საქართველო თურქეთ-რუსეთის შესაყარზე - კვირის პალიტრა

საქართველო თურქეთ-რუსეთის შესაყარზე

თურქეთში 15 აპრილს დანიშნული რეფერენდუმი პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდის თაობაზე, თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა.

ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ და ჰოლანდიამ, ერთმანეთის მიყოლებით განუცხადეს უარი თურქ მინისტრებს მათ ქვეყნებში სააგიტაციო შეხვედრების გამართვის თაობაზე. არადა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ჰაერივით სჭირდება ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები იმ თურქი მოქალაქეების მხარდაჭერა, რომლებთაც შენარჩუნებული აქვთ ხმის უფლება თურქეთში გამართულ არჩევნებსა თუ რეფერენდუმში - ევროკავშირში მცხოვრები თურქები უფრო ლოიალურები არიან ერდოღანის მმართველი პარტიის მიმართ, ვიდრე უშუალოდ თურქეთის მაცხოვრებლები. მაგალითად, 2015 წლის არჩევნებში გერმანიაში მცხოვრები, არჩევნებში მონაწილე თურქების 60%-მა ხმა ერდოღანის პარტიას მისცა, მაშინ როცა, თავად თურქეთში ეს მაჩვენებელი 50%-ს ვერ გასცდა.

თურქეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხები ერთმანეთზე უფრო მკაცრი და შეიძლება ითქვას, თავშეუკავებელი იყო: მათ ევროკავშირის ქვეყნები ფაშიზმში დაადანაშაულეს და მუქარაც ზედ მიაყოლეს. როგორც მათ განაცხადეს, "ევროპა უფსკრულისკენ მიექანება და მალე ჩაიძირება საღვთო ომებში... ევროპას მუსულმანების შიში მოიცავს".

თავის მხრივ, გერმანიის მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ღიად აცხადებენ, რომ არ მიესალმებიან თურქეთის ლიდერების ვიზიტს გერმანიაში. თუ მათი ეს განწყობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იქნება აყვანილი, ეს ნიშნავს, რომ გერმანიაში ნატო-ს ეგიდით შეხვედრები ვეღარ გაიმართება, რადგან თურქეთი კვლავ რჩება ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ქვეყნად.

ეროღანის მთავარი ბერკეტი ევროკავშირის წინააღმდეგ, სირიელ, ერაყელ და ავღანელ ლტოლვილთა ის მრავალმილიონიანი ნაკადებია, რომელთაც თურქეთი, 2016 წლის მარტის ევროკავშირთან შეთანხმების თანახმად, თავის ტერიტორიაზე იფარავს და მათ ევროპისკენ სვლის საშუალებას არ აძლევს. ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი გზას გაუხსნის ლტოლვილთა ნაკადებს ევროპისკენ, რაც თურქეთის ახალი პარტნიორის - რუსეთის ინტერესებშიც შედის. მაგრამ, მიუხედავად ემოციებისა, პროცესები ასე შორს ვერ უნდა წავიდეს. და ამის მიზეზი ისევ და ისევ რუსეთია.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ბოლო დროს სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის: ბოლო შეხვედრა ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის 10 მარტს გაიმართა, სადაც განიხილეს ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, თურქეთის კომპანიებისა და საკვების პროდუქციისთვის რუსეთში დაწესებული სანქციების შემცირების თემა. ასევე, შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი, რუსულ-თურქული საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე.

თუმცა, მთავარი თემა, რამაც თურქეთის რუსეთთან დაახლოვება განაპირობა, სირიის საკითხია და სირიის კონფლიქტის შედეგად, თურქეთის საზღვრის გასწვრივ ქურთების პოზიციების გაძლიერება, რაც თურქეთის ხელისუფლების აზრით, მათი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს.

სირიის საკითხში თურქეთისა და აშშ-ის დაპირისპირების ქვაკუთხედად "ქურთთა დემოკრატიული პარტია" და მისი გასამხედროებული ფრთა იქცა, რომლებიც თურქეთისთვის ტერორისტული ორგანიზაციები არიან, აშშ-სთვის კი - ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი სირიის კონფლიქტში. თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ ქურთების ბუფერული ზონის გაჩენა ის კოშმარია, რომელსაც თურქეთი ასე უფრთხის. აშშ-მ ახლახანს, მარტის დასაწყისში დამატებითი ძალები გაგზავნა თურქეთის საზღვართან ახლოს ქურთთა შეირაღებული რაზმების გასამაგრებლად. ასე რომ, თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ნატო-ს ორი წევრი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს უპირისპირდება.

თურქეთს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი ამ დილემის გადაჭრაში დაეხმარებოდა, მაგრამ, რუსეთისთვისაც ქურთული კარტი თურქეთის დასასუსტებლად არანაკლებ მომგებიანი აღმოჩნდა და ისიც აქტიურად აგრძელებს ქურთთა შეირაღებულ ფორმირებებთან ურთიერთობას.

რუსეთისთვის თურქეთი ევროკავშირისა და ნატო-ს დასუსტების საქმეში ერთ-ერთი მძლავრი იარაღია. ამასთან, რუსეთის ინტერესებში შედის ევროპისგან იზოლირებული და ნატო-ს სხვა წევრებთან კონფრონტაციით დასუსტებული თურქეთი, რომელიც რუსეთის ამბიციებს შავ ზღვაზე თუ ახლო აღმოსავლეთში ხელს ვეღარაფრით შეუშლის.

ამ მრავალფიგურიან თამაშში თურქეთი ყველაზე დაბნეული გამოიყურება, რომელსაც თითქოს უნდა აწყობდეს დასუსტებული ევროპა, რომელიც მას ნაკლებ პრეტენზიებს წაუყენებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისთვის გაცილებით საშიში გაძლიერებულ რუსეთთან პირისპირ დარჩენაა. თურქი მეცნიერები უკვე შეშფოთებით ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთმა თურქეთი, ფაქტობრივად, ალყაში მოაქცია: რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმისა და აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროები; თურქეთის კიდევ ერთი მოსაზღვრე ქვეყანა - სომხეთი და რუსეთის მიერ კონტროლირებადი, თურქეთის მოსაზღვრე სირიის ქალაქები - ეს რაც შეეხება საგარეო რკალს. ამასთან, თურქეთი ენერგეტიკულადაც დამოკიდებული ხდება რუსეთზე: რუსეთი თურქეთისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია და რუსეთივე იწყებს თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასაც, ისევე როგორც, ევროპისთვის განკუთვნილი ახალი გაზსადენების მშენებლობას.

თურქეთი აპირებს შეიძინოს რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემები "ტრიუმფი" ს-400, რომელიც თითქოსდა ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ალტერნატივად განიხილება. ამავდროულად, ეს ის რუსეთია, რომლის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ დაიბრუნა კონტროლი შავ ზღვაზე, გადაწია რა უკანა პლანზე თურქეთი. ეს ის რუსეთია, რომელმაც, ახლახანს, 9 თებერვალს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ახალი შეფის - მაიკ პომპეოს - თურქეთში ვიზიტისას, დაბომბა "პარტნიორი" თურქეთის პოზიციები სირიის ქალაქ ელ-ბაბთან, რომლის დროსაც დაიღუპნენ და დაიჭრნენ თურქი სამხედროები, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა წინა ღამეს გააფრთხილა რუსები მათი სამხედრო შენაერთების განლაგების შესახებ.

თურქეთი და მისი მეზობელი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ძალზედ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან: თურქეთი საკვანძო ქვეყანაა ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომლის გარეშეც, ბუნებრივია, ეს სტრატეგია ვერ განხორციელდება. ამავდროულად, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს და მომავალშიც შეეცდება, შეავიწროვოს თურქეთის და ნატო-ს გავლენა შავ ზღვაზე, რასაც 2008 წელს მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლით დაედო სათავე, სადაც მან განაცხადა, რომ ის აღარ დაუშვებს ნატო-ს გავლენის შემდგომ გაფართოებას შავ ზღვაზე.

მას შემდეგ რუსეთი ამ მუქარას, საქართველოსა და უკრაინის ნაწილების: აფხაზეთის და ყირიმის ოკუპაციით, წარმატებით ახორციელებს კიდეც. შემდეგი სამიზნე აშკარად თურქეთია, რომელიც ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრში ექცევა. თურქეთმა, ბუნებრივია, ეს იცის. ამიტომ, ის, როგორც ჩანს, ორმაგ თამაშს თამაშობს: რუსეთით თავისი ნატო-ელი პარტნიორების მოთხოვნების დაბალანსებას ცდილობს, მაგრამ ნატო-სა და აშშ-სთან ურთიერთობის გაწყვეტასაც არ აპირებს, რუსეთისგან დაცვის მიზნით. მაგრამ საშიშია, თურქეთი ამ ორმაგ თამაშში არ გაიხლართოს. ბუნებრივია, ეს ახალი რეალობა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საქართველოსთვისაც, რომლის უსაფრთხოების კონცეფცია ახალი საფრთხეების გათვალისწინებით სერიოზულ განახლებას საჭიროებს.