მესამე მსოფლიო ომი
10-03-2017
მესამე მსოფლიო ომი
რუსეთმა დააფუძნა საინფორმაციო ომების მწარმოებელი სპეციალური სამხედრო დანაყოფი; ნატო-სა და ევროკავშირში, ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ომების პრევენციისა და წარმოების შესაბამისი ქვედანაყოფები; დონალდ ტრამპის მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი ამტკიცებს, რომ წინასაარჩევნოდ მათ ჰქონდათ შექმნილი ამერიკის 220 მილიონი ამომრჩევლის სრული ფსიქო-ფიზიოლოგიური პორტრეტი და სოციალური პროფილი და ამის გათვალისწინებით აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რამაც ტრამპის მოგება განაპირობა.

საზოგადოების ცნობიერების მართვის სრულიად სხვა ერაში შევდივართ და ჩვენ ამისთვის აუცილებლად უნდა ვემზადოთ, რათა არ მოხდეს ისე, რომ
სრულიად განიარაღებული ავღმოჩნდეთ ახალი გამოწვევის წინაშე.

რასთან გვაქვს საქმე?
დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროსაც და პრეზიდენტის რანგშიც, უპირატესობას ანიჭებდა და ანიჭებს სოციალურ და ინტერნეტ-მედიას, ვიდრე ტრადიციულ მედია-საშუალებებს. როგორც ის ამბობ, სოციალური მედია მას საშუალებას აძლევს, რომ მისი სათქმელი ტელეინტერპრეტაციის გარეშე მივიდეს ამომრჩევლამდე.

რეალურად, ტრამპმა მოქმედ
პოლიტიკოსთა შორის ყველაზე სრულად შეიგრძნო და გამოიყენა სოციალური მედიის ძალა, რომელსაც საზოგადოების მანიპულირების გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე - ტელევიზიას
. თუმცა, ტრამპამდე ამომრჩევლის ამგვარი "ზომბირება" განახორციელდა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ბრექსიტის რეფერენდუმისას, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფით დამთავრდა. დღეს იგივე კომპანია "კემბრიჯ ანალიტიკა", რომელიც მანამდე ბრექსიტის ინიციატორებსა და ტრამპს ემსახურებოდა, დაკავებულია უკვე საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის არჩევნებით. ულტრაკონსერვატიული და მემარჯვენე ძალებისგან არჩევნებში დახმარებისთვის ამ ფირმას უკვე მიღებული აქვს შეკვეთები სამივე ქვეყანაში. გამარჯვების ძალიან დიდი შანსი ექნება სწორედ იმ კანდიდატებს, რომლებიც ამ ახალი ტექნოლოგიებით შეიარაღებული აწარმოებენ თავიანთ საარჩევნო კამპანიებს.

სოციალური მედია არის არა მხოლოდ უდიდესი შესაძლებლობები, არამედ საზოგადოებით მანიპულირების უდიდესი რესურსიც. ლაპარაკია იმაზე, რომ სოციალურ მედიაში ადამიანების აქტივობების მიხედვით იქმნება ადამიანების პროფილი. მარტივად რომ ვთქვათ, საკმარისია ადამიანის მიერ სოციალურ ქსელში დაფიქსირებული 150 მოწონება, რომ შესაბამისმა სპეციალისტებმა შეადგინონ ამ ადამიანის ზუსტი ფსიქო-სოციალური პორტრეტი და უფრო ღრმად შეიცნოს ადამიანი, ვიდრე მას საკუთარი ოჯახის წევრი იცნობს. ეს არის ფენომენალური მოვლენა. მათ იციან რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, სად ცხოვრობთ, რას მიირთმევთ, რატომ ტირით და იცინით.

სოციალური ქსელები ფლობს ჩვენს მონაცემებს და ჩვენს იდენტობას. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანის მანიპულირება უკვე მარტივი საქმეა.


კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც "კემბრიჯ ანალიტიკა" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახორციელებდა, არის ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელება და საინფორმაციო თემების თუ საბაბების ხელოვნურად შექმნა: მაგალითად, "ბრექსიტის" წინა პერიოდში, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" განთავსებული ინფორმაციების ერთი მესამედი იყო არა ცოცხალი ადამიანების მიერ გავრცელებული, არამედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ანუ ამ შემთხვევაში, ხელოვნური ინტერნეტ-მომხმარებლების, რომლებიც ისე იყვნენ დაპროგრამებული, რომ შეეძლოთ საუბრის თემის შეცვლა და მათთვის მნიშვნელოვანი თემების შექმნა და აქტუალიზაცია.

საზოგადოების ცნობიერების მართვის სრულიად სხვა ერაში შევდივართ.
წარმოიდგინეთ, რომ "ტვიტერში" ყოველი მესამე არის ხელოვნური მომხმარებელი, რომელიც, ისევე იყენებს ტვიტერს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. ამერიკაში, ტრამპის საარჩევნო კამპანიისას იგივე, "ტვიტერში" ყოველი მეხუთე მომხმარებელი იყო არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ემსახურებოდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიზნებს. მათ შორის, ბევრი იყო მართული რუსული საიტებიდან. ახლა უკვე ევროპის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებში მიმართავს რუსეთის სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებაზე ზემოქმედების ანალოგიურ მეთოდებს.

ეს ადამიანთა მართვის ძალიან ეფექტიანი და შესაბამისად, უმძიმესი საშუალებაა. სრულიად სხვა განზომილებებში გადადის ადამიანების მართვის ტექნოლოგიები, რაზეც ხელი არა მარტო სახელისუფლო სტრუქტურებს, არამედ მსხვილ კერძო კომპანიებსაც მიუწვდებათ. და ბუნებრივია, რომ აქ საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხი შემოდის წინა პლანზე, რადგან ეს სერიოზული გამოწვევაა ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროკავშირის სახელმწიფოებია, აღარაფერს ვამბობთ საქართველოზე.

"მესამე მსოფლიო ომი იქნება პარტიზანული საინფორმაციო ომი"
- ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ნათქვამი ეს სიტყვები, დღითი დღე სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. და ჩვენი ამოცანაა ვემზადოთ ამ ომისთვის.


რედაქტორის რჩევით