ტრამპის ადმინისტრაციის ანტირუსული განწყობები, კრემლის პასუხი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პერსპექტივები - კვირის პალიტრა

ტრამპის ადმინისტრაციის ანტირუსული განწყობები, კრემლის პასუხი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პერსპექტივები

სანამ ჩვენ შიდაპოლიტიკური შერკინებების ყურებით ვიყავით გართულნი, ფაქტობრივად, გვერდზე ჩაგვიარა საგარეო ფრონტზე მიმდინარე მნიშვნელოვანმა ძვრებმა. ბოლო ორი კვირის მანძილზე საქართველოს მომავლისთვის უკიდურესად ყურადსაღები შეხვედრებისა და განცხადებების მომსწრენი გავხდით.

დავიწყოთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში: ჩვენი საგარეო უწყება იყო მეექვსე უცხო ქვეყნის იმ დელეგაციათა შორის, რომელიც ამერიკის ახალდანიშნულ სახელმწიფო მდივანსა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს შეხვდა მანამ, სანამ შედგებოდა სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრა. ჩვენ ეს ვისურვეთ და შევძელით ჩვენზე უფრო ძლიერ და გავლენიან არაერთ ქვეყანაზე ადრე. ეს ერთდროულად ნიშნავს ორ რამეს: საქართველოს ძლიერ ინტერესს, შეინარჩუნოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი და ამერიკის ასეთივე განწყობას საქართველოს მიმართ.

იმავე დღეებში "ამერიკის ხმამ" გადმოსცა ინფორმაცია, რომ საქართველოში იხსნება ამერიკის სამხედრო ბაზა, რომელიც გერმანიაში არსებული სამხედრო ბაზის ასლი იქნება და ქართველ სამხედროებს მოამზადებს საერთაშორისო სტანდარტებისთვის, რათა მათ შეძლონ ნატოს ძალებთან ერთად სხვადასხვა მისიაში მონაწილეობა.

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში მოიწვია და ასეთივე მიწვევა მიიღო მისგან. პენსი სწორედ ის ფიგურაა, ვისთან შეხვედრასაც განსაკუთრებით ელოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რადგან ელიან, რომ ის იქნება ყველაზე რაციონალური რგოლი ტრამპის ადმინისტრაციაში.

პარალელურად მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ისაუბრეს იმაზეც, რომ საქართველო აქტიურად იქნება ჩართული ნატოს ახალი შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც ნიშნავს, რომ პერსპექტივაში საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნატოს ერთიანი კონცეფციის მონაწილე გახდება.

უნდა გავითვალისწინოთ სერიოზული ძვრებიც ტრამპის ადმინისტრაციაში. მას შემდეგ, რაც ტრამპი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადაეყენებინა საკუთარი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, რუსეთის ელჩთან სანქციების შემსუბუქების თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების გამო, ტრამპის გარშემო საინტერესო სამკუთხედი შეიკრა. ვიცე-პრეზიდენტი პენსი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშივე გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ კრიტიკული განწყობით, ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმზ მატისი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს პრობლემატიკას და მნიშვნელობას, და ახლა უკვე ტრამპის ახალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი - ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ის რგოლია ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელსაც შეიძლება საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები მშვიდად დაეყრდნონ. მაკმასტერი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგი-გენერალი თანამედროვე ამერიკაში და მის რეკომენდატორთა შორის იყვნენ მისი კოლეგა, ასევე ინტელექტუალი გენერალი და თავდაცვის მდივანი მატისი და ჩვენთვის კარგად ცნობილი, ტრამპის ყველაზე შეუპოვარი კრიტიკოსი ჯონ მაკკეინი. მაკკეინი, რომელმაც დეკემბერში ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს ტრამპის რუსეთთან კავშირების სავარაუდო სამხილები შესასწავლად გადასცა, მაკმასტერის დანიშვნის შემდეგ აცხადებს, რომ ეს არის პრეზიდენტ ტრამპის უდიდესი დამსახურება. და მაკკეინის ამ შეფასებას იზიარებს ამერიკის მთელი პოლიტიკური სპექტრი.

გასული დღეები უკრაინის გარშემო რუსეთ-ამერიკის პირველი სიტყვიერი და არა მხოლოდ, დაპირისპირებითაც აღინიშნა: ტრამპმა ობამას გადაჰკრა მათრახი, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს გაბედა რუსეთმა ყირიმის დაპყრობა, ხოლო პრეზიდენტის პრესსპიკერმა კი რუსეთს ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება მოსთხოვა. საპასუხოდ რუსეთი მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლა და უკრაინის ორგანული, განუყოფელი ნაწილის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების პასპორტები აღიარა.

სამწუხაროდ, ვინ თუ არა ჩვენ, კარგად ვიცით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაგალითზე, რას ნიშნავს და რას ემსახურება რუსეთის მიერ სეპარატისტების პასპორტების აღიარება. ეს, ფაქტობრივად, ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის ხელთათმნის სროლას ნიშნავს.

ასე რომ, სანამ ჩვენ შინაური რეალური თუ ვირტუალური პრობლემებით ვართ დაკავებული, მსოფლიო დინამიკურად ვითარდება. მთავარია, ჩვენ ამ დინამიკას არ ჩამოვრჩეთ და მაქსიმალური სარგებლის მიღება შევძლოთ მიმდინარე პროცესებისგან.