაძლევი ამოცანაა.

არჩილ
08 დეკემბერი 2016 11:03
სრულიად ვეთანხმები გოგას. მთელს ევროპაში პოლიცია-პროკურატურა ე.წ. ობშიაკის ფენომენით არის დაინტერესებული. მე უკვე ვთქვი, რომ ევროპის აეროპორტებიდან გამოგვაბრუნებენ მეთქი და აი რატომ- ევროკავშირს დღიდან შექმნისა არა აქვს შემუშავებული ევროპიდან გამოსვლის მექანიზმი, ე.ი. შეხვალ და ვეღარ გამოხვალ, ბრიტანეთის გამოსვლა ამის ნათელი მაგალითია. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქითაა, ჯერ ევროპაში შესვლის პროცესის შეჩერების მექანიზმი მივიღოთო და მხოლოდ მერე მიგიღებთო. რაც ნიშნავს იმას, რომ არ მიგიღებთო.

პ.ს. რაც შეეხება კრიმინალებს, ისინი თითქმის ყველანი მაინც ევროპაში არიან
მიშა
07 დეკემბერი 2016 02:07
კი მაგრამ მოლდოვეთის შემთხვევაში პუტინმა მწვანე აუნთო თუ რუმინეთის ხათრით გაჩუმდა? :))
maxo
05 დეკემბერი 2016 23:01
საფრანგეთის დამსახურება კი არა ქართველი ქურდების დამსახურებაა ევროპაში რომ კარგად მუშაობენ.ჩემო კარგებო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები