მსოფლიო 2016 წლის პრიზმასა და 2017-ის პერსპექტივაში - კვირის პალიტრა

მსოფლიო 2016 წლის პრიზმასა და 2017-ის პერსპექტივაში

მთავრდება ყველაზე დრამატული წელი ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში და იწყება არანაკლებ გამოუცნობი და გამოწვევებით სავსე - 2017. რითი იყო ასეთი მნიშვნელოვანი 2016 წელი მსოფლიოსთვის და ჩვენთვის ამ სამყაროში?!

ყველაზე მეტად შეშფოთებული მოლოდინი აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას უკავშირდება, რომლის ურთიერთგამომრიცხავი წინასაარჩევნო დაპირებები და შემდეგ უკვე დანიშვნები წამყვან სახელმწიფო პოსტებზე სიმშვიდეს უკარგავს ამერიკის მოკავშირეებსაც და მტრებსაც. ტრამპის გუნდის მიერ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში გაგზავნილ სახელმძღვანელო წერილში, რუსეთი ამოგდებულია საფრთხეების სიიდან. ინაუგურაციის შემდეგ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად კი ტრამპისგან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო დაწესებული სანქციების მოხსნას ელიან. "ბლუმბერგი" თავის პროგნოზებში უფრო შორს მიდის და არც იმას გამორიცხავს, რომ ტრამპმა ნატო-სა და გაეროში აშშ-ის წევრობა შეაჩეროს.

მეორეს მხრივ, არც ის დავივიწყოთ, რომ ტრამპი აპირებს პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაშივე მოხსნას შეზღუდვები ამერიკის ენერგორესურსების მოპოვებაზე, რაც კიდევ უფრო გააიაფებს ნავთობსა და გაზს მსოფლიოში და ძალიან მძიმე დარტყმა იქნება სწორედ რუსეთის ეკონომიკაზე. თუ სახელმწიფო მდივნად ტრამპი რუსეთში თავისი ბიზნეს-ინტერესებით ცნობილ და პუტინთან საუკეთესო კონტაქტების მქონე, "ექსონმობილის" შეფს - რექს ტილერსონს - ნიშნავს, თავდაცვის მდივნად ამერიკას რუსეთისა და ირანის მიმართ თავისი ხისტი პოზიციით ცნობილ, ჯეიმსს მატისს სთავაზობს. ერთი რასაც ტრამპი ღიად აცხადებს, ის გახლავთ, რომ მისთვის ამერიკის პარტნიორებთან ურთიერთობისას მთავარი ინტერესთა თანხვედრაა და არა ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სტილის არსებობა-არარსებობა. ასე რომ, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ყველა მიმართულებით 2017 წლის მთავარ გამოცანად რჩება.

წლის ყველაზე დიდი სკანდალი ისევ აშშ-ს უკავშირდება, სადაც სპეცსამსახურების ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ამერიკის საინფორმაციო უსაფრთხოება დაარღვია, გატეხა ჰილარი კლინტონის და დემოკრატიული პარტიის ელექტრონული ფოსტები და ამერიკის საარჩევნო პროცესში ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. უპირატესად "რესპუბლიკელებით" დაკომპლექტებული კონგრესი ამ თემაზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამერიკის პოლიტიკურ სპექტრშიც კი სრული გაორებაა იმასთან დაკავშირებით:

ა) უმაღლეს თანამდებობაზე წარდგენილი პირები ითამაშებენ თუ არა რუსულ თამაშს;

ბ) მოახდინა თუ არა რუსეთმა გავლენა არჩევნების შედეგებზე;

გ) ჩაერივნენ თუ არა ამერიკის სპეცსამსახურები მიზანმიმართულად საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

დამეთანხმებით, საკმაოდ არაორდინალური ვითარებაა, ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც დღემდე მსოფლიო წესრიგს უზრუნველყოფდა.

წელსვე დეზინტეგრაციული პროცესი დაიწყო ევროკავშირში: დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის დატოვებას. 2017 წელს უმნიშვნელოვანეს არჩევნებს ელიან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ულტრამემარჯვენეების და ნაციონალისტების პოზიციები სულ უფრო ძლიერდება. განსაკუთრებით მნიშნელოვანია არჩევნების შედეგები საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც ყველაზე მყარი პოზიციები ევროკავშირისა და ევროზონის დატოვების მომხრე პარტიებსა და პოლიტიკოსებს აქვთ.

ძლიერდება რუსეთის პოზიციები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაშიც. სადაც სხვადასხვა დონის არჩევნებში იმარჯვებენ ავტორიტარი და რუსეთის მიმართ სიმპათიებით განწყობილი ლიდერები თუ პოლიტიკური ჯგუფები ბალკანეთის ქვეყნებში, ბულგარეთში, პოლონეთში, უნგრეთში, მოლდოვასა თუ ჩეხეთში, სადაც "ბლუმბერგი" სულაც რეფერენდუმს პროგნოზირებს "ნატო"-დან გამოსვლის მოთხოვნით.

დემოკრატიისგან უკუსვლის ტენდენცია სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ტრადიციული დემოკრატიის ისეთ ქვეყნებშიც კი როგორიც არის აშშ, შვედეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. "ნიუ იორკ თაიმსის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ 1930-იან წლებში დაბადებული თაობის 70%-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიის პირობებში ცხოვრება, 1980-იან წლებში დაბადებულ თაობაში, ეს რიცხვი 25-30%-მდე მცირდება. ეს სწორედ ის თაობაა, რომელიც ულტრალიბერალური წესრიგის თუ მიდგომების წინააღმდეგ ამხედრდა ამერიკასა და ევროპაში, რაც უშუალოდ აისახება არჩევნების შედეგებზე.

ჩვენს მეზობელ თურქეთშიც, ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ, სულ უფრო ძლიერდება ავტორიტარული ტენდენციები, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვერაფრით უმკლავდება მოძალებულ ტერორიზმის საფრთხეს. წლის ბოლოს თურქეთში გახშირებული ტერაქტები და რუსეთის ელჩის მკვლელობა, ადასტურებს რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს.

სულ უფრო თვალსაჩინო ხდება რუსეთისა და თურქეთის პოზიციების თანხვედრა, სულ მცირე, სირიის საკითხში, რასაც ყველაზე მეტად რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ პუტინის მაქსიმალურად თავშეკავებული პოზიცია ადასტურებს. ამ რეზონანსულ მკვლელობას ხელი არ შეუშლია ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის მოსკოვში, სადაც სირიაში ამ სამი ქვეყნის ინტერესების თანხვედრაზე და შემდგომი მოქმედებების ტაქტიკაზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე ფაქტია, რომ სირიაში მიმდინარე პროცესებში აშშ-ის და მით უფრო, ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობა მინიმუმამდეა დასული და თითქმის სრული კარტ-ბლანში აქვს აღებული რუსეთს.

ასეთია მოკლედ იმ ცვალებადი და გამოწვევებით სავსე მსოფლიოს სურათი, რომელიც 2016 წელმა გადაულოცა 2017-ს და რომელიც მით უფრო, საქართველოსნაირ ქვეყნებს შეცდომის დაშვების უფლებას არ უტოვებს.