ტრამპი - ირანის, ლუკაშენკო - კრემლის წინააღმდეგ და ა.შ. - ვიდრე ჩვენ ვიზალიბერალიზაციას ვზეიმობდით...
ტრამპი - ირანის, ლუკაშენკო - კრემლის წინააღმდეგ და ა.შ.  - ვიდრე ჩვენ ვიზალიბერალიზაციას ვზეიმობდით...
ბრიტანული "გარდიანი" აქვეყნებს სტატიას სათაურით: "მოსახლეობის 3,5%-ის პროტესტი საკმარისია დიქტატორის დასამხობად" და სტატია ეძღვნება ტრამპის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტის აგორების ხერხებს და აუცილებლობას; ხოლო ამ მეთოდით დიქტატორების დამხობის წარმატებულ მაგალითად მოყვანილია ჩილელი - პინოჩეტი და იუგოსლაველი - მილოშევიჩი.

დონალდ ტრამპი
ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებით იმუქრება, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის საპასუხოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს პასუხობს, რომ ირანი აწარმოებს მხოლოდ თავდაცვითი იარაღის გამოცდას და მას ამერიკის მუქარა ვერ შეაჩერებს.

ჩვენთვის საინტერესო ის გახლავთ, რომ ირანი ამერიკასთან დაპირისპირებაში მხარდამჭერს რუსეთის სახით ეძებს და როგორც ირანული გაზეთები იუწყებიან, რუსეთი არწმუნებს მოკავშირე ირანს, რომ მარტო არ დატოვებს ამერიკის სანქციების წინაშე. ეს კი, ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის ტრამპის მიერ არაერთხელ დეკლარირებულ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკას და შეიძლება პირველი სერიოზული
წინაღობა გახდეს ტრამპი-პუტინის ურთიერთობებში.


რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს აშშ-ში ვიზიტად მყოფი ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი, რომელიც ტრამპს სთავაზობს რეიგანისა და ტეტჩერის დანატოვარის გაგრძელებას. კერძოდ, ის ამბობს, რომ ამერიკამ და ბრიტანეთმა "ერთად ზიდონ თავისუფალი, თანამედროვე სამყაროს ლიდერობის ტვირთი" და საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენონ ევროპის იმ ქვეყნების თავისუფლება, რომლებსაც ის რეიგანისა და ტეტჩერის პოლიტიკის შედეგად ებოძათ და აღარ უნდა აღიარონ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ევროპული ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროებად. "რუსეთის მეზობელი ქვეყნები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას", - შეიძლება ითქვას, რომ ტერეზე მეის ეს მესიჯი-მოწოდება ტრამპის მიმართ არის ყველაზე ნათელი ხელჩასაჭიდი საქართველოსთვის, ბოლო დროს სრულიად ქაოტური დასავლეთის პოლიტიკის ფონზე.

ბრიტანეთის პრემიერის კვალდაკვალ ამერიკის ახალი წარმომადგენელი გაეროში აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ დაუბრუნებს ყირიმს უკრაინას.

ერთი რამ, რაც "წარმატებით" მოახერხა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან ორი კვირის ვადაში, ევროკავშირში სრული ქაოსის შეტანაა. ის ევროკავშირს ანაქრონიზმს უწოდებს, მის შემდგომ დაშლას პროგნოზირებს და აქცენტს ევროპულ ქვეყნებთან - ბრიტანეთთან, იტალიასთან და ა.შ. ორმხრივ ურთიერთობებზე აკეთებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ტრამპს ევროკავშირისთვის საფრთხედ აცხადებს, რადგან ის ცდილობს დააქუცმაცოს ევროკავშირი. ტუსკი ტრამპის პასუხად ევროკავშირს მოუწოდებს შეინარჩუნოს მონოლითურობა, რადგან ხსნა მხოლოდ ერთიანობაშია. აგერ საქართველოში სტუმრად მყოფი ეუთოს თავმჯდომარე და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი კი გვიცხადებს, რომ "ბლოკებად დაყოფის აზროვნება" წარსულს უნდა ჩაბარდეს და საქართველომ აქტიურად უნდა იმუშავოს როგორც ევროკავშირთან, ასევე - რუსეთთან.

ამერიკის პრეზიდენტის ეგზოტიკური პოლიტიკით დრომიცემული რუსეთის ხელისუფლება კი, კიდევ უფრო ცდილობს საკუთარი გავლენის განმტკიცებას ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ბელარუსია - რუსეთის უპირველესი მოკავშირე. პრეზიდენტი ლუკაშენკო მისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად გახდა იძულებული ეთქვა, რომ ბელორუსს უწევს ბრძოლა თავისი დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ფრონტის ხაზი ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკაზე გადისო. დაძაბულობის რეალური მიზეზი გახდა ბელორუსის სურვილი, შეინარჩუნოს განსაკუთრებულად იაფი ნავთობი და გაზი რუსეთისგან, ხოლო რუსეთი, წინა წლებისგან განსახვავებით, ამ "საჩუქრის" საფასურად ბელორუსს აიძულებს განათავსოს რუსეთის სამხედრო ბაზები, რის წინააღმდეგაც ღიად გამოდის ლუკაშენკო და ამბობს, რომ თუ თავისუფლების ფასი ნავთობი იქნება, ის რუსული ნავთობის გარეშეც გაძლებს. რუსეთი აპირებს ბელორუსში სამხედრო სწავლებების ეგიდით, დიდძალი რუსული შეიარაღების შეტანა და დატოვებას. ცოტა ხნის წინ, ბელორუსმა გააუქმა სავიზო რეჟიმი 80 ქვეყანასთან, მათ შორის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან. რის საპასუხოდაც, რუსეთმა ბელორუსთან აქამდე არარსებული სასაზღვრო პუნქტები აღმართა.

ბელორუსთან ურთიერთობების ასეთი დაძაბვის პირობებში, ექსპერიმენტებით გართული ტრამპის შემყურე, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებიც.
სხვათა შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ძალზედ ნიშანდობლივი რამ თქვა, "რომ არა რუსეთთან დიალოგი, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შედეგის მიღება ძალიან გაჭირდებოდა, რადგან რუსეთს საკმარისი ბერკეტები ჰქონდა როგორც საქართველოსთან, ისე რეგიონთან მიმართებაში, რათა ამ პროცესისთვის ხელი შეეშალაო".

საინტერესოა, რა მოითხოვა რუსეთმა სანაცვლოდ ან რა იყო ის არგუმენტი, რითიც საქართველომ დაარწმუნა რუსეთი, რომ ევროკავშირთან ჯერ ასოცირების ხელმოწერა და ახლა უკვე უვიზო მიმოსვლა მისთვის საფრთხის შემცველი ნაბიჯი არ იყო?! ან როგორი უნდა იყოს საქართველოს შემდეგი ნაბიჯები, რომ ამ უაღრესად რთულ და გაუთვლელ საგარეო პოლიტიკურ მოზაიკაში სწორედ ის გზა და პარტნიორები მონახოს, რომელიც მის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას უზრუნველჰყოფს - ეს უნდა იყოს დღეს საქართველოს მთელი პოლიტიკური სისტემის მთავარი საზრუნავი.

luxo
06 თებერვალი 2017 14:48
რუსეთს შეიზლება უწოდო დათვი, მაგრამ არ უნდა დააყლო, :"-მყრალი ლეშის მჭამელი დათვი." - აი ეს მოითხოვა რუსეთმა.
halagaji
06 თებერვალი 2017 11:42
abahize ityueba da unda mosaxleobas daanaxos titkos nayofi gamoigo misma hexvedrebma rusetis carmomadgeneltan, arada pirikit aris evripam rusebis jibrit gaketa ess.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები