ტრამპის ფართო ნაბიჯები საქართველოსკენ - რას ელის აშშ სანაცვლოდ ჩვენგან, როგორც პარტნიორისგან?! - კვირის პალიტრა

ტრამპის ფართო ნაბიჯები საქართველოსკენ - რას ელის აშშ სანაცვლოდ ჩვენგან, როგორც პარტნიორისგან?!

ერთი კვირის განმავლობაში ამერიკამ ორი ფართო ნაბიჯი გადმოდგა საქართველოსკენ: აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება, მაშინ როცა საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის არც ჯორჯ ბუშისა და არც ბარაკ ობამას ადმინისტრაციებს ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუციათ.

ამ კანონით ამერიკამ აკრძალა იმ ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, ვინც აღიარა ან დააპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. სამაგიეროდ, ამერიკა ფინანსურ დამხარებას გაუწევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშესაწყობად და რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. ბუნებრივია, ეს ფინანსური დახმარება საქართველოსაც ეხება. ამასთან, აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

ამ კანონზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს. ამ შეხვედრების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე დღეს შედგა დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა რუსეთის ოფიციალურ პირებთან: საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და აშშ-ში რუსეთის სკანდალურად ცნობილ ელჩთან სერგეი კისლიაკთან. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველად მიიწვიეს თეთრ სახლში.

რამ გამოიწვია ამერიკის ასეთი უპრცედენტო დაინტერესება საქართველოთი, თან იმ ფონზე, როცა ამ შეხვედრებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება 40%-ით მცირდება და რას ელიან სანაცვლოდ საქართველოსგან, როგორც პარტნიორისგან?!

თეთრი სახლის ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადა ჩვენი სამხედროების მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ამ კუთხით საქართველოს, როგორც პარტნიორის, შეუცვლელ როლს. შესაბამისად, როგორც ჩანს, საქართველოს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ საერთაშორისო მისიებში აქტიური როლის შესრულება მოუწევს. შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, აგრეთვე, ეკონომიკური მიმართულებით. ამასთან, ამერიკამ საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც. საქართველოს თავდაცვის მინისტრიც აკეთებს ფრიად დამაინტრიგებელ განცხადებას, რომ იგეგმება აშშ-საქართველოს უპრეცედენტო თანამშრომლობის პროექტი.

როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციის ახალ ხედვაში საქართველოს, როგორც ერთადერთ სტაბილურ პარტნიორს, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.

პრინციპში, მათ სხვა არჩევანი არც აქვთ: რუსეთი, ირანი, ახლო აღმოსავლეთი, აზერბაიჯანი, რომელმაც კარგა ხანია დათმო აშშ-ის სტაბილური პარტნიორის როლი, სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი თურქეთი - ამ ფონზე საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც ამერიკამ თავისი ღუზა უნდა ჩაუშვას, ოღონდ საქართველოს უსაფრთხებისთვის ძალიან მყარი გარანტიებით, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ არ გაუჩნდეს ცდუნება, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ჭკუა საქართველოს მაგალითზე ასწავლოს, ავბედითი 2008 წლის მსგავსად.

ამ ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტრამპის მიერ ამერიკისთვის ბოლო დღეებში მირთმეული სიურპრიზები: ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს შეფის - ჯეიმს კომის - თანამდებობიდან გადაყენება და მეორე დღეს - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის ელჩთან შეხვედრა. როგორც ცნობილია, სწორედ ფედერალური ბიურო, კომის მეთაურობით, აწარმოებდა გამოძიებას ტრამპის უახლოესი გარემოცვის რუსეთთან საეჭვო კავშირების თაობაზე, ხოლო აშშ-ში რუსეთის მოქმედ ელჩს - სერგეი კისლიაკს - მთავარ ჯაშუშად აცხადებდა, რომელიც ამავდროულად ჯაშუშების გადაბირებასაც აწარმოებდა და სავარაუდოდ, ერთ-ერთ მთავარ ხიდად მიიჩნეოდა ტრამპის გარემოცვასა და რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს შორის.

როგორც კომის გადაყენებას, ასევე, სერგეი ლავროვთან და განსაკუთრებით, სერგეი კისლიაკთან ტრამპის შეხვედრას ამერიკული მედიის და პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი, განსაკუთრებული უკმაყოფილებით შეხვდა.თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეხვედრისას განიხილეს სირიისა და უკრაინის თემები. თავად ტრამპი კი ლავროვთან შეხვედრას ძალზე დადებითად აფასებს, ისევე როგორც ლავროვი, რომლის თქმითაც, ტრამპი და სახელმწიფო მდივანი, ტილერსონი, საქმიანი ადამიანები არიან და პოლიტიკასაც, შესაბამისად, პრაგმატულად უდგებიან.

სწორედ საქმიანი, რაციონალური ურთიერთობებისკენ მოუწოდებს ტრამპს ჰენრი კისინჯერიც, რომელიც ტრამპმა ლავროვთან შეხვედრის დასრულებისთანავე მიიღო. და ეს შეხვედრა გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე აშშ-რუსეთის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებ გავრცელებული მშრალი ინფორმაციები.

კისინჯერი, რომელიც ცნობილია, როგორც 1970-80 წლების მსოფლიოს არქიტექტორი, დღემდე საუკეთესო ურთიერთობებს ინარჩუნებს ჩინეთისა და რუსეთის მოქმედ და ყოფილ ლიდერებთან. ტრამპთან შეხვედრამდე ის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. დიდი ალბათობით, სწორედ ის არის შუამავალი აშშ-სა და ჩინეთს შორის კორიის საკითხზე. კისინჯერი ფიქრობ, რომ მიუხედავად კონკურენციისა, ჩინეთსა და ამერიკას შორის არის პარტნიორობის რესურსი და მათ ერთად შეუძლიათ იარონ აღმშენებლობის გზაზე.

მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მრავლისმთქმელი მისი პოზიციაა პუტინის რუსეთის და ზოგადად, მრავალპოლარული სამყაროს მიმართ. კისინჯერს მიაჩნია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ძალთა ბალანსი ხელს შეუწყობს გლობალურ სტაბილურობას. "რუსეთი უნდა აღვიქვათ როგორც არსებითი ელემენტი ნებისმიერი გლობალური წონასწორობისა და არა როგორც საფრთხე ამერიკისთვის", - ეს კისინჯერის სიტყვებია. მას ცალკე აღებული არც რუსეთი და არც ჩინეთი არ მიაჩნია ამერიკისთვის საფრთხედ, არამედ რუსეთ-ჩინეთის კავშირი ამერიკის წინააღმდეგ. ამიტომ, კისინჯერს სჯერა, რომ ამერიკის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ეს ალიანსი არ შედგეს. სანაცვლოდ, ის მოუწოდებს ამერიკას სამპოლუსიანი სამყაროს აღიარებისკენ: ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერობით. განსხვავებულია მისი ხედვა უკრაინის საკითხთან მიმართებაშიც: ის უკრაინას განიხილავს როგორც რუსეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ რგოლს და არა როგორც, დაპირისპირების ფორპოსტს რომელიმე მხარისთვის.

კისინჯერისთვის მთავარია საერთაშორისო წონასწორობა და ამ მიზნისკენ სავალ გზაზე დემოკრატია და ადამიანის უფლებები მისთვის ნაკლები მნიშვნელობის მქონეა. ეს ის საკითხია, სადაც კისინჯერი და ტრამპი ერთმანეთს აუცილებლად გაუგებენ: ტრამპიც საარჩევნო კამპანიისას არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ამერიკა, თუნდაც, პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს და უნდა დაემშვიდობოს დემოკრატიის მთავარი დამცველის როლს.

ამ ხედვას მოერგო დიდ წილად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პირველი ბიუჯეტიც, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის გავრცელების კუთხით საგარეო დახმარების ბიუჯეტი არსებითად შეიკვეცა. სხვათა შორის, თვალსაჩინოა, რომ საქართველოს პრემიერის ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან შეხვედრის ამსახველ არც ერთ ინფორმაციაში "დემოკრატია" არც ერთ კონტექსტში არ არის ნახსენები.

თუმცა, კისინჯერის თანხვედრა და გავლენა ტრამპზე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. დიდი ალბათობით, ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებაში ჩინეთისა და რუსეთის მიმართულებით, რის გამოც, მსოფლიოს წინ ბევრი სიურპრიზი ელოდება, მით უფრო, ტრამპის ეგზოტიკური ნატურის გათვალისწინებით.

ჩვენთვის კი უმნიშვნელოვანესია ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: როგორ შეეთავსება აშშ-რუსეთის ურთიერთობის ახალი კურსი, ამერიკა-საქართველოს ერთობლივ ამბიციურ გეგმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს საქართველოს სტაბილურ განვითარებას უახლოეს მომავალში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს