ტრამპი, საქართველო და მსოფლიო - გეოპოლიტიკური მიწისძვრის მოლოდინში?! - კვირის პალიტრა

ტრამპი, საქართველო და მსოფლიო - გეოპოლიტიკური მიწისძვრის მოლოდინში?!

ტრამპი აშკარა მეამბოხეა და სერიოზული შემოლაწუნება ელოდება მსოფლიოში აქამდე არსებულ წესრიგს

ამერიკის ეგზოტიკური პრეზიდენტი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა. ტრამპის არჩევა ამერიკელ საზოგადოებაში მიმდინარე ფარული 10-წლიანი რევოლუციური დუღილის შედეგია, რომლითაც ამომრჩეველმა უარი უთხრა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ, ხალხის რეალური განწყობებისგან სულ უფრო დაშორებულ პოლიტიკურ ელიტას. აშშ-ის პოლიტიკური ელიტისთვის ეს ძალიან მტკივნეული სილის გაწვნა აღმოჩნდა.

არჩევიდან ინაუგურაციამდე გასულ ორთვე-ნახევარში ტრამპმა მოასწრო, განემტკიცებინა წინააღმდეგობებითა და მოულოდნელობებით აღსავსე პრეზიდენტის იმიჯი: უარი თქვა მედიასთან კორექტულ ურთიერთობაზე და არ ეუხერხულება ამერიკული და მსოფლიო მედიის ისეთი გიგანტების შეურაცხყოფა, როგორიც CNN და "ნიუ-იორკ თაიმსია"; არ ენდობა საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურებს და არ ერიდება მათ საჯარო კრიტიკას, ზოგჯერ დამცირებასაც კი.

ტრამპმა დაძაბა ურთიერთობა ჩინეთთან, სამაგიეროდ, ადასტურებს, რომ არ გამორიცხავს ბირთვული შეიარაღების შემცირების სანაცვლოდ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას. თუ რუსეთი ყირიმის გამო დაწესებული სანქციების მოხსნას იმის ირიბ ნებართვად აღიქვამს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს თავისი გავლენა ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც ვერ მოასწრეს"ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, ამ ქვეყანათა რიგში ერთ-ერთი პირველი საქართველოა.

წინასაარჩევნო დებატებისას ტრამპმა არ დაადასტურა აშშ-ის მზაობა, დაიცვას ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოება.

ამასობაში კი აშშ-ის სპეცსამსახურები იკვლევენ ტრამპის წინასაარჩევნო გუნდის წევრების სავარაუდო, საეჭვო, მათ შორის, ბიზნესკონტაქტებს რუსეთთან; გასულ თვეში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, სავარაუდოდ, ფლობენ სექსუალური და ფინანსური ხასიათის შემცველ მაკომპრომეტირებელ მასალებს დონალდ ტრამპზე. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა კი საჯაროდ სვამს კითხვას, როგორ მოვახერხეთ, რომ რუსეთის გავლენის აგენტი ავირჩიეთ პრეზიდენტადო. მის ამ განწყობას აშშ-ის პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი იზიარებს.

იმავდროულად, ტრამპი აქტიურად უჭერს მხარს დიდი ბრიტანეთის გამოსვლას ევროკავშირიდან და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრიტანეთს შეუმსუბუქოს ევროკავშირიდან გამოსვლით მოსალოდნელი ფინანსურ-ეკონომიკური ზარალი; ტრამპი პროგნოზირებს ევროკავშირის დაშლასაც: ამბობს, რომ ევროკავშირს კიდევ დატოვებს რამდენიმე ქვეყანა, რისი მიზეზიც მიგრაციული კრიზისია. ევროკავშირის ათამდე ქვეყანაში წელს არჩევნებია და ტრამპის ეს მოსაზრება დიდ სტიმულს მისცემს სხვადასხვა ქვეყანაში იმ ძალებს, რომლებიც სწორედ ევროკავშირის დატოვების ლოზუნგებით გამოდიან. ტრამპი კვლავ აცხადებს, რომ "ნატომ არსებული სახით არსებობის რესურსი ამოწურა და აუცილებლად საჭიროებს რეფორმირებას. ის ამბობს, რომ"ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას მხოლოდ ხუთი ქვეყანა აფინანსებს, დანარჩენები კი, გაზულუქებულები იმით, რომ მათ უსაფრთხოებაში ფულს სხვა იხდის, არაგონივრულ პოლიტიკას ატარებენ და იქით ქმნიან რისკებს და ამის მაგალითად კვლავ მიგრაციული კრიზისი მოჰყავთ. გასულ თვეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გაეროს სასწრაფო რეფორმირების იდეითაც გამოვიდა და პირობა დადო, რომ გაეროსაც მოუვლის.

ტრამპი აშკარა მეამბოხეა და სერიოზული შემოლაწუნება ელოდება მსოფლიოში აქამდე არსებულ წესრიგს. სად არის ახალი პრეზიდენტის დღის წესრიგში საქართველო? დღემდე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა - სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა რექს ტილერსონმა ახსენა საქართველო და ისიც მისთვის დასმული შეკითხვის პასუხად: სენატში მოსმენებისას მან დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთმა დაარღვია. საქართველოში ახლა სერიოზული ანალიზი უნდა მიდიოდეს იმ საფრთხეებისა და გამოწვევების, რომელთა წინაშეც საქართველო შეიძლება დადგეს რუსეთის გავლენის სფეროების გაფართოების, ნატოს თავდაცვისუნარიანობაში აშშ-ის როლის შესაძლო შესუსტების თუ ევროკავშირის დაშლის შემთხვევაში. საქართველომ აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურებაზე უნდა გადაიტანოს აქცენტები. ჩანს, რომ ტრამპი კლიშეებით არ აზროვნებს - ის, როგორც ბიზნესმენი, მოგება-წაგების ცნებებზე აგებს პოლიტიკას და რეგიონულ გაერთიანებებს ცალკეულ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ურთიერთობებს ამჯობინებს. ჩვენც უნდა დავფიქრდეთ, რითი შეიძლება იყოს საქართველო მომგებიანი აშშ-ისთვის კასპია-შავი ზღვის საკვანძო რეგიონში და ამ მომგებიანობაზე ავაგოთ მის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა.