ახალი მსოფლიო იმპერია და საქართველო
ახალი მსოფლიო იმპერია და საქართველო
მსოფლიო ახალი იმპერიის ფორმირებას შეჰყურებს: 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის მიერ გაცხადებული ახალი ინიციატივა - "ერთი გზა-ერთი სარტყელი", რომელიც ძველი "აბრეშუმის გზის" თანამედროვე და გაცილებით მასშტაბურ სახეცვლილებას წარმოადგენს, ჩინეთის გლობალურ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ გავლენას უზრუნველჰყოფს. იმავე წელს დაანონსდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთი აპირებს განახორციელოს 5 ტრილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები სამხრეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ევროპის 60-ზე მეტ ქვეყანაში.

მარტო უკვე დაწყებული და დაანონსებული პროექტების ჩ
ამონათვალი შეგვიქმნის წარმოდგენას ამ პროექტის მასშტაბებზე. ჩინეთი გავლენას აშშ-ს მის უშუალო სამეზობლოში ეცილება: სი ცზინპინმა ვალდებულება აიღო მომავალი 10 წლის განმავლობაში 250 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს სამხრეთ ამერიკაში, მათ შორის, ააგოს 5300 კილომეტრიანი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი რიო დე ჟანეიროდან, ამაზონის ტროპიკული ტყეების გავლით, პერუს სანაპირომდე. ასევე, ჩინეთს აქვს
ამბიცია გაჭრას ახალი, 50 მილიარდად ღირებული, სტრატეგიული მნიშვნელობის არხი ნიკარაგუას გავლით, რომელიც კონკურენციას გაუწევს პანამის არხს და აშშ-ის გავლენას ამ რეგიონზე მნიშვნელოვნად შეამცირებს.

არანაკლებ მასშტაბურია ჩინეთის გეგმები აფრიკის მიმართულებით: ის დაეხმარება აფრიკის კავშირს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების და აეროპორტების მშენებლობაში, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებს აფრიკის 54 ქვეყანას. უკვე დაგებულია 2200 კილომეტრზე მეტი სარკინიგზო და დაახლოებით 3300 კილომეტრი საავტომობილო მაგისტრალი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰიდროელექტროსადგურების, საავადმყოფოების და პორტების მშენებლობაზე.

ჩინეთი აპირებს ახალი, ჩქაროსნული პეკინი-მოსკოვის რკინიგზის აგებას, რომელიც ამ დედაქალაქებს შორის მანძილს 2 დღემდე შეამცირებს, თუმცა ის მნიშვნელოვნად ავიწროვებს რუსეთის გავლენებს. ჯერ კიდევ 2013 წელს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს: თურქმენეთს, ყირგიზეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის ვაჭრობამ 50 მილიარდი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა, რუსეთის, რომელიც ორი საუკუნის მანძილზე დომინირებდა ამ რეგიონში, სავაჭრო ბრუნვამ ამავე ქვეყნებთან მხოლოდ 30 მილიარდი შეადგინა. ყაზახეთის ნავთობპროდუქციის დაახლოებით მეოთხედი დღეს ჩინურ კომპანიებს ეკუთვნით. ჩინეთმა ააშენა ნავთობსადენი ყაზახეთიდან და გაზსადენი თურქმენეთიდან, რაც მის დამოკიდებულებას რუსეთზე მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ გაზსადენზე მოდის თურქმენეთის გაზის ექსპორტის თითქმის ნახევარი, თუმცა ჩინეთი გაზს საზღვარზე წარმოუდგენლად დაბალ ფასად - 120 დოლარად ყიდულობს.

უაღრესად შთამბეჭდავია ჩინეთის ეკონომიკური და ინფრასტურქტურული "ექპსანსიის" ევროპული მიმართულება. პეკინი უკვე შეუდგა 13000 კილომეტრიანი სატვირთო-სარკინიგზო გზის მშენებლობას ჩინეთიდან მადრიდამდე. ასევე, ის აფინანსებს 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩქაროსნულ სარკინიგზო მაგისტრალს ბელგრადიდან ბუდაპეშტამდე. ჩინეთი ცდილობს სარკინიგზო გზით დაუკავშირდეს აგრეთვე, პოლონეთს, გერმანიას და საფრანგეთს. ჩინეთის სარკინიგზო, საავტომობილო და ენერგეტიკული მაგისტრალები მიაღწევს, ბელგიამდეც.

რაც შეეხება საზღვაო აბრეშუმის გზას, ჩინური ტვირთები შევა საბერძნეთის პორტებში, საიდანაც სარკინიგზო გზით გადაიზიდება ბალკანეთის მიმართულებით. ჩინელები დაინტერესებულნი არიან ჰოლანდიის, ხორვატიის, იტალიის, ესპანეთისა და ლატვიის საზღავო პორტებითაც.

ევროპელების დამოკიდებულება ჩინეთის ამ გლობალური პროექტის მიმართ სკეპტიციზმის, შიშისა და იმედის ნაზავია.
მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთს გაუჭირდება ამ პროექტის სრული მასშტაბით რეალიზაცია; მეორენი - იმედის თვალით უყურებენ ჩინურ ინვესტიციებს; უმეტესობა კი შეშფოთებულია ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ასეთი სწრაფი ზრდით აშშ-ის გავლენის შემცირების ფონზე.

ჩვენი უახლოესი მეზობლებისთვის - აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის ჩინეთის ამ პროექტში ჩართვა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. აზერბაიჯანი აქტიურად ლობირებს ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორს, რომელიც ირანს დააკავშირებს რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით. აზერბაიჯანისთვის, რომელიც ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, უმძიმეს ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, დამატებითი სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციის შეძენა, იმედოვნებენ, რომ ერთგვარი მაშველი რგოლის ფუნქციას შეასრულებს.

სომხეთი ცდილობს გახსნას სპარსეთის ყურე-შავი ზღვის კორიდორი სომხეთისა და საქართველოს გავლით და ამ მიზნით მნიშვნელოვან პროექტს ლობირებს: 2012 წლიდან სომხეთმა დაიწყო ირანისა და საქართველოს დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. პროექტის მიზანია ირანის პორტებიდან მოზიდული ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს შავი ზღვის პორტებამდე სომხეთის გავლით.

თუმცა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩინეთთან ურთიერთობაში ყველაზე წინ - საქართველოა.
2 წლის წინ საქართველოში უკვე შემოვიდა პირველი მატარებელი ჩინეთიდან. სულ ახლახანს ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩინეთსა და საქართველოს შორის, რომელიც გზას უხსნის საქართველოსკენ დიდი ოდენობით ჩინურ ინვესტიციებს, რომლის მეშვეობითაც წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გავა. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, "ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი და ანაკლიის ნავსადგური".
საქართველოს გავლით "აბრეშუმის გზის" სატრანსპორტო კორიდორის აღორძინება, რომლის გავლითაც ტვირთები ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით, გადაიზიდება; ისევე როგორც ჩინური ინვესტიციები - საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონომიკური აღმავლობის წინაპირობაა.

ჩინეთს სტაბილური საქართველო სჭირდება და რაც უფრო მეტი დიდი ქვეყანა დაინტერესდება საქართველოს სტაბილურობით, მით მეტი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია.

ამერიკისა და ევროპის ინტერესზე მეტად, დღეს რუსეთი იძულებულია ჩინეთის ინტერესი გაითვალისწინოს. ამიტომაც ითმენს ის ჩინეთის გავლენის გაფართოებას ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ასე რომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-სა და ევროპის პარალელურად, ჩინეთის მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ, ის რესურსია საქართველოს ხელში, რომელიც, გონივრული გამოყენების შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვან ბერკეტად იქცევა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

jora
01 ივნისი 2017 00:10
პირველ რიგში უნდა ვიფიქროდ როგორ გავაუმჯობესოდ ქართველების საარსებო გარემო რათა დემოგრაფიული პრობლემები აღმოიფხვრას ...მარტო ქვეყანაში სასტუმროები შენდება და გვიხარია ეს არაა წინსვლა
mamuka
31 მაისი 2017 22:30
შოკის მომგვრელი მაშტაბებია.და ამის შემდეგ ვინმე ფიქრობს,რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა სურს?
chanchura
31 მაისი 2017 18:38
am dros gamoegvizat chinelebs da brinjis wama gaagrzeles

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები